შინაარსზე გადასვლა

ბერძენ-სპარსელთა ომები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერძენ-სპარსელთა ომები

ბერძენი ჰოპლიტისა და სპარსელი ქვეითის ბრძოლა, ძვ. წ. V საუკუნე
თარიღი ძვ. წ. 500–449
მდებარეობა საბერძნეთი, თრაკია, მცირე აზია, კვიპროსი და ეგვიპტე
შედეგი ბერძნების გამარჯევება
ტერიტორიული
ცვლილებები
თრაკია და მცირე აზია განთავისუფლდა სპარსეთისგან
მხარეები
ბერძნული ქალაქსახელმწიფოები, ათენისა და სპარტას მეთაურობით აქემენიდური სპარსეთის იმპერია
მეთაურები
მილტიადესი,
თემისტოკლე,
ლეონიდასი †,
პავსანია,
კიმონი †,
პერიკლე
დარიოს I,
მარდონიოსი †,
დატისი ,
არტაფერნესი,
ქსერქსე I,
არტაბაზუსი,
ჰიდარნესი
ბერძენ-სპარსელთა ომები ვიკისაწყობში

ბერძენ-სპარსელთა ომები (აგრეთვე ცნობილი როგორც სპარსული ომები) — ომების სერია საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოებსა და სპარსეთის იმპერიას შორის. ომი დაიწყო ძვ. წ. 500 წელს და 51 წლის შემდეგ ძვ. წ. 449 წელს დასრულდა ბერძნების თავდაცვითი წარმატებით. კონფლიქტი დაიწყო იონიელების აჯანყებით, თუმცა ის მალევე ძვ. წ. 493 წელს სპარსელებმა ჩაახშეს. ამას მოჰყვა დარიოს I-ის შეჭრა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რომელიც მარათონის ველზე ათენელების მიერ მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვებით დაგვირგვინდა. დარიოსის სიკვდილის შემდეგ საბერძნეთში შეიჭრა სპარსული არმია მისი შვილის, ქსერქსე I-ის მეთაურობით. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ლეგენდარული თერმოპილეს ბრძოლა ქსერქსესა და სპარტის მეფე ლეონიდასს შორის, რომელიც ოკუპანტების გამარჯვებით დამთავრდა. ამის მიუხედავად არც მეორე ლაშქრობის დასასრული გამოდგა სპარსელებისთვის მომგებიანი. კამპანიის ბედი სალამინის საზღვაო ბრძოლაში ათენელებისა და სპარტელების კოალიციის გამარჯვებამ გადაწყვიტა. გამარჯვების შემდეგ ძვ. წ. 479-478 წლებში ბერძნებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და სპარსელების მიერ დაპყრობილი ტერიტორიები გაათავისუფლეს. შემდეგ კი ძვ. წ. 477-449 წლებში მიმდინარე ათენელების პირველი საზღვაო ალიანსის მიერ წარმოებული ომის შედეგად მოწინააღმდეგეს თრაკია და მცირე აზიაც გამოსტაცეს.

ომების შედეგად სპარსელების მრავალ ცდას აეღო ბალკანეთი, წერტილი დაესვა. ბერძნული ცივილიზაციის კულტურულმა განვითარებამ პიკს მიაღწია, თუმცა მალევე ამ პერიოდში დაწინაურებულ ათენსა და სპარტას შორის დაიწყო ომი, რომელიც პელოპონესის ომის სახელითაა ცნობილი.

ბერძენ-სპარსელთა ომის შესახებ შემორჩენილი ყველა პირველადი წყარო ბერძნულია, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ძვ. წ. V საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი, "ისტორიის მამად" წოდებული, ჰეროდოტე და მისი 9 წიგნისგან შემდგარი ნაშრომი „ისტორია“.

ჰეროდოტე დაიბადა ძვ. წ. 484 წელს ქალაქ ჰალიკარნასში. ეს ბერძნული ახალშენი მცირე აზიის სანაპიროზე მდებარეობდა და აქემენიანთა იმპერიის მორჩილ კარიელ მთავრებს ექვემდებარებოდა. ჰეროდოტე ეკუთვნოდა წარჩინებულთა გვარს, ახალგაზრდობაში მონაწილეობდა თავისი ქალაქის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც ღრმა შინაური ბრძოლით ყოფილა მოცული, რის შედეგადაც იქ ტირანია დამყარებულა. ტირანიასთან ბრძოლის ნიადაგზე ჰეროდოტე იძულებული გამხდარა კუნძულ სამოსზე გადასახლებულიყო. შემდგომში იგი დაბრუნებულა სამშობლოში და მონაწილეობა მიუღია ტირანიის დამხობაში, მაგრამ მის გარშემო ისეთი პირობები წარმოქმნილა, რომ მას სამუდამოდ მოუწია ჰალიკარნასის დატოვება.

ჰეროდოტეს დაუწყია მოგზაურობა საბერძნეთისა და აქემენიანთა იმპერიის მხარეებში, მას მრავლად შეუგროვებია სხვადასხვა ხალხთა ზნე-ჩვეულებანი, ისტორიული და ეთნოგრაფიული ცნობები. ჰეროდოტე თავის მეორე სამშობლოდ ათენს მიიჩნევდა, ათელებთან კომუნიკაციისა და მათთან დაახლოების შემდეგ გასჩენია აზრი აღეწერა ომი სპარსელბთან და განსაკუთრებით გაესვა ხაზი ათენელების დამსახურებისთვის ბერძნული სამყაროს საშინელი განსაცდელისგან განთავისუფლების საქმეში.

ჰეროდოტეს ნაშრომი „ისტორია“, გადმოცემული ცნობებისა და ამბების მიხედვით, შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ: პირველი - გვამცნობს ბერძენ-სპარსელთა ომის წინაისტორიას და მრავლად შეიცავს ეთნოგრაფიულ და ფოლკლორულ მასალასაც. მეორე - უფრო მწყობრად გადმოგვცემს ბერძენ-სპარსელთა ომის ისტორიას იონიის აჯანყებიდან პლატეის ბრძოლამდე.

კონფლიქტის წარმოშობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. VI საუკუნეში წარმოიშვა ძველი აღმოსავლეთის უკანასკნელი და უდიდესი მონარქია. მისი ფუძემდებელი გახდა მიდიის მეფის ასტიაგეს შვილიშვილი, პროვინცია სპარსეთის ბელადის შთამომავალი, კიროს II დიდი. მან დროის მცირე მონაკვეთში მოახერხა მრავალი ქვეყნის დამორჩილება ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთამდე. კიროსმა სპარსეთის შემადგენლობაში მოაქცია უძლიერესი სახელმწიფოები: მიდია და ბაბილონი. სპარსეთის აგრესიას წინ აღუდგა მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ლიდიის სამეფო და მისი მეფე კრეზი. დიდი ძალისხმევის მიუხედავად ლიდიელები დამარცხდნენ სპარსელებთან ბრძოლაში, კიროსმა აიღო ლიდიის დედაქალაქი სარდისი, დამარცხებული მეფე კრეზი კი ტყვედ ჩავარდა.

ლიდიის სამეფოს შემადგენლობაში მოქცეული იონიის ბერძნული პოლისები სპარსელების პირისპირ აღმოჩნდნენ. ისინი უბრძოლველად არ დანებდნენ მტერს და სცადეს წინააღმდეგობის გაწევა . ამ მიზნით დახმარება სთხოვეს სპარტას, მაგრამ სპარტელები მოერიდნენ სპარსეთთან კონფლიქტს. ამავე დროს მცირე აზიელმა ბერძნებმაც გაერთიანება ვერ შეძლეს და თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად, იონიელები სპარსეთის შემადგენლობაში შევიდნენ. იონია აქემენიანთა იმპერიის ნაწილი გახდა. კიროს II დიდის მიერ დაწყებული დაპყრობითი ომები გააგრძელეს აქემენიანთა სახელმწიფოს შემდგომმა მმართველებმა კამბისე II-მ და დარიოს I-მა.

დარიოს I-ის მმართველობის დროს აქემენიანთა სახელმწიფო დაყოფილი იყო ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულებად — სატრაპიებად, მცირე აზიაში არსებული, სპარსელების მიერ დაპყრობილი ბერძნული პოლისები შედიოდნენ იონიის სატრაპიაში, რომელიც სარდისის სატრაპს ემორჩილებოდა. როგორც ქვეშევრდომები, ბერძნები სპარსეთის სასარგებლოდ იხდიდნენ ხარკს(რაც თავისუფალი მოქალაქის შესახებ ბერძნულ შეხედულებას რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა), ასევე, ევალებოდათ სამხედრო მოვალეობის შესრულება. გარდა ამისა, სპარსელები ხშირად ერეოდნენ ბერძნული პოლისების შინაურ საქმეებში. შექმნილი რთული პირობების გამო მრავალი ბერძენი, ზოგჯერ მთელი ქალაქიც კი, ტოვებდა მცირე აზიის სანაპიროებს და სხვაგან ეძებდა სამშობლოს, მაგალითად, ფოკეას მცხოვრებლებმა, სპარსელებთან შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, მიატოვეს სამშობლო, რომ თავიდან აეცილებინათ "მონობა". მაგრამ მთავარი და ძირითადი ის იყო, რომ სპარსეთის ბატონობის დამკვიდრებამ უდიდესი ზიანი მიაყენა პოლისების ვაჭრობა-წარმოებას. იონიელებიც თავიანთი ეკონომიკის ასეთ შეფერხებასა და შეზღუდვას სპარსელებს მიაწერდნენ და უდიდესი უკმაყოფილებით შესცქეროდნენ მათი უღელის ქვეშ ყოფნას. ასეთ პირობებში იონიაში მზადდებოდა ნიადაგი სპარსელების წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლისთვის.

ბერძენს-სპარსელთა ომის საბაბი გახდა იონიის აჯანყება და ბალკანელი ბერძნების მიერ იონიელებისთვის გაწეული დახმარება.

იონისს აჯანყებამდე, სპარსელების განდევნის მცდელობა თავიანთი სამშობლოდან მცირე აზიაში მდებარე არაერთ ქალაქს ჰქონდა(ბიზანტიონი, ქალკედონი), თითოეული მათგანი წარუმატებლად დასრულდა, მაგრამ ახლა აჯანყებამ გაცილებით ფართო და სერიოზული ხასიათი მიიღო. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა მილეტის ტირანი არისტაგორე. არისტაგორემ ისარგებლა იმ საერთო უკმაყოფილებით, რომელიც იონიელებში არსებობდა სპარსელების ბატონობის წინააღმდეგ, მისმა მოწოდებამ უდიდესი გამოძახილი ჰპოვა იონიელებში, აჯანყება დაიწყო მილეტმა და მალე იგი მთელ სანაპიროს მოედო(ძვ. წ. 500-499 წწ.).

არისტაგორე კარგად გრძნობდა, რომ აჯანყება ძლიერი მოკავშირის გარეშე წარუმატებული იქნებოდა, ამიტომ იგი საკუთრივ საბერძნეთში გაემგზავრა, რომ იქაური პოლისების თანაგრძნობა და დახმარება მოეპოვებინა და ამით უფრო განემტკიცებინა იონიელთა მიერ დაწყებული საქმე. სპარტამ და მისმა მოკავშირეებმა უარყოფითად შეხედეს ამ მოვლენას და უარით გაისტუმრეს არისტაგორე. ელჩობამ უკეთესი შედეგი გამოიღო ათენში, აქ არისტაგორეს თხოვნას თანაგრძნობით შეხვდნენ და მხარდაჭერა აღუთქვეს. საბოლოოდ, საბერძნეთში ელჩობამ მცირე შედეგი გამოიღო, ათენელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აჯანყებული იონილებისთვის დასახმარებლად გაეგზავნათ 20 საბრძოლო ხომალდი — ტრიერი. 5 ტრიერი გამოიყვანა ევბეის ქალაქმა ერეტრიამ. ამით ამოიწურა ბალკანეთის დახმარება მცირეაზიელი თანამოძმეებისადმი. დანარჩენმა ბერძნულმა ქალაქებმა შიშის გამო დახმარება ვერ გაბედეს.

ძვ. წ. 498 წლის გაზაფხულზე მცირე აზიაში გადავიდნენ ათენელები და ერეტრიელები. მოკავშირეების შეერთებით იმედმოცემულმა აჯანყებულებმა საოცრად გაბედული გადაწყვეტილება მიიღეს — შეიჭრნენ მცირე აზიის სიღრმეში, აიღეს ლიდიის სამეფოს ყოფილი დედაქალაქი სარდისი, იმ დროს აქემენიანთა მიერ ამ მხარის სამართავად დანიშნული სატრაპის — არტაფერნეს რეზიდენცია. აჯანყებულებმა გადაწვეს ქალაქი სარდისი, მაგრამ აკროპოლისი სპარსელებმა შეინარჩუნეს ხანძარსა და ნანგრევებში დგომამ აზრი დაკარგა და მოკავშირეებმა უკან დაიხიეს.

აჯანყების ამ პირველ შედეგს მოჰყვა კარიის ლიკიისა და კვიპროსის გადასვლა აჯანყებულთა მხარეზე. მაგრამ ათენში მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა გამოიწვია მისი ფლოტის უკან გაწვევა, რაც დიდი დანაკლისი იყო მოკავშირეებისთვის, იონილეთა ფლოტის საზღვაო ბრძოლაში მიღწეული ცალკეული წარმატებების მიუხედავად, სპარსელებმა კვლავ მოახერხეს კვიპროსის დაპყრობა. ამის შემდგომ, სპარსელებმა შეძლეს ისე გაენაწილებინათ თავიანთი ძალები, რომ იონიელთა ქალაქების მთლიანობა დაერღვიათ და თითოეული მათგანი ცალ-ცალკე დაემარცხებინათ. აჯანყებულებმა კიდევ რამდენიმე წელი შეძლეს სპარსელების წინააღმდეგ გმირული ბრძოლა, მაგრამ მათი მარცხი უკვე გარდაუვალი იყო.

ძვ. წ. 494 წლის გაზაფხულზე სპარსელებმა იერიში მიიტანეს აჯანყების ცენტრ მილეტზე. ქალაქი ალყაში მოექცა როგორც ხმელეთიდან, ისე ზღვიდან. მილეტის მისადგომებთან დამარცხდა იონილეთა ფლოტი. ქალაქმა ხანგრძლივ ალყას ვეღარ გაუძლო და დაეცა. სპარსელები მილეტს უსასტიკესად გაუსწორდნენ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამოჟლიტეს, ნაწილი მდინარე ტიგროსის ნაპირზე, სპარსეთის ყურესთან გადაასახლეს, ქალაქი დაანგრიეს და გაძარცვეს. მილეტის დაცემის შემდეგ იონიის დარჩენილმა ქალაქებმაც შეწყვიტეს წინააღმდეგობა.

ერთი წლის შემდეგ(ძვ. წ. 493 წელს) სპარსელებმა დაიპყრეს დანარჩენილი ქალაქებიც, რომლებიც ჯერ კიდევ განაგრძობდნენ ბრძოლას, სპარსელებმა იონიაში აღადგინეს ძველი წესრიგი. აღნიშნულ დაპირისპირებაში დაიღუპა მრავალი ბერძენი, ბევრი მათგანი ტყვედ ჩავარდა და მონა გახდა, ბერძნების ერთ ნაწილს მოუწია იძულებითი გადასახლებაც, სპარსელებისგან გამოქცეულ ბერძენთა შორის იყო მარათონის ბრძოლის მომავალი გმირი მილტიადე.

სპარსელებთან მომხდარი ამ დაპირისპირებით დამთავრდა ბერძნული სამყაროს ვაჭრობისა და კულტურის ცენტრის — იონიის პირველობა. განცდილმა მარცხმა მცირეაზიური პოლისები იმდენად დააკნინა, რომ მომდევნო ხანებში ადრინდელი სიმაღლეების მიღწევა შეუძლებელი გახდა. იონიის აჯანყების შემდეგ ბერძნული სამყაროს პოლიტიკურ ცხოვრებას სათავეში ჩაუდგა ათენი, რომელმაც, ერთადერთმა ბალკანეთის მხრიდან, დახმარება გაუწია განსაცდელში ჩავარდნილ თანამოძმეებს.

მილეტის დაცემამ საბერძნეთი ღიად დაუპირიპირა აქემენიანთა იმპერიას. განსაკუთრებულმა მღელვარებამ მოიცვა ათენი, რადგან ამ პოლისის მცხოვრებლები გრძნობდნენ, რომ დარიოსი უყურადღებოდ არ დატოვებდა იონიის აჯანყებაში მათ მიერ გაწეულ დახმარებას.

სპარსელების I ლაშქრობა საბერძნეთში (ძვ. წ. 492-490)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაკი სპარსეთმა მცირე აზია კვლავ სრული მორჩილების ქვეშ მოიქცია, დარიოს I-მა ძვ. წ. 492 წელს დიდი ჯარი გაგზავნა უკვე ბალკანეთის ნახევარკულძულზე მცხოვრები ბერძნების წინააღმდეგ, ამ სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობდა თავად სპარსეთის მეფის სიძე მარდონიოსი. ლაშქრობა ითვალისწინებდა ჰელესპონტის გადალახვას და შეტევას თრაკიის ნაპირებიდან, პარალელურად უნდა ემოქმედა სპარსეთის ფლოტს. წარმატება თითქოს გარანტირებული იყო. არმია გადავიდა ევროპაში, ფლოტმა დაიკავა რამდენიმე კუნძული, მაგრამ ქალკიდიკის ნახევარკუნძულთან ძლიერმა ქარიშხალმა იგი მთლიანად გაანადგურა. ჩაიაძირა 300-მდე გემი და დაიღუპა 20 000-ზე მეტი მეომარი. სახმელეთო ლაშქრობასაც მრავალი გაუთვალისწინებელი სირთულე გადაეღობა, სპარსულმა არმიამ სერიოზული დანაკარგები განიცადა წვრილ შეტაკებებში. ფლოტის დაღუპვამ მარდინიოსი აიძულა ლაშქრობის გაგრძელება შეეწყვიტა და აზიაში დაბრუნებულიყო.

პირველ წარუმატებლობას დარიოსის განზრახვაზე გავლენა არ მოუხდენია. მომდევნო წელი (ძვ. წ. 491 წელი) მან საომარ მზადებაში გაატარა. ჰეროდოტეს გადმოცემით, დარიოსმა ვიდრე ჯარებს გაგზავნიდა ბერძნების წინააღმდეგ, განიზრახა ელინების განწყობილების გამორკვევა, ფიქრობდნენ თუ არა ისინი ომის წარმოებას, თუ უბრძოლველად დაემორჩილებოდნენ მას. ამ მიზნით ბერძნულ პოლისებში გააგზავნა ელჩები „მიწისა და წყლის“ კატეგორიული მოთხოვნით. ეგეოსის ზღვის კუნძულებმა და საბერძნეთის ქალაქებმა დარიოსის მუქარა უსიტყვოდ დააკმაყოფილეს. მხოლოდ ათენელებმა და სპარტელებმა განაცხადეს უარი მორჩილებაზე. ამავე დროს მათ არარაობად ჩააგდეს დიპლომატიური ეტიკეტი: ათენში დარიოსის ელჩები კლდიდან გადაჩეხეს, ხოლო სპარტელებმა ჭაში ჩაყარეს, თან სიტყვები დაადევნეს: „მიიღეთ მიწაც და წყალიც“.

ამ ყველაფრის შემდეგ დარიოსი დარწმუნდა, რომ მიუხედავად არსებული სიტუაციისა და ძალებს შორის განსხვავებისა, საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოთა უმეტეს ნაწილს არ სურდა ეღიარებინა მისი ბატონობა და მხოლოდ მცირე ნაწილი დაიჭერდა სპარსეთის მხარეს, ამიტომ დარიოსმა გასცა საბერძნეთზე გალაშქრების ბრძანება. ჯარების მეთაურობა ჩააბარა მიდიელ დატისს და თავის ნათესავ არტაფერნეს. ამ გალაშქრების მიზნი იყო არა მთლიანად საბერძნეთის დაპყრობა, არამედ იმ სახელმწიფოების დასჯა, რომლებმაც დახმარების ხელი გაუწოდეს იონიელ მეამბოხეებს.

ძვ. წ. 490 წელს, ზამთრის დასაწყისში, სპარსელთა ჯარები დაიძრნენ კილიკიიდან, სატრანსპორტო გემებით გადავიდნენ ეგეოსის ზღვაზე და უპირველეს ყოვლისა სასტიკად გაუსწორდნენ ნაქსოსს, რომლის მცხოვრებლებმაც სპარსელებს წინააღმდეგობა გაუწიიეს ჯერ კიდევ ძვ. წ. 500 წელს; შემდეგ კი მიადგნენ ევბეის ქალაქ ერეტრიას, რომელმაც იონიის აჯანყების დროს თავიანთ მცირეაზიელ მოძმეებს დასახმარებლად 5 გემი გაუგზავნა. სპარსელებს აქ დიდი შეტაკება მოუხდათ ადგილობრივ მცხოვრებლებთან და ქალაქი ერეტრია მხოლოდ გმირული ბრძოლის შემდეგ დაეცა. სპარსელებმა ქალაქი გაანადგურეს, ხოლო მისი მცხოვრებლები გადაასახლეს. ამის შემდეგ სპარსულმა ფლოტმა გეზი აიღო ატიკისაკენ.

ათენში გახდა თუ არა ცნობილი ატიკაში მტრის შემოჭრა, სასწრაფოდ გაგზავნეს დესპანი სპარტაში დახმარების სათხოვნელად, თუმცა დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღეს. ეფორებმა განაცხადეს, რომ ვიდრე არ დამთავრდებოდა რელიგიური დღესასწაული, სპარტის არმია თავიანთ პოლისს ვერ დატოვებდა. მათ აღუთქვეს, რომ ათენელებს დახმარებას გაუგზავნიდნენ ათი დღის შემდეგ.

მტერი იმყოფებოდა ძალიან ახლოს, დაყოვნებას შეიძლებოდა საბედისწერო როლი ეთამაშა. ათენი საკუთარი ძალებითა და მხოლოდ მოკავშირე პლატეას მიერ გამოგზავნილი 1 000 მეომრით უნდა შებრძოლებოდა მოწინააღმდეგეს. ათენის სახალხო კრებაზე დიდი კამათი გაიმართა. პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი აყენებდა წინადადებას, გაემაგრებინათ ქალაქი, ჩაკეტილიყვნენ ქალაქის შიგნით და მომზადებულიყვნენ ხანგრძლივი ალყის მოსაგერიებლად. მეორე ნაწილი, მილტიადეს მეთაურობით, მოითხოვდა ბრძოლის გამართვას. მისი აზრით, დაყოვნება გამოიწვევდა სპარსოფილურად განწყობილი მოსახლეობის გააქტიურებას, რაც კიდევ უფრო გაართულებდა ათენის მდგომარეობას. გაიმარჯვეს ბრძოლის გამართვის მომხრეებმა, ათენის არმია გაემართა მარათონის ველის მიმართულებით, რომელიც ქალაქიდან 42 კმ-ით იყო დაშორებული. მარათონის ბრძოლაში დიდი სამხედრო ნიჭი გამოავლინა მიტიადემ, რომელიც ათენელებმა განსაკუთრებული დადგენილებით უმაღლლეს სარდლად აირჩიეს.

მილტიადემ საომარ პოზიციებზე დააწყო ლაშქარი და უსწრაფესი იერიშით ეკვეთა სპარსელებს. ბერძენთა ცენტრი შედრკა და უკან დაიხია, სამაგიეროდ გააქტიურდნენ ფლანგები და სრული უპირატესობა მოიპოვეს. შემდეგ შეუტიეს ცენტრს, რამაც სპარსელთა შემართება გატეხა. გამარჯვების სასწორი ბერძნების მხარეზე გადაიხარა. იმედდაკარგულმა სპარსელებმა დაიწყეს მარათონიდან გაქცევა და იქვე მდგომ გემებზე თავის შეფარება. ბერძნები დაედევნენ არაორგანიზებულად გაქცეულ მტერს და ბრძოლის ასპარეზმა ამჯერად გემებზე გადაინაცვლა. ბერძნები დიდი თავგანწირვით დევნიდნენ სპარსელებს.

მილტიადემ სპარსელების ბრძოლის ტაქტიკას სისწრაფე დაუპირისპირა. ჰეროდოტეს გადმოცემით, მარათონის ველზე ბერძნებისა და სპარსელების ბანაკები ძალიან ახლოს იყო გაშლილი, მათ შორის მანძილი დაახლოებით ერთ კილომეტრს შეადგენდა. მილტიადემ გაითვალისწინა, რომ ბრძოლის საწყის ეტაპზე მთავარი ფუნქციები დაკისრებული ჰქონდათ მშვილდოსნებს. ისინი მუსრს ავლებდნენ მოწინააღმდეგეს 100 მეტრის ფარგლებში, ახლო მანძილიდან ეს ეფექტი ქვეითდებოდა, ხოლო ხელჩართულ დაპირისპირებაში მშვიდოსნები თითქმის ეთიშებოდნენ ბრძოლას. მილტიადეს მეთაურობით ბერძნებმა ელვისებური სისწრაფით გადალახეს ეს საბედისწერო მანძილი, რასაც სპარსელები არ ელოდნენ. მარათონის ველზე მოპოვებული გამარჯვება ძირითადად მილტიადეს დამსახურება იყო.

ჰეროდოტეს ცნობით, ბრძოლაში დაიღუპა 6400 სპარსელი და 192 ბერძენი.

სპარტელი მეომრები ბრძოლის ველზე მაშინ მივიდნენ, როცა ყველაფერი დამთავრებული იყო, შეაქეს ათენელები და უკან გაბრუნდნენ. ამგვარად, ბრძოლის მთელი სიმძიმე ათანელებმა გადაიტანეს, სპარსელები სასტიკად დაამარცხეს და ამით მთელ საბერძნეთს უდიდესი სამსახური გაუწიეს.

სამეცნიერო ლიტერატურაში, ანტიკური ხანიდან მოყოლებული, საკამათოდაა მიჩნეული მეომარ მხარეთა რაოდენობა მარათონის ველზე. თითქმის ეჭვს არ იწვევს ათენელთა რაოდენობა 10 ათასი, რომელსაც ბრძოლის ველზე შეუერთდა ათასი პლატელი. ამრიგად, მტრის პირისპირ იმყოფებოდა 11 ათასი ბერძენი მეომარი. საოცრად გაზვიადებულია სპარსელთა რიცხვი. დასახელებულია დაუჯერებელი ციფრი 200-300 ათასი მეომარი. თუ გავითვალისწინებთ მარათონის ველის ფართობს (სიგრძე 9 კმ, სიგანე 3 კმ), აქ ამ რაოდენობის მეომარი ფიზიკურად ვერ დაეტეოდა. ამგვარი გაზვიადების საწინააღმდეგოდ მრავალი არგუმენტის მოყვანა შეიძლება, ყველაზე მისაღებ ვარაუდად მიჩნეულია, რომ სპარსელთა არმია შედგებოდა 30-35 ათასი მეომრისაგან. საგულისხმო ფაქტია, 11 ათასმა ბერძენმა დაამარცხა რიცხობრივად სამჯერ მეტი სპარსელი.

მარათონის ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ, სპარსელებმა გადაწყვიტეს ზღვიდან მიეტანათ იერიში ათენზე, მაგრამ სპარსული ფლოტის მიერ დაგეგმილი შეტევა წარუმატებლად დასრულდა, მათ ომის ამ ეტაპზე გამარჯვების მოპოვების ყველანაირი იმედი დაკარგეს და აზიაში დაბრუნდნენ.

მართონის ველზე მოპოვებული გამარჯვება მიჩნეულია ერთ-ერთ უცნობილეს გამარჯვებად. ჰეროდოტეს სიტყვებით, მარათონის ბრძოლამდე ბერძნებს სპარსელების სახელის გაგონებაც კი შიშს გვრიდა, მაგრამ პირველმა შეხვედრამ და ბრწყინვალე გამარჯვებამ ისინი დაარწმუნა, რომ მტერი არც ისე ძლიერი იყო. მარათონის ველზე დაიმსხვრა წარმოდგენა სპარსელთა უძლეველობის შესახებ. ათენელი პოლიტიკოსები კარგად გრძნობდნენ, რომ პირველი შეტევის მოგერიება არ ნიშნავდა საბოლოო გამარჯვებას. ამიტომ გადაუდებელ ამოცანად დაისახეს თავიანთი პოლისის ბრძოლისუნარიანობის გაზრდა.

მარათონის ბრძოლის მომდევნო წლებში ათენის პოლიტიკურ ცხოვრებას სათავეში ჩაუდგა თემისტოკლე. მისი აზრით, აუცილებელი იყო ყურადღების გამახვილება არა სახმელეთო, არამედ საზღვაო ბრძოლებზე, საჭირო იყო ძლიერი ფლოტის შექმნა, რომ სწორედ ეს გაზრდიდა მომავალ დაპირისპირებებში ათნელების გამარჯვების შანსებს. მართლაც, თემისტოკლეს მეთაურობით შეიქმნა ძლიერი ფლოტი. ძვ. წ. 480 წლისთვის ათენის სამხედრო ძალების განკარგულებაში იყო სრულიად ახალი, სწრაფი და კარგად მანევრირებადი 180 გემი. ეს მოხდა მაშინ, როცა სპარსელთა ფლოტი ძირითადად ფინიკიელების მოძველებული გემებისგან შედგებოდა.

სპარსელების II ლაშქრობა საბერძნეთში (ძვ. წ. 480-479)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარათონის ბრძოლაში გამარჯვებას დიდი პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობა ჰქონდა ბერძნებისთვის, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ ამ მარცხმა შეასუსტა სპარსეთის სამხედრო ძლიერება და საბერძნეთს თავიდან ააცდინა მოსალოდნელი ახალი შეტევა. ცხადი იყო, რომ მარათონის ბრძოლაში დამარცხებას სპარსეთის მეფე ათენელებს არა აპატიებდა, იგი ცდილობდა შელახული ავტორიტეტის აღდგენას, მაგრამ დარიოსმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

ძვ. წ. 490 წლის შემდეგ, სპარსელებს რამდენიმე პრობლემა შეექმნათ, ძვ. წ. 486 წელს სპარსეთის მეფეს განუდგა ეგვიპტე, იმავე წელს გარდაიცვალა თავად დარიოსი. ტახტზე ავიდა მისი უფროსი ძე ქსერქსე, ეგვიპტის აჯანყების ჩახშობის გარდა, ძვ. წ. 484 წელს ქსერქსეს მოუწია განდგომილი ბაბილონის ხელმეორედ დამორჩილებაც. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ახალმა მეფემ საბერძნეთზე გალაშქრებისთვის მზადება. ამჯერად, ეს ლაშქრობა მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ათენელების დასჯას, როგორც ძვ. წ. 490 წელს, არამედ მთელი საბერძნეთის დამორჩილებას.

ლაშქრობის დაწყებამდე ქსერქსემ მობილიზაცია დაიწყო მთელ იმპერიაში. მის არმიაში წარმოდგენილი იყო ყველა დაპყრობილი ხალხი, მისი გეგმა ითვალისწინებდა საბერძნეთზე გალაშქრებას როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ძალების გამოყენებით.

ძვ. წ. 480 წლის გაზაფხულზე, თვით „მეფედ-მეფის“ მეთაუობით, სპარული სამხედრო დანაყოფები საბეძნეთისკენ დაიძრნენ, ისინი გადავიდნენ ჰელესპონტზე და თრაკიის სანაპიროს გავლით მაკედონიაში მივიდნენ, საიდანაც თესალიის გავლით მთელ საბერძნეთზე უნდა მიეტანათ იერიში. სპარსელების ფლოტი კი, რომლის დანიშნულებასაც ჯარებთან მუდმივი ურთიერთობის განმტკიცება წარმოადგენდა, ნაპირების მახლობლად მიემართბოდა.

ბერძენ-სარსელთა ომის მემატიანე ჰეროდოტე ქსერქსეს არმიაში ასახელებს 5 მილიონზე მეტ მეომარს. ციფრი აშკარად ფანტასტიკურია, მაგრამ სპარსელები რაოდენობით ბერძნებს რომ აღემატებოდნენ, საეჭვო არ არის. ქსერქსეს არმიის მეომართა სავარაუდო რაოდენობად ასახელებენ 100 ათას კაცს. ცხადია, ასეთი რაოდენობაც გრანდიოზულია იმასთან შედარებით, რისი გამოყვანაც ბერძნებს შეეძლოთ.

საბერძნეთი უდიდესი განსაცდელის წინაშე იდგა. ელადის ბედი ათენსა და სპარტას ურთიერთობაზე იყო დამოკიდებული. სპარტელები თავიდან გულგრილად უყურებდნენ სპარსელების აგრესიულობას, მაგრამ როდესაც დაინახეს მოახლოებული მუქარა, სერიოზულად დაიწყეს გამოსავლის ძიება. დემოკრატიული წყობილებისადმი მტრული დამოკიდებულების მიუხედავად, სპარტელები ელადის დაცვის შესაძლებლობას ათენთან კავშირში ხედავდნენ. თუმცა ცხადი იყო, რომ მხოლოდ ათენისა და სპარტის გაერთიანება ვერ შეძლებდა აზიიდან დაძრული ქსერქსეს ლაშქრის მოგერიებას. დღის წესრიგში დგებოდა საერთოელინური კავშირის ჩამოყალიბების იდეა.

ძვ. წ. 481 წელს, სპარტის ინიციატივით, კორინთოსთან ახლოს მოიწვიეს კონგრესი. კონგრესის გადაწყვეტილებით, აიკრძალა დაპირისპირება ელინურ პოლისებს შორის. გაფორმდა კავშირი, განისაზღვრა გამოსაყვანი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა, მკაცრად დაისჯებოდნენ სპარსელების მხარეზე ნებაყოფლობით გადასულები. კონგრესის მუშაობაში ბევრი ქალაქი არ მონაწილეობდა, მაგრამ მთავარი ბირთვი მაინც ანტისპარსულ გაერთიენებაში დაირაზმა. გაერთიანების ხელმძღვანელობა ხელში აიღო სპარტამ. სპარტელი ლეონიდასი და ევრიბიადე აირჩიეს კავშირის სახმელეთო და საზღვაო ძალების უმაღლეს მთავარსარდლებად. ძვ. წ. 480 წელს კონგრესმა შეიმუშავა სამხედრო მოქმედების გეგმა, მიიღეს თემისტოკლეს წინადადება: მთავარი ბრძოლები გამართულიყო ზღვაზე. ბერძნები ემზადებოდნენ თავდაცვისათვის, სპარსელები შეტევისათვის.

ძვ. წ. 480 წლის გაზაფხულზე სპარსეთის არმიამ, ქსერქსეს მეთაურობით, გადალახა ჰელესპონტი და ევროპაში გადავიდა. ლაშქარმა თრაკიის ნაპირებით დაიწყო გადაადგილება. ქვეითი არმიის პარალელურად მოძრაობდა სპარსეთის ფლოტიც.

ბერძენ მოკავშირეთა სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება გამოეყენებინათ თესალიიდან შუა საბერძნეთში გადასასვლელად არსებული ბუნებრივი სიმაგრეები - მათი აზრით, თავდაცვის საუკეთესო საშუალება იყო ერთადერთი ვიწრო გზის - თერმოპილეს გასასვლელის ჩაკეტვა.

სპარტამ თერმოპილეს ხეობაში გაგზავნა 300 სპარტელი და 1 000 პერიეკი მეფე ლეონიდასის მეთაურობით. მთლიანად ხეობაში იდგა მოკავშირეთა 7 200 კაციანი შენაერთი.

ამავე დროს, ბერძენთა ფლოტი კუნძულ ევბეის ჩრდილოეთით არტემისიონის კონცხთან იდგა, ფლოტს სპარტელი ევრიბიადე მათაურობდა. სპარსელების სახმელეთო ძალების თერმოპილესთან მისვლა და ფლოტის მიახლოება საომარ პოზიციასთან ერთდროულად მოხდა. ზღვაზე ბრძოლას არცერთი მხარისთვის შედეგი არ მოუტანია.

ამასობაში დაიწყო სპარსეთის არმიის შეტევა თერმოპილეს მიმართულებით. ბერძენი მეომრები საოცარი თავგანწირვით იგერიებდნენ თავდასხმას. სპარსელებმა სერიოზული დანაკარგი განიცადეს, მაგრამ შედეგეი არ ჩანდა. საბოლოოდ ბრძოლის ბედი გადაწყვიტა მოღალატე თესალიერლმა, ვინმე ეპიატლემ, რომელმაც სპარსელებს აცნობა საიდუმლო შემოვლითი ბილიკების შესახებ, რომლის დახმარებითაც ქსერქსეს მეომრებს საშუალება მიეცათ ზურგიდან მოევლოთ თერმოპილეს დამცველი რაზმებისათვის.

ლეონიდასმა დაინახა, რომ მდგომარეობა უიმედო იყო. მოკავშირეები დაითხოვა ბრძოლის ველიდან და დაავალა, გაეფრთხილებინათ ბერძნები მოახლოებული უბედურების შესახებ, თვითონ კი 300 სპარტელი მეომრით დარჩა სამშობლოს დაცვის სადარაჯოზე.

ბრძოლაში დაღუპული მეფე ლეონიდასისა და მისი მეომრების გმირობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბერძნებზე, სპარსელებმა კი, გამარჯვების მიუხედავად, დიდი დანაკლისი განიცადეს.

თერმოპილეს ბრძოლაში გამარჯვებამ ქსერქსეს საშულება მისცა შუა საბერძნეთში შესულიყო და ეს ტერიტორია ნანგრევებად ექცია, ყველა ვინც არ დაემორჩილა დამპყრობელს იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა. სპარსელებმა იერიში მიიტანეს ატიკაზეც, მაგრამ ათენელებმა მოასწრეს ქალების, ბავშვებისა და მოხუცების კუნძულ სალამინზე გადაყვანა, მეომრები კი გაიწვიეს ფლოტში და დაიწყეს მზადება შემდეგი ნაბიჯისთვის.

სპარსელები შეუფერხებლად შევიდნენ ატიკაში. ათენი დაანგრიეს და გადაწვეს. ბერძენთა ფლოტი ამ დროს იდგა კუნძულ სალანიმთან, მათ საერთო ჯამში 310 გემი ჰყავდათ. ბერძენი სარდლების ერთი ნაწილი ბრძოლაში ჩაბმის წინააღმდეგი იყო, მაგრამ თემისტოკლემ დაარწმუნა ისინი ბრძოლის გამართვის აუცილებლობაში.

ჰეროდოტეს თანახმად, ბრძოლის ბედი გადაწყვიტა თემისტოკლეს მოხერხებულობამ. მან ქსერქსეს გაუგზავნა ერთგული მონა, თითქოს საიდუმლო დავალებით, რომელიც აუწყებდა „მეფედ-მეფეს“, რომ თემისტოკლე თანაუგრძნობს სპარსელებს, ბერძენთა შორის არის სრული გულგატეხილობა და დაბნეულობა. ამიტომ, თუ სპარსელები დაუყოვნებლივ შეუტევენ ბერძნებს, გამარჯვებას იოლად მოიპოვებენ. ქსერქსე აცდუნა ამ ინფორმაციამ და დააჩქარა ბრძოლის დაწყება.

თემისტოკლეს შესანიშნავად ჰყავდა განლაგებული ბერძენთა ძალები სალამინის ვიწრო სრუტეში. ბერძენ-სპარსელთა ომის ფარგლებში, მორიგი მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა ძვ. წ. 480 წლის 28 სექტემბერს, ამჯერად ზღვაზე. სალამინის ვიწრო სრუტეში სპარსელთა მიერ დაქირავებული დიდი ზომის ფინიკიური გემები ვერ ახერხებდნენ მანევრირებას, ერთმანეთს ეჯახებოდნენ და აზიანებდნენ. ბერძნული მცირე ზომის, კარგად მანევრირებადი გემები კი საოცარი სისწრაფით ჯაბნიდნენ მოწინააღმდეგეს. სპარსულ-ფინიკიურმა ფლოტმა, ფინიკიელი ზღვაოსნების გამოცდილების მიუხედავად, გამანადგურებელი მარცხი განიცადა. ქსერქსემ ევროპა დატოვა და აზიაში გადავიდა. საბერძნეთში მდგომი არმიის სარდლობა მარდონიოსს გადასცა, რომელსაც დავალებული ჰქონდა გამოსაზამთრებლად სპარსულთა ჯარი გაძარცვული ატიკიდან მდიდარ თესალიაში გადაეყვანა. გახიზნულ ათენელებს კი საშუალება მიეცათ დროებით მშობლიურ პოლისსში დაბრუნებულიყვნენ.

თესალიაში დაზამთრების შემდეგ, ძვ. წ. 479 წელს, მარდონიოსი კვლავ გადმოვიდა სამხრეთით და სცადა ათენელებთან დიპლომატიური მოლაპარაკება, მაგრამ ბერძნებისთვის მისი პირობები მიუღებელი იყო, ამიტომ მარდონიოსმა ისევ დაარბია ატიკა, მოსახლეობა იძულებული გახდა კვლავ გახიზნულიყო.

ამ მოვლენების პარალელურად, სპარტის ხელისუფლება ბრძოლის განახლებას და მარდონიოსთან დაპირისპირებას არ ჩქარობდა. დიდი ყოყმანის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს ათენელების დახმარება და მეფე პავსანიას მეთაურობით სპარსელების წინააღმდეგ ძლიერი კორპუსი წარგზავნეს. ბერძენ-სპარსელთა ომის მომდევნო მნიშვნელოვანი დაპირისპირება მოხდა ძვ. წ. 479 წელს პლატეასთან. სპარსელებმა სასტიკი მარცხი განიცადეს ათენისა და სპარტის გაერთიანებული ჯარის წინააღმდეგ. პლატეის ბრძოლაში დაიღუპა მარდონიოსი, სპარსელთა ახალმა სარდალმა არატაბაზმა გადარჩენილი მეომრები თესალიაში გადაიყვანა.

ბერძენ-სპარსელთა ომის მსვლელობისას, სალამინისა და პლატეის ბრძოლების შემდეგ, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საზღვაო ლაშქრობას მცირე აზიაში. ბერძენთა ფლოტმა მიკალეს კონცხთან დაამარცხა სპარსეთის საზღვაო ძალები და იქ მდგომი არმია. მოკავშირეებს აქტიური მხარდაჭერა აღმოუჩინეს იონიელმა ბერძნებმა. მცირე აზიის ელინური პოლისები აჯანყდნენ, დაამხეს სპარსელთა ბატონობა და შეურთდნენ ბერძენთა ანტისპარსულ გაერთიანებას. ძვ. წ. 479 წლის ბოლოს ბერძნულმა ფლოტმა სპარსელებისგან გაათავისუფლა ჰელესპონტის ნაპირები და გახსნა შავი ზღვისაკენ მიმავალი საზღვაო გზა. თუ აქამდე ბერძნები თავდაცვაზე ფიქრობდნენ, ახლა უკვე შეტევაზე გადავიდნენ. აქემენიანთა იმპერიის განზრახვა - დაეპყროთ საბერძნეთი განუხორციელებელი დარჩა.

ბერძენ-სპარსელთა ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ მართონის, სალამინისა და პლატეის მასშტაბის ბრძოლები აღარ განმეორებულა.

დელოსის საზღვაო კავშირის შექმნა და ომის დასასრული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელადის ბედი გადაწყვიტა სალამინის ბრძოლამ. სპარსეთის დარტყმის მთელი სიმძიმე ათენმა გადაიტანა, მანვე განახორციელა ანტისპარსული მოძრაობის ორგანიზება. ომმა მისი ავტორიტეტი და პრეტენზიები განუზომლად გაზარდა. ათენმა პირველივე გამარჯვებით აშკარად დაჩრდილა თავისი ძირითადი კონკურენტი სპარტა. პლატეასთან ბრძოლის შემდეგ საომარი ასპარეზი ზღვაზე გადავიდა, უპირატესობა მთლიანად ათენის ხელში აღმოჩნდა. მთელი საბერძნეთის სახელით სპარსეთთან ბრძოლის გაგრძელების პასუხისმგებლობაც ათენმა აიღო.

ბერძენ-სპარსელთა ომის ერთ-ერთი მთავარი შედეგი დელოსის საზღვაო კავშირის დაარსება იყო. მიმდინარე ომის მეორე ეტაპზე ბერძნები მიზნად ისახავდნენ ეგეოსის ზღვის გაწმენდას სპარსელებისგან, მეტოქე იმპერიის საფრთხისგან ჰელესპონტის დაცვას და აქემენიანთა ბატონობისგან მცირე აზიელი ბერძნების განთავისუფლებას. ამ პერიოდში ბრძოლა უმთავრესად ზღვაზე მიმდინარეობდა, სპარტის ხელისუფლება კი არ თანხმდებოდა შორეულ საზღვაო ექსპედიციებში ხანგრძლივად მონაწილეობას. სულ სხვაგვარად უდგებოდა ამ საკითხს ათენი, რომელიც ამ დროსითვის უკვე უძლიერესი საზღვაო სახელმწიფო იყო, თავისი ინტერესების მიხედვით, ათენი მზად იყო სათავეში ჩასდგომოდა მცირეაზიელი ბერძნების განმათავისუფლებელი ომის გაგრძელებას. ძვ. წ. 478 წელს სპარტა ოფიციალურად გავიდა საერთოელინური კავშირიდან. სპარსეთთან ბრძოლების წარმართვა ერთპიროვნულად დაეკისრა ათენს. სპარტის კავშირიდან გასვლის შემდეგ ეგეოსის ზღვის აუზის პოლისებმა, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ სპარსეთთან ომის გაგრძელებით, ათენის მეთაურობით, ძვ. წ. 478 წელს, კუნძულ დელოსზე მოიწვიეს კონგრესი. კონგრესის მონაწილეებმა ფიცი დადეს, რომ დაიცავდნენ კავშირს, რომელსაც აქ ჩაეყარა საფუძველი. კავშირს ეწოდა დელოსის სამხედრო კავშირი ანუ ათენის საზღვაო კავშირი.

ახლად შექმნილი კავშირის მთავარ მიზანს მცირეაზიელი ბერძნების სპარსელთა ბატონობისგან განთავისუფლება წარმოადგენდა. მოკლე დროში დელოსის კავშირი დიდად გაიზარდა და საბერძნეთის პატარა სახელმწიფოებთან შედარებით უზარმაზარ გაერთიანებას წარმოადგენდა. მის გარშემო გაერთიანდა სანაპიროებისა და ეგეოსის ზღვის კუნძულების ქალაქთა უმეტესობა.

ბერძენ-სპარსელთა ნახევარსაუკუნოვან ომში ათენმა სერიოზული ძალა აგრძნობინა აქემენიდების აზიურ იმპერიას, მაგრამ ძლევამოსილ გამარჯვებამდე მისვლას ბევრი აკლდა. ძვ. წ. 449 წლისთვის დემოკრატიის მეთაურები დარწმუნდნენ, რომ საომარი მოქმედებების გაგრძელება აზრს კარგავდა, აუცილებელი იყო სპარსეთთან ურთიერთობის მოგვარება და საზავო ხელშეკრულების გაფორმება.

ათენის საბოლოო მიზანზე - საბერძნეთის ერთპიროვნულ ბატონობაზე - ფიქრი მოითხოვდა სპარსეთის მხრიდან გარკვეული უსაფრთხოების გარანტიების მიღებას. ათენის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატება იყო ძვ. წ. 449 წელს ზავის დადება. სპარსეთის ქალაქ სუზაში მიღწეულ შეთანხმებას ანტიკური ტრადიცია ათენის დიპლომატიური მისიის მეთაურის - კალიასის სახელით მოიხსენიებს. ზავის თანახმად, სპარსეთის მეფე უარს ამბობდა თავის ჰეგემონობაზე ეგეოსის ზღვაში, ჰელესპონტსა და ბოსფორზე და მცირე აზიის ბერძნული პოლისების პოლიტიკურ დამოუკიდებლობას აღიარებდა.

ასე დამთავრდა ბერძნებისა და სპარსელების ნახევარსაუკუნოვანი ბრძოლა. მარცხის მიუხედავად არ შეიძლება ითქვას, რომ სპარსეთმა ბოლომდე დაკარგა თავისი გავლენები და ძლიერება. პირიქით, ის მაინც ძლიერი სახელმწიფო იყო და ძვ. წ. V-IV საუკუნეებში რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა საბერძნეთის სახელმწიფოების საქმეებში და მათ ურთიერთობაში თვალსაჩინო როლი ითამაშა.

ბერძენ-სპარსელთა ომის ზეგავლენით დიდი ცვლილება განიცადა ათენის საგარეო და საშინაო მდგომარეობამ; მისი საერთაშორისო გავლენა უფრო გაიზარდა, ხოლო მისი შინაური წყობილება უფრო მეტად დაადგა დემოკრატიზაციის გზას. მცირე აზიის ბერძნული პოლისების განთავისუფლებამ უფრო გააადვილა სავაჭრო ურთიერთობა ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებს შორის. ამასთან ომმა სპარსელების ქვშევრდომების სავაჭრო მნიშვნელობა დასცა და სამაგიეროდ გაზარდა ბერძნების ხვედრითი წილი ზღვაზე. ათენის ჰეგემონიის ქვეშ ეგეოსის ზღვის სახელმწიფოთა უმეტესი ნაწილის გაერთიენბამ ამ ნიადაგზე ცნობილი დელოსის კავშირის წარმოშობამ, რომლის ძლიერების საფუძველსაც უდიდესი ფლოტი ქმნიდა, უზრუნველყო სავაჭრო გემების ზღვებზე მიმოსვლისა და საერთოდ სავაჭრო გაცვლა-გამოცვლის უსაფრთხოება. ამასთან ერთად, ომის პროცესში თანდათან დაეცა იონიელთა ახალშენების სავაჭრო-სამრეწველო მნიშვნელობა და ამ მხრივ პირველი ადგილი მოიპოვეს საკუთრივ საბერძნეთის ქალაქებმა, განსაკუთრებით კი ათენმა.

  • წერეთელი ალ., ძველი საბერძნეთი, ტ. I, თბილისი, 1956, გვ. 214-250.
  • ქავთარია გ., ძველი საბერძნეთი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2005, გვ. 140-166.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]