შინაარსზე გადასვლა

მეცნიერება

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მეცნიერი)
ტერმინს „მეცნიერება“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მეცნიერება (გამომცემლობა).

მეცნიერება — ადამიანის საქმიანობის სფერო, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია. მეცნიერული ცოდნის დაგროვება ხდება ბუნების, საზოგადოების ან სხვა ობიექტის სამეცნიერო მეთოდის საშუალებით შესწავლის შედეგად. ამავე დროს მეცნიერება საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ–ერთი ფორმას წარმოადგენს (სამყაროს მეცნიერული სურათი).

მეცნიერებათა კლასიფიკაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ატომის ბორის მოდელი, მეცნიერების ისტორიაში მრავალ იდეათა მსგავსად გამოყვანილ იქნა, მოგვიანებით კი ნაწილობრივ უკუგდებული ექსპერიმენტების მეშვეობით.

მეცნიერებათა კლასიფიკაციას მიეძღვნა უამრავი გამოკვლევა და ნაშრომი, მაგრამ ამ თემაზე რაიმე საერთო თვალთახედვა არ არსებობს. კლასიფიკაციის კრიტერიუმის შესაბამისად, შესაძლებელია ესა თუ ის მეცნიერება განხილულ იქნეს როგორც ცოდნის განცალკევებული სფერო ან როგორც სხვა მეცნიერების დარგი, შტო. უკანასკნელ ათწლეულებში მრავალი ახალი დარგი ჩამოყალიბდა მეცნიერებათა მიჯნაზე, როგორებიცაა მაგალითად: მათემატიკური ლინგვისტიკა, სოფლის მეურნეობის გეოგრაფია, ბიოქიმია, გეოფიზიკა და ა.შ., რომელთა ადგილის განსაზღვრა მეცნიერებათა სისტემაში არ არის ერთმნიშვნელოვანი პრობლემა.

ყველაზე ხშირად მეცნიერებათა სისტემას შემდეგ ჯგუფებად ჰყოფენ:

  1. ფორმალური მეცნიერებები
  2. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  3. საზოგადოებრივი მეცნიერებები
  4. კულტურული მეცნიერებები
  5. გამოყენებითი მეცნიერებები
  6. მეცნიერებათაშორისი დისციპლინები

მეცნიერების ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერება ანტიკურ ხანაში წარმოიშვა საზოგადოების პრაქტიკული მოთხოვნილებების გამო, მაგრამ ჩამოყალიბდა XVI-XVII საუკუნეებში. ამ დროიდან სამეცნიერო საქმიანობის (აღმოჩენების, სამეცნიერო ინფორმაციის, მეცნიერთა რიცხოვნობის) მოცულობა ყოველ 10-15 წელში ორმაგდებოდა. მეცნიერების განვითარების პროცესში ერთმანეთს ენაცვლებოდა ექსტენსიური და რევოლუციური პერიოდები. სამეცნიერო–ტექნიკური რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა ერთიანი სისტემა „მეცნიერება – ტექნიკა – წარმოება“, რომელშიც წამყვანი როლი მეცნიერებას ეკუთვნის. ისტორიული განვითარების პროცესში მეცნიერება მნიშვნელოვანი სოციალური ინსტიტუტი გახდა და დიდი გავლენა მოიპოვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. მეცნიერება მჭიდროდაა დაკავშირებული ფილოსოფიასთან, იდეოლოგიასთან და პოლიტიკასთან, რაც განსაზღვრავს მის საზოგადოებრივ როლს.

მეცნიერებათა სახელწოდებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო დისციპლინათა სახელდებისათვის გამოიყენება ტერმინები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ბერძნული წარმოშობისაა. ამ ტერმინების ფორმანტებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება –ია, –იკა, აგრეთვე:

  • -გრაფია – „grapho“ - ვწერ, აღვწერ;
  • -იატრია – „iatreou“ - ვმკურნალობ;
  • -ლოგია – „logos“ - სწავლება, მეცნიერება;
  • -მეტრია – „metreo“ - ვზომავ;
  • -ნომია – „nomos - კანონი;
  • -პედია – „paideia“ - აღზრდა;
  • -სკოპია – „skopeo“ - ვუყურებ;

სამეცნიერო დაწესებულებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო დაწესებულება არის მეცნიერთა და სხვა პირთა გაერთიანება, რომლებიც სამეცნიერო კვლევებს აწარმოებენ. იგი უძველეს ხანაში წარმოიშვა, ხოლო XV-XVI საუკუნეებიდან მეცნიერთა პროფესიული გაერთიანების სახე მიიღო (ხშირად მათ აკადემიებს უწოდებდნენ). XVI საუკუნეში გამოჩნდა სპეციალიზებული სამეცნიერო დაწესებულებები: გეოგრაფთა, მედიკოსთა და სხვა.