შინაარსზე გადასვლა

დიპლომატიკა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიპლომატიკა — დამხმარე ისტორიული დისციპლინა, რომელიც შეისწავლის საბუთების (აქტების) ფორმასა და შინაარსს.[1] შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში საბუთების კვლევა დაიწყეს იმ მიზნით, რომ ყალბი საბუთები ნამდვილისაგან გაერჩიათ.

მეცნიერული დიპლომატიკის, როგორც ისტორიის დამხმარე დისციპლინის ჩამოყალიბება და ამ მეცნიერების აღსანიშნავად ტერმინ „დიპლომატიკის“ შემოღება დაკავშირებულია ფრანგი მეცნიერის, ბენედიქტელი ბერის ჟან მაბილიონის (1632-1707) სახელთან, რომელმაც დიპლომატიკის კლასიკური ნაშრომი შექმნა („De re diplomatica libri sex“ 1681 წელი.).

აქტში, როგორც დიპლომატიკის საგანში, იგულისხმება - დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრული იურიდიული ნორმის ფორმით დაფიქსირებულია ეკონომიკური, ან პოლიტიკური გარიგება, ხელშეკრულება „კერძო პირებს“ შორის, „კერძო“ (იურიდიულ, ან ფიზიკურ) პირსა და სახელმწიფოს(ან ეკლესიას) შორის; ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის და სახელმწიფოებს შორის.

ამრიგად, დიპლომატიკა სააქტო წყაროთმცოდნეობაა, რომლის მიზანია, ჯერ ერთი, განსაზღვროს სხვადასხვაჯგუფის აქტებისწარმოშობა და მათი როლისაზოგადოებრივი ურთიერთობის სისტემაში, და მეორეც, მოამზადოს წყარო ისტორიული მიზნით გამოყენებისათვის.

ქართული პრაქტიკული დიპლომატიკა შუა საუკუნეებში წარმოიშვა. XII საუკუნეში საქართველოში უკვე არსებობდა სახელმძღვანელოები, რომელთა მიხედვითაც ხდებოდა საბუთების შედგენა. XVII-XVIII საუკუნეებში, მათ სამდივნო წიგნებს უწოდებდნენ.

XVI-XVIII საუკუნეების ქართულ სამეფო სიგელ-გუჯართა („მეფეთა წერილთა“) ზოგადი დახასიათება მოგვცა ვახუშტი ბატონიშვილმა ნაშრომში: „აღწერა სამეფოსა საქართველოსა.“, რომელიც საქართველოში მეცნიერული დიპლომატიკის შექმნის პირველი ცდა იყო.

დიპლომატიკის განვითარებისათვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში ქართული საბუთების კრებულთა გამოცემას.

ქართულ მეცნიერულ დიპლომატიკას საფუძველი ჩაუყარა ივანე ჯავახიშვილის ნაშრომმა: „ქართული სიგელთმცოდნეობა, ანუ დიპლომატიკა“ (1926 წ.), სადაც მოცემულია ქართული და უცხოური დიპლომატიკის ზოგადი მიმოხილვა. ნიკო ბერძენიშვილმა შეისწავლა რამდენიმე ძვ. ქართ. დიპლომატიკური ტერმინი („სიგელი“, „დაწერილი“, „წიგნი“) და ეპიგრაფიკული საბუთების ერთი სახე – „ხელი“. XVI–XVIII სს. დასავლეთ საქართველოს საბუთების აგებულება შეისწავლა კონსტანტინე გრიგოლიამ და ა.შ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დიპლომატიკა. ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2020.