შინაარსზე გადასვლა

ვლადიმერ ლენინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლენინი, ვლადიმირ)
ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვი „ლენინი“
რუს. Владимир Ильич Ленин
დაბადების თარიღი 22 აპრილი, 1870
დაბადების ადგილი სიმბირსკი (ახლანდელი ულიანოვსკი)
გარდაცვალების თარიღი 21 იანვარი, 1924 (53 წლის)
გარდაცვალების ადგილი დაბა გორკი (ახლანდელი ლენინსკიე-გორკი), მოსკოვის ოლქი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
განათლება სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება რუსი
რელიგია ათეისტი
პარტია რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (1898–1912)
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია (1912–1924)
მამა ილია ულიანოვი
დედა მარია ბლანკი
მეუღლე/ები ნადეჟდა კრუპსკაია (1898―1924)
ჯილდოები Work order of Corasmia და honorary citizen of Kazan

ვლადიმერ ილიას ძე ლენინი (ნამდვილი გვარი ულიანოვი; რუს. Владимир Ильич Ульянов, „Ленин“; დ. 22 აპრილი [ძვ. სტ. 10 აპრილი], 1870, სიმბირსკი, ახლანდელი ულიანოვსკი ― გ. 21 იანვარი, 1924, დაბა გორკი, ახლანდელი ლენინსკიე გორკი, მოსკოვის ოლქი) — პოლიტიკოსი, მარქსიზმის თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელი, 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი.

ვლადიმერ ილია ძე მამა, ი. ულიანოვი, ყაზანის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად საშუალო სასწავლებლებში, სიმბირსკის გუბერნიაში სახალხო სასწავლებლების ინსპექტორად, შემდეგ დირექტორად.

დედა, მ. ულიანოვა (ქალიშვილობაში ბლანკი), ექიმის ოჯახში გაიზარდა, ოჯახში მიიღო განათლება, იცოდა რამდენიმე უცხო ენა. მოგვიანებით ექსტერნად ჩააბარა გამოცდები მასწავლებლის წოდების მისაღებად, მაგრამ სკოლაში არ უმუშავია — ძირითად დროს მრავალშვილიან ოჯახს უთმობდა.

უფროსი ძმა, ა. ულიანოვი, მეფე ალექსანდრე III-ზე თავდასხმის მომზადებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და 1887 წლის მარტში სიკვდილით დასაჯეს. დები ა. ულიანოვა-ელიზაროვა, მ. ულიანოვა და უმცროსი ძმა დ. ულიანოვი კომპარტიის აქტიური მოღვაწეები იყვნენ.

ვლადიმერ ულიანოვი 1887

1879—1887 წლებში ვლადიმერ ილია ძე სიმბირსკის გიმნაზიაში სწავლობდა. იგი ჭაბუკობიდანვე გაიტაცა რუსეთის მოწინავე მხატვრულმა რევოლუციურ-დემოკრატიულმა ლიტერატურამ. მან შეისისხლხორცა ბ. ბელინსკის, ა. გერცენის, ნ. დობროლიუბოვის, დ. პისარევის და განსაკუთრებით ნ. ჩერნიშევსკის ნაწარმოებთა დემოკრატიული სულისკვეთება. ამ ნიადაგზე ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ლენინის ხასიათი და რევოლუციური შეხედულებანი. უფროსი ძმის — ა. ულიანოვის გავლენით ლენინი პირველად ეზიარა მარქსისტულ ლიტერატურას. გიმნაზიის ოქროს მედლით დამთავრების შემდეგ ლენინი 1887 წლის აგვისტოში ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა და მაშინვე დაუკავშირდა რევოლუციურად განწყობილ სტუდენტებს. 1887 წლის დეკემბერში სტუდენტთა შეკრებაში აქტიური მონაწილეობისათვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს და დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ სოფ.კოკუშკინოში (ყაზანის გუბერნია) გაასახლეს. ასე მიიღო 17 წლის ლენინმა პირველი რევოლუციური ნათლობა. ამის შემდეგ მან მთელი თავისი ცხოვრება მოახმარა ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, მშრომელთა განთავისუფლების საქმეს. 1888 წლის ოქტომბერში ლენინი ყაზანში დაბრუნდა. აქ იგი შევიდა ნ. ფედოსეევის მიერ დაარსებულ მარქსისტულ წრეში, სადაც სწავლობდნენ კ. მარქსისა და ფ. ენგელსის ნაწარმოებებს, კამათობდნენ გ. პლეხანოვის ნაშრომებზე. ლენინი მტკიცე მარქსისტი გახდა.

მარქსისტული მოძრაობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1889 წლის 3 მაისს ლენინი ოჯახთან ერთად სამარის გუბერნიაში გადავიდა. 1891 წელს ლენინმა ექსტერნად ჩააბარა სახელმნწიფო გამოცდები პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და I ხარისხის დიპლომი მიიღო. 1892 წლის იანვარში ლენინმა ნაფიცი ვექილის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა სამარის საოლქო სასამართლოში. ლენინი უმთავრესად ღარიბ გლეხებისა და ხელოსნებს იცავდა. სამარაში მან შექმნა პირველი მარქსისტული წრე. აქვე პირველად გამოვიდა საჯაროდ ხალხოსნების წინააღმდეგ, გერმანულიდან რუსულ ენაზე თარგმნა კ. მარქსისა და ფ. ენგელსის „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“. ამავე პერიოდს განეკუთვნება მისი ერთ-ერთი პირველი ნაშრომი „ახალი სამეურნეო მოძრაობანი გლეხთა ცხოვრებაში“.

1893 წლის აგვისტოს ბოლოს ლენინი სამარიდან პეტერბურგში გადავიდა და მარქსისტულ წრეში შევიდა. წრის წევრები იყვნენ ს. რადჩენკო, პ. ზაპოროჟეცი, გ. კრჟიჟანოვსკი და სხვები. ლენინმა კავშირი დაამყარა აგრეთვე მოწინავე მუშებთან (ვ. შელგუნოვი, ი. ბაბუშკინი, ვ. კნიაზევი, ნ. მერკულოვი და სხვები). ლენინმა პირველმა დასახა მუშათა წრეებში მარქსიზმის გავრცელებიდან ფართო მასებში რევოლუციის აგიტაციაზე გადასვლის ამოცანა.

1894 წელს ლენინმა დაწერა „რანი არიან „ხალხის მეგობრები“ და როგორ ომობენ ისინი სოციალ-დემოკრატების წინააღნდეგ?“, ხოლო იმავე წლის დამლევს და 1895 დამდეგს — „ნაროდნიკობის ეკონომიური შინაარსი და მისი კრიტიკა ბატონ სტრუვეს წიგნში (მარქსიზმის ასახვა ბურჟუაზიულ ლიტერატურაში)“. ლენინმა ამ ნაშრომებში ამხილა ნაროდნიკების სუბიექტივიზმი და „ლეგალური მარქსისტების“ ობიექტივიზმი, განავითარა რევოლუციაში „მუშათა კლასის ჰეგემონიისა“ და მუშათა და გლეხთა კავშირის იდეა, დაასაბუთა რუსეთში ახალი ტიპის პროლეტარული პარტიის შექმნის აუცილებლობა.

1895 აპრილში ლენინი საზღვარგარეთ გაემგზავრა, რათა კავშირი დაემყარებინა „შრომის განთავისუფლების“ ჯგუფთან და გასცნობოდა დასავლეთ ევროპის მუშათა მოძრაობას. შვეიცარიაში ლენინი პირველად შეხვდა გ. პლეხანოვს და მისი ჯგუფის წევრებს. ისინი შეთანხმდნენ გამოეცათ კრებული სახელწოდებით „რაბოტნიკი“. შვეიცარიიდან ლენინი გაემგზავრა პარიზში, შემდეგ ბერლინში. საფრანგეთში გაიცნო პ. ლაფარგი, გერმანიაში — ვ. ლიბკნეხტი და სხვა. 1895 წლის 7 სექტემბერს ლენინი რუსეთში დაბრუნდა. პეტერბურგში ჩასვლამდე ლენინი იყო ვილნოში, მოსკოვსა და ორეხოვოზუევოში, სადაც კავშირი დაამყარა ადგილობრივ სოციალ-დემოკრატებთან. 1895 შემოდგომაზე ლენინმა პეტერბურგის ყველა მარქსისტული მუშათა წრე გააერთიანა ერთ ორგანიზაციად, რომელსაც პეტერგურგის "მუშათა კლასის განთავისუფლებისათვის ბრძოლის კავშირი" ეწოდა. ორგანიზაციაში შედიოდნენ ა. ვანეევი, გ. კრეჟინოვსკი, ნ. კრუპსკაია, ლ. მარტოვი, ა. პოტრესოვი, ს. რადჩენკო და სხვა.

მეფის მთავრობას არ გამოპარვია „ბრძოლის კავშირის“ საქმიანობა. 1895 წლის 8(20) დეკემბრის ღამეს დააპატიმრეს ლენინი და მისი თანამებრძოლების მნიშვნელოვანი ნაწილი. ლენინს არც ციხეში შეუწყვეტია რევოლუციური მუშაობა. მან საპატიმროში დაწერა „სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პროექტი და განმარტება“, ბროშურა „გაფიცვების შესახებ“ და დაიწყო მუშაობა წიგნზე „კაპიტალიზმის განვითარება რუსეთში“. 1897 თებერვალს ლენინი 3 წლით გადაასახლეს ციმბირში ენისეის გუბერნიის მინუსინსკის ოკრუგის სოფ.შუშენსკოეში. ციმბირში გადაასახლეს აგრეთვე ნ. კრუპსკაია და როგორც ლენინის საცოლეს, ნება დართეს სასჯელი შუშენსკოეში მოეხადა. აქ ისინი დაქორწინდნენ.

ლენინმა გადასახლებაში 30-ზე მეტი შრომა დაწერა, მ. შ. წიგნი „კაპიტალიზმის განვითარება რუსეთში“. 1898 მარტში მინსკში შედგა რსდმპ I ყრილობა, რომელმაც გამოაცხადა სოციალ-დემოკრატიული პარტიის შექმნა რუსეთში და მიიღო „რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მანიფესტი“.

ლენინის ხელმოწერა

1900 29 იანვარს(10თებერვალი) ლენინს გადასახლების ვადა დაუმთავრდა. 1900 წელი ლენინმა მოანდომა დაძაბულ მუშაობას საერთო-რუსული გაზეთის შესაქმნელად. ამ მიზნით არალეგალურად მოიარა მან რუსეთის სხვადასხვა ქალაქები და ივლისში იგი საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც გადაწყვიტა გაზეთ „ისკრის“ გამოცემა. 1901 წლის დეკემბერში „ისკრაში“ დაბეჭდილ თავის ერთ-ერთ სტატიას მან პირველად მოაწერა ფსევდონიმით ლენინი.

ახალი ტიპის პარტიის შექმნისათვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლენინის ნაშრომს „რა ვაკეთოთ?“, რომელიც 1902 წლის მარტში გამოვიდა. 1903 შედგა რსდმპ II ყრილობა. მან შექმნა ახალი ტიპის მარქსისტული პარტია. „ბოლშევიზმი, როგორც პოლიტიკური აზროვნების მიმდინარეობა და როგორც პოლიტიკური პარტია, 1903 წლიდან არსებობს“.

1905—1907 რევოლუციის პერიოდში ბოლშევიკების პარტია ლენინის ხელმძღვანელობით იბრძოდა მასებზე გავლენის მოსაპოვებლად.

1906 წლის ზაფხულში კონსპირაციული მოსაზრებით ლენინი კუოკალაში (ფინეთი) გადავიდა და აგარაკ „ვაზაში“ დაბინავდა, რომელიც იმხანად პარტიული მუშაობის ნამდვილ ცენტრად იქცა. რევოლუციის დამარცხების გამო პარტია იძულებული იზო არალეგალურად ემუშავა. 1907 დეკემბერში ლენინი კვლავ ემიგრაციაში წავიდა შვეიცარიაში, 1908 წლის დამლევს — საფრანგეთში (პარიზი).

1910 ბოლოს რუსეთში დაიწყო რევოლუციური მოძრაობის ახალი აღმავლობა. იმავე წელს ლენინის ინიციატივით გამოვიდა ყოველკვირეული გაზეთი „ზვეზდა“, 1912 წლის 22 აპრილს (5 მაისი) კი ყოველდღიური გაზეთი „პრავდა“. 1912 იანვარში ლენინის ხელმძღვანელობით შედგა რსდმპ სრულიად VI (პრაღის) კონფერენცია, რომელმაც პარტიიდან გარიცხა მენშევიკ-ლიკვიდატორები და დასახა მორიგი ამოცანები რევოლუციის აღმავლობის პირობებში.

იდეოლოგიური წვლილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ ლენინი მარქსიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეორეტიკოსია. მის ნაშრომებში დიდი ადგილი ეთმობა კაპიტალისტური სისტემის შინაგანი წინააღმდეგობების ანალიზს იმ ისტორიული პერიოდში როცა ლენინი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. მან განავითარა „იმპერიალიზმის, როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი სტადიის“ თეორია, განსაკუთრებული სიმწვავით წარმოაჩინა კაპიტალისტების გლობალური პოლიტიკა, რომელიც ძირითადა მოგებაზე იყო ორიენტირებული. არსებული სისტემის რღვევისათვის ლენინმა მართებულად მიიჩნია რუსეთში მეფის ხელისუფლების დამხობა და რუსეთის პირველი მსოფლიო ომიდან გამოყვანა, რათა ქვეყანა საბოლოოდ გათავისუფლებულიყო დასავლური კაპიტალის მონობისგან. მისი აზრით, რადიკალური ცვლილებები სხვა ქვეყნებსაც უნდა შეხებოდა, რასაც საბოლოო ჯამში კაპიტალიზმის კრახი უნდა მოჰყოლოდა.

აღსანიშნავია ლენინის როლი მარქსისტული ფილოსოფიის განვითარებაში. მისი ძირითადი ფილოსოფიური ნაშრომია „მატერიალიზმი და ემპირიოკრიტიციზმი“, სადაც განხილულია მარქსიზმის ფილოსოფიური საფუძვლები და გაკრიტიკებულია სხვა ფილოსოფიური სკოლების თეორიები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლენინის მიერ მარქსისტული დიალექტიკის დალაგება და მისი როგორც შემეცნების მეთოდად წარმოჩენა. დიალექტიკური მატერიალიზმი საბჭოთა კავშირის ოფიციალური ფილოსოფია გახდა და დასავლურ სამყაროსთან იდეოლოგიური ბრძოლის იარაღად იქცა

საბჭოთა კავშირის პირველი მეთაური, ვლადიმერ ლენინი, კარლ მარქსის მიმდევარი იყო, რომელიც ქრისტიანობას ჩაგვრის იარაღად აღწერდა. რელიგიას მარქსი „ხალხის ოპიუმს“ უწოდებდა, ლენინმა კი მოგვიანებით განაცხადა: „ყოველი რელიგიური იდეა, ყოველი იდეა ყოველგვარ ღმერთუკას შესახებ, . . . ყოვლად წარმოუდგენელი სიბილწეა“.

აღსანიშნავია, რომ რევოლუციამდე რამდენიმე წლით ადრე საბჭოთა კავშირის პირველმა ლიდერმა ვლადიმერ ლენინმა განაცხადა: „ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფლება, იწამოს არა მარტო ის, რაც უნდა, არამედ გაავრცელოს ან შეიცვალოს კიდეც აღმსარებლობა. მთავრობის არც ერთ მოხელეს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ადამიანს კითხვები დაუსვას მისი რელიგიის შესახებ; ეს თითოეული ადამიანის სინდისის საკითხია და არავის არ აქვს ჩარევის უფლება“.

  • ვლადიმერ ილიას ძე ლენინი, ბიოგრაფია, თბ., 1970;
  • ვ.ი. ლენინი, მოკლე ბიოგრაფიული ნარკვევი, თბ., 1977
  • ვ.ი. ლენინი იდეოლოგიის შესახებ, თბ., 1965
  • გოგიბერიძე მ., ლენინი, როგორც ფილოსოფოსი, ტფ., 1930
  • ესაიაშვილი ვ., ვ.ი. ლენინი და საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციები (1895-1924), თბ., 1959
  • ქობალია ი., ქსე, ტ. 6, გვ. 178-184, თბ., 1983

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]