შინაარსზე გადასვლა

ვალტერ მოდელი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალტერ მოდელი
დაბადების თარიღი 24 იანვარი, 1891[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი Genthin[5]
გარდაცვალების თარიღი 21 აპრილი, 1945[5] [2] [3] [4]
გარდაცვალების ადგილი Ratingen
ჯარის სახეობა Imperial German Army და ვერმახტი
წოდება გენერალ-ფელდმარშალი და Fahnenjunker
მეთაურობდა 3rd Panzer Division
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი და მეორე მსოფლიო ომი
ჯილდოები Military Merit Cross III. Class, რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი მუხის ფოთოლით, ხმლებით და ბრილიანტებით, ესპანური ჯვარი, Iron Cross 2nd Class, Iron Cross 1st Class, Military Merit Order (Bavaria), House Order of Hohenzollern, Military Merit Cross (Mecklenburg), Gallipoli Star, Wound Badge (1918) in Black[6] , Honour Cross of the World War 1914/1918, Panzer Badge, Wound Badge (1939) in Gold[6] , Eastern Medal, Clasp to the Iron Cross და Military Merit Cross
გენერალ-ფელდმარშალი ვალტერ მოდელი

ოტო მორიც ვალტერ მოდელი (გერმ. Otto Moritz Walter Model; დ. 24 იანვარი 1891, გენთინი, საქსონია-ანჰალტი — გ. 21 აპრილი 1945, დუისბურგი, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი მეორე მსოფლიო ომის დროს. განსაკუთრებით გამოირჩეოდა თავდაცვითი ბრძოლების ორგანიზებით ომის მეორე ნახევარში, ძირითადად აღმოსავლეთის ფრონტზე, თუმცა აქტიურ მონაწილეობას იღებდა დასავლეთის ფრონტზეც. იგი მიჩნეულია მესამე რაიხის საუკეთესო გენერლად თავდაცვით ოპერაციებში.[7]

მიუხედავად იმისა, რომ ომის პირველ წლებში იყო აგრესიული სატანკო მეთაური, სახელი გაითქვა თავდაცვითი ბრძოლების წარმოებით. მისი მეთაურობით მე-9 გერმანული არმიის მიერ წარმოებულმა თავდაცვითმა ბრძოლებმა 1941-1942 წლებში განსაზღვრა მისი შემდგომი კარიერული მომავალი.

მოდელმა ჰიტლერის ყურადღება ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მიიქცია, მაგრამ მათი ურთიერთობა ახლო არ ყოფილა 1942 წლამდე. მისმა ჯიუტმა და მტკიცე ბრძოლის სტილმა და თავდადებამ ნაცისტური მიზნებისთვის მალევე მოუპოვა ჰიტლერის პატივისცემა, რომელიც მოდელს მიიჩნევდა ერთ-ერთ საუკეთესო საველე მეთაურად ვერმახტის რიგებში და გამუდმებით აძლევდა ახალ-ახალ დავალებებს რათა გამოესწორებინა ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებზე არსებული მძიმე მდგომარეობები. თუმცა მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ბალჟის ბრძოლა წარუმატებლად დასრულდა გერმანიისთვის. 1945 წლის აპრილში, როდესაც გერმანიის დამარცხება გარდაუვალი იყო თავი მოიკლა, რათა არ ჩავარდნილიყო ტყვედ და პასუხი არ ეგო მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის კაცობრიობის წინააღმდეგ.

მოდელმა მეორე მსოფლიო ომის პირველი წელი ვერმახტის მე-4 კორპუსის შტაბის უფროსად გაატარა. 1940 წელს იყო მე-16 არმიის შტაბის უფროსი საფრანგეთის წინააღმდეგ კამპანიის დროს. 1940 წლის აპრილში იგი დააწინარურეს მაიორ-გენერლის თანამდებობაზე და დაინიშნა მესამე სატანკო დივიზიის მეთაურად. მან დაუყონებრილ გააუქმა ყველა ფორმალობა დივიზიის სტრუქტურაში და შემოიღო კომბინირებული წვრთნის პროგრამა რომლის ფარგლებში ხშირად ტანკისტები და ქვეითები ერთად ვარჯიშობდნენ, ინჟინრები და სადაზვერვო ჯგუფის წევრებიც ერთად და ა.შ. შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ რომ მოდელმა იწინასწარმეტყველა გერმანული შენაერთის Kampfgruppe-ს შექმნა, რომელიც მომავალში ხშირად იყენებდა ვერმახტი და წარმოადგენდა სხვადასხვა ტიპის საბრძოლო შენაერთების გაერთიანებას. მართალია მომდევნო წლებში აღნიშნული საბრძოლო შენაერთების შექმნა სტანდარტულ პრაქტიკად იქცა ვერმახტში, 1940-1941 წლებში აღნიშნული საკმაოდ იშვიათი და უჩვეულო მოვლენა იყო.

ვერმახტის წინსვლა ოპერაცია ბარბაროსას პერიოდში, ივნისიდან დეკემბრამდე, 1941

შეტევა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოდელი (ცენტრში) აღმოსავლეთის ფრონტზე, 1941 წლის ივლისი

ოპერაცია ბარბაროსას დაწყებამდე მესამე სატანკო დივიზია შეუერთდა XXIV სატანკო კორპუსს, რომელიც თვითონ შეუერთდა ჰაინც გუდერიანის მეორე სატანკო დაჯგუფებას. კამპანია დაიწყო 1941 წლის 22 ივნისს და გუდერიანი მთელი თავისი ძალებით ცდილობდა გაჭრილიყო რაც შეიძლება წინ. აღნიშნული კარგად ჯდებოდა მოდელის ხასიათში და 4 ივლისისთვის მან მიაღწია მდინე დნეპრს. აღნიშნული გარღვევის გამო მოდელი დააჯილდოვეს რკინის ჯვრით. მიუხედავად ამისა მდინარის გადალახვა ამხელა სატანკო შენაერთებისთვის ცალკე პრობლემას წარმოადგენდა, რადგან წითელ არმიას მდინარის მეორე მხარეს თავდაცვითი პოზიციები ჰქონდა მომზადებული. მესამე სატანკო დივიზიის მოწინავე ნაწილები წითლებმა მოიგერიეს და მხოლოდ 10 ივლისს მოახერხეს გერმანელებმა ძალთა ისეთი კონცენტრაცია, რომელიც საშუალებას მისცემდა მათ ეფექტური შეტევის განხორციელებას. ამ ოპერაციისთვის მოდელმა, რომელმაც დამატებითი ძალები მიიღო, თავის დაქვემდებარებაში არსებული ჯარები სამ ძირითად ნაწილად დაყო: ქვეითთა ნაწილი, რომელსაც უნდა მოეხდინა მდინარის ფორისება და ადგილის გამაგრება; მობილური ჯავშანსატანკო დაჯგუფება, რომელიც ქვეითების მიერ გამაგრებულ პოზიციებზე გადავიდოდა და შეტევას გააგრძელებდა; და მესამე ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული იყო ყველა საარტილერიო სისტემა და საცეცხლე მხარდაჭერას გაუწევდა პირველ ორ დაჯგუფებას. გეგმამ იმდენად წარმატებულად იმუშავა, რომ გერმანულ ნაწილებს დანაკარგები ფაქტობრივად არ ჰქონიათ. წარმატებულ ფორსირებას მდინარე დნეპრზე მოჰყვა ორ კვირიანი მძიმე ბრძოლები, რა დროსაც მოდელი მეთაურობდა მესამე სატანკო დივიზიას და პირველ საკავალერიო დივიზიას, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ დაჯგუფება მოდელში. მოგვიანებით დაჯგუფება მოდელმა შეუტია და დაამარცხა წითელი არმიის გამაგრებული ნაწილები ქალაქ როსლავში.[8]

ვერმახტის ჯარისკაცები მოსკოვის დასავლეთით, 1941 წლის ზამთარი

ბრძოლა მოსკოვისთვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოგვიანებით მოდელი დააწინაურეს გენერალ ლეიტენანტის თანამდებობაზე და დაინიშნა XLI სატანკო კორპუსის მეთაურად, რომელიც მონაწილეობას იღებდა ოპერაცია ტაიფუნში. ოპერაცია დაიწყო 2 ნოემბერს, ხოლო მოდელმა თავის საბრძოლო შენაერთს მიაღწია 14 ნოემბერს, შუა ქარ-ცეცხლში.[9]

კორპუსი, რომელიც ახლა მესამე სატანკო დაჯგუფების ნაწილს წარმოადგენდა, იმყოფებოდა ტვერში, კალინინის ოლქში, მოსკოვიდან ჩრდილო-დასავლეთით 160 კილომეტრის მოშორებით. მისი ნაწილები იყვნენ გამოფიტული და ცუდად მომარაგებული (მოდელი დააწინაურეს 28 ოქტომბერს მაგრამ ცუდი გზებისა და ამინდის გამო ორი კვირა დასჭირდა კალინინის ოლქში მისასვლელად). ამას დაემატა ზამთრის სიცივე, რომელიც უკვე თავის კვალს ატყობდა გერმანულ შენაერთებს. მიუხედავად აღნიშნულისა მორალი მაინც მაღალი იყო და მისი მისვლიდან ცოტა ხანში დაიწყო საბოლოო შეტევა მოსკოვზე. მოდელი იყო ენერგიის გენერატორი, რომელიც ფრონტის ერთი მონაკვეთიდან მეორეზე სწრაფად გადაადგილდებოდა, რათა პირადად ენახა ბრძოლის ხაზზე არსებული ვითარება, ხშირად არღვევდა ყველანაირ პროტოკოლსა და წესებს, რომელიც საბრძოლო შენაერთების იერარქიაში არსებობდა. 5 დეკემბერს, XLI სატანკო კორპუსში შემავალმა მე-6 დივიზია კრემლიდან 35 კმ-ის მანძილს მიაღწია, მაგრამ ზამთრის გამო შეტევა შეჩერდა. ტემეპერატურა -40 გრადუსამდე დავარდა, იარაღი და ტრანსპორტი გაიყინა და გერმანელები იძულებულნი გახდნენ შეეჩერებინათ ყოველგვარი შეტევითი ოპერაციები.[10]

თითქმის ავტომატურად, როგორც კი შეჩერდა გერმანული შეტევა, საბჭოთა კალენინის, დასავლეთის და სამხრეთდასავლეთის ფრონტებმა დაიწყეს მასირებული კონტრშეტევა, რომლის მიზანი იყო გერმანელთა არმიათა ჯგუფ ცენტრის რაც შეიძლება შორს განდევნა მოსკოვიდან. შეტევები განსაკუთრებით ძლიერი იყო მესამე სატანკო დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელსაც ყველაზე ღრმად ჰქონდა გარღვეული დედალაქის თავდაცვითი ზღუდეები. სამ კვირიანი დაუნდობელი ბრძოლების შემდგომ მესამე სატანკო დაჯგუფების მეთაურმა ჰანს რეინჰარდმა მიიღო გადაწყვეტილება და საკუთარი ჯარების ალყაში მოქცევისგან თავის ასარიდებლად დაიხია მდინარე ლამასთან განლაგებულ თავდაცვით ხაზთან. სწორედ მოდელი დაინიშნა უკანდახევის ორგანიზატორად და მისმა მკაცრმა, ხშორად კი ულმობელმა მეთაურობის სტილმა შედეგი გამოიღო, რადგანაც უკანდახეული გერმანული კოლონებისთვის პანიკა სიკვდილის ტოლფასს ნიშნავდა. რამდენიმე შემთხვევის დროს მოდელს დასჭირდა საკუთარი რევოლვერის ბუდიდან ამოღებაც კი, მაგრამ მთლიანობაში უკანდახევას არასდროს მიუღია პანიკურად და არეულად გამოქცევის სახე.

სწორედ ამ ბრძოლებში შენიშნა მოდელმა, რომ ტიპური საბჭოთა შეტევები, რომელიც ხშირად მოკლებული იყო კოორდინაციას და აკლდა ელემენტარული საარტილერიო თუ საავიაციო მხარდაჭერაც კი, ყველაზე ეფექტური ვერმახტის წინააღმდეგ იყო ტიპური გერმანული თავდაცვითი სტრატეგიის წინააღმდეგ. გერმანელებს, როგორც წესი, ერჩივნათ რამდენიმე საკვანძო ადგილი ძლიერ გამაგრება, ვიდრე შეექმნათ შედარებით თხელი, მაგრამ უწყვეთი თავდაცვითი ხაზი. საქმე ის იყო, რომ ძლიერ გამაგრებულ წერტილებს შორის არსებულ თავისუფალ სივრცეს წითელი არმია, რომელიც ცოცხალი ძალის რაოდენობას არასდროს უჩიოდა, კარგად იყენებდა და საბოლოო ჯამში თავდაპირველად კარგად გამაგრებული რამდენიმე წერტილი ალყაში ექცეოდა. შემდეგად რაც არ უნდა ძლიერად ეომათ გერმანელ ჯარისკაცებს, ადრე თუ გვიან საწვავის, ტყვია-წამლის და საჭმლის ნაკლებობა აღნიშნული გამაგრებული წერტილების დაცემას და გერმანული გარნიზონის ან ტყვედ ჩავარდნას ან საერთოდ სიკვდილს იწვევდა. მოდელი მთელი თავისი კარიერი დროს გამოიყენებდა უწყვეტი ხაზის სტრატეგიას. რაც არ უნდა თხელი ყოფილიყო თავდაცვითი ზღუდე, საბჭოთა არმიის ლოჯისტიკური ნაწილების თითქმის არარსებობდა განაპირობებდა იმას, რომ თუნდაც გარღვეული ხაზის თავის სასარგებლოდ გამოყენებას წითლები სწრაფად ვერ ახდენდნენ, რაც მათ გერმანული კონტრშეტებისთვის ადვილ სამიზნედ აქცევდა.[10] აღნიშნულ ტაქტიკას მოდელი მთელი ომის განმავლობაში იყენებდა.

ოთხი მხრიდან მტრით შემოსაზღვრული გერმანული ე.წ. ნახევარკუძული რჟევის მიდამოებში
სარკინიგზო ინფრასტრუქტურა რჟევის რეგიონში

მოდელის მიერ ფრონტის ხაზის შენარჩუნებაში მიღწეულ წარმატებებს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია და 1942 წლის იანვარში დაინიშნა გერმანული მე-9 არმიის მეთაურად. ამით მარტო არმიათა ჯგუფ ცენტრში 15მდე უფრო მაღალი რანგის ოფიცერს გადაახტა. გამგზავრებამდე ახალ მეთაურს ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა ჰიტლერთან და ჰალდერთან. ორივე მადგანმა მოდელი გააფრთხილა, რომ დიდი ძალისხმევა და სიმტკიცე დასჭირდებოდა, რომ გერმანულ მე-9 არმიას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა როგორმე მოეხერხებინა და უკან არ დაეხია. თუმცა პასუხად დაბრუნებულმა მტკიცე ხმამ, ორივე მათგანი დაარწმუნა, რომ თუკი ვერმახტში არსებობდა ვინმე, ვინც მოახერხებდა და მე-9 არმიას სრული კოლაფსისგან იხსნიდა, ეს სწორედ მოდელი იყო. მოდელის წასვლის შემდეგ ჰიტლერი აღნიშნავდა: "შეხედით მის თვალებს? მე მისი მჯერა, მაგრამ ნამდვილად არ ვისურვებდი მის დაქვემდებარებაში მსახურს".[11] როდესაც მოდელმა ფრონტი ჩაიბრა, სიტუაცია კრიტიკული იყო. კალინინის ფრონტს გარღვეული ჰქონდა გერმანული თავდაცვითი ხაზი და საფრთხეს უქმნიდა სმოლენსკი-მოსკოვის სარკინიგზო ხაზს, რომელიც წარმოადგენდა არმიათა ჯგუფ ცენტრის მთავარ მომმარაგებელ ხაზს. მიუხედავად სიტუაციის კრიტიკულობისა, მოდელი მიხვდა, რომ თვითონ შეტევაზე გადმოსული წითელარმიელებიც ცუდ მდგომარეობაში იყვნენ და დაუყონებლივ შეტევაზე გადავიდა და ალყაში მოაქცია საბჭოთა 39-ე არმია. მიუხედავად რამდენიმე სისხლისმღვრელი შეტაკებისა, 39-ე არმიამ უკან გამოღწევა ვეღარ შეძლო და ივლისის შუა რიცხვებისთვის მთლიანი ტერიტორია გაიწმინდა საბჭოთა წინააღმდეგობისგან. აღნიშნულისთვის მოდელი დააჯილდოეს მუხის ფოთლებით რკინის ჯვრით და გახდა გენერალი (Generaloberst).[12]

მას შემდეგ რაც აღადგინა მე-9 არმიის პოზიციები, მოდელის მთავარი საზრუნავი ამ პოზიციების შენარჩუნება გახდა. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია შედარებით გამოსწორდა, რჟევის მიდამოები სამი მხრიდან მტრით იყო შემოსაზღვრული და ერთადერთი მხარე, სადაც გერმანელებს თანამებრძოლები ეგულებოდათ იყო ზურგი. სწორედ ამიტომაც ეძახდნენ ამ ადგილს ნახევარკუნძულს. მოდელის ტაქტიკა ხუთი ძირითადი პრინციპის გარშემო ტრიალებდა: დაზვერვა - მტრის პოზიციების ნებისმიერი ცვლილების შესახებ ცნობების დროზე მიღება; უწყვეტი თავდაცვითი ხაზი - მიუხედავად იმისა თუ რამდენად თხელი იყო იგი; რეზერვების მუდმივი ქონა - თავდაცვითი ხაზის გარღვევის შემთხვევაში მისი გამოყენებით კონტრშეტევის განხორციელება; ყველა საარტილერიო დანადგარის ერთი შენაერთის ქვეშ გაერთიანება და არა მათი სხვადასხვა შენაერთს შორის მიმოფანტვა; თავდაცის რამდენიმე ზოლის აგება, რათა შენელებულიყო მტრის წინსვლა. ჰიტლერი ზოგადად წინააღმდეგი იყო რამდენიმე ზოლიანი თავდაცვითი ხაზის აგების, რადგან მიაჩნდა, რომ ჯარისკაცებს გული ყოველთვის უკან გაურბოდათ - ზურგში მყოფი ფორტიფიკაციებისკენ. მოდელი ამ მითითებას იგნორს უკეთებდა. ძლიერი და მრავალი თავდაცვითი ხაზის აშენების მიზანშეწონილობა, მიუხედავად იმისა, რომ ეწინააღმდეგებოდა ჰიტლერის პირდაპირ მითითებს, ნიშნავდა რომ მოდელის გავლენა იგრძნობოდა ფრონტის იმ მონაკვეთებზეც კი, სადაც იგი რეალურად არ იმყოფებოდა.

1942 წლის ივლისის ბოლოს ფრონტის ხაზი რჟევის მიდამოებში ხელახლა აგუგუნდა, როდესაც დაიწყო ახალი მასირებული შეტევა წითელი არმიის მიერ. მოდელი ამ დროს სამედიცინო შვებულებაში იმყოფებოდა, რადგან რამდენიმე კვირით ადრე, თვითმფრინავით გადაფრენისას შემთხვევითი ტყვიით მძიმედ დაიჭრა. მე-9 არმიის მეთაურობა დროებით ჩაბარებული ჰქონდა გენერალ ფონ ვიენთგოფს.[13] მოდელი მე-9 არმიას 10 აგვისტოს დაუბრუნდა და დაუყონებლივ აიღო ხელში მართვის სადავეები. მან ერთის მხრივ გამოფიტული ნაწილები ერთმანეთს შეურია და მეორეს მხრივ ფონ კლუგესგან რომელიც იმ დროს არმიათა ჯგუფ ცენტრის მეთაური იყო, მოითხოვა ან დამატებითი დივიზიები ან "დეტალური გეგემა არსებული ძალებით როგორ მოეგერიენებინა მტრის შემოტევები".[14] ცოტა ხანში მოდელმა რეზერვად სამი ახალი დივიზია მიიღო და შეტევების მოგერიება წარმატებით მოახერხა.

სექტემბრის ბოლოს საბჭოთა შეტევები შენელდა, მაგრამ ჟუკოვი, რომელიც უკმაყოფილო იყო ზაფხულის შეტევის შედეგებით და აცნობიერებდა შესაძლებლობებს, რომელიც რჟევთან გერმანული ნაწილების განადგურებით იქნებოდა შესაძლებელი, კვლავ შეეცდებოდა შეტევას ნოემბერში, ოღონდ გაცილების დიდი ძალებით. ოპერაცია კოდური სახელწოდებით მარსი (როგორც სტალინგრადის ალყაში მოქცევას ერქვა ოპერაცია ურანი) საბჭოთა ძალები თავს დაესხნენ მე-9 არმიას ოთხი მიმართულებიდან. მოდელის თავდაცვითი ზღუდეები კიდევ ერთხელ დადგა გამოცდის წინაშე და მათ კიდევ ერთხელ მოახერხეს, დიდი ძალისხმევით, მაგრამ მაინც შეეჩერებინათ, ალყაში მოექციათ და გაენადგურებინათ საბჭოთა შეტევის მოწინავე ნაწილები.[15] მოდელს რჟევის გარშემო წელიწადზე დიდხნიანი შეტაკებებისა და ყოველი საბჭოთა შეტევის მოგერიების გამო მეტსახელად თავდაცვის ლომი (Löwe der Abwehr) შეარქვეს.[16] მოდელის შესაძლებლობამ დროებით უმოქმედი სექტორებიდან გამოეყვანა ახალი ძალები, შეერთებინა ისინი უკვე გამოფიტულთან და ხელახლა წამოეწყო კონტრშეტევა ფრონტის გარღვეულ სექტორზე გახდა მისი წარმატების ერთგვარი ფორმულა.[15]. ისტორიკოსი ლიდლ ჰართი აღნიშნავს, რომ "მას ჰქონდა არაჩვეულებრივი უნარი შეეგროვებინა რეზერვი თითქმის ცარიელი ბრძოლის ველიდან".[15]

მოდელი საკუთარ შენაერთებს მკაცრად, ხშირად კი სასტიკადაც კი ეპყრობოდა. აღსანიშნავია ერთი ეპიზოდი, როდესაც მის მიერ მიღებულ რეზერვებს შორის შედიოდა ელიტური ქვეითთა მოტორიზირებული დივიზია გროსდოიჩლანდი (Großdeutschland). დივიზიას თან მოჰყვა მკაცრი გაფრთხილება, რომ მის მებრძოლებს ერთად ეომათ და არავითარ შემთხვევაში არ მომხდარიყო მათი ბატალიონებად და ასეულებად დაშლა და სხვადასხვა პოზიციაზე გადანაწილება. მოდელმა ამ ბრძანებას ყურადღება არ მიაქცია და სწორედაც რომ დივიზია რამდენიმე ნაწილად გაყო და ფრონტის ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთებზე გააგზავნა. მაn იცოდა, რომ განსხვავებით ყველა სხვა, ჩვეულებრივი დივიზიისგან, გროსდოიჩლანდს დიდი დანაკარგების მიყენების შემდგომ უკან გაიხმობდნენ გერმანიაში და ხელახლა შეავსებდნენ და გადაიარაღებდნენ. სწორედ ამიტომაც მოდელი ცდილობდა რაც შეიძლება მაქსიუმუმი "გამოეწურა" ელიტური დივიზიისგან და მათგან ყველაზე მეტს ითხოვდა. შედეგად რამდენიმე თვეში დივიზიამ შემადგენლობის ნახევარი დაკარგა და მალე უკან გაიხმეს.[17]

მიუხედავად ოპერაცია მარსის დამარცხებისა, 1943 წლის დასაწყისში წითელმა არმიამ გაათავისუფლა ველიკიე ლუკი, რაც საფრთხეს ქმნიდა იმისა, რომ მე-9 არმია ალყაში მოყვებოდა. სტალინგრადთან განცდილი მარცხის შემდეგ ჰიტლერი შედარებით მარტივად დათანხმდა რჟევის ე.წ. ნახევარკუნძულის ევაკუაციას. ოპერაცია ბუფალო 1943 წლის 1-22 მარტში განხორციელდა და ნაცვლად ერთი დიდი უკანდახევისა წარმოადგენდა მრავალ პატარ-პატარა უკუსვლას. ოპერაციის დაწყებამდე რეგიონში ჩატარდა მსხვილი მასშტაბის ანტი-პარტიზანული ოპერაცია (აღნიშნული ტერიტორია პარტიზანების ერთგვარ ბუდეს წარმოადგენდა) რა დროსაც დახვრიტეს დაახლოებით 3 000 რუსი, რომელთა უმეტესობა იყო შეუიარაღებელი. ამაზე მეტყველებს ჩამორთმეულ იარაღის სიაც: 277 შაშხანა, 41 პისტოლეტი, 61 ტყვიამფრქვევი, 17 ნაღმმტყორცნი და სხვა. თავად უკან დახევა გაგრძელდა ორი კვირის განმავლობაში და 300 000 ჯარისკაცის, 100 ტანკისა და 400 საარტილერიო დანადგარის ევაკუაცია თითქმის უდანაკარგოდ დასრულდა. უკანდახევისას დეპორტაციით გერმანიაში სამუშაოდ გაუშვეს ყველა ადგილობრივი მამაკაცი, ყველა ჭა მოწამლეს და 20-მდე სოფელი მიწასთან გაასწორეს, რათა წითელ არმიას არაფერი დარჩენოდა.[18] გერნული მე-9 არმია კი კვლავ რჟევის მსგავს ე.წ. ნახევარკუნძულში გადავიდა, ოღონდ ამჯერად ორელში. თუმცა აქ მათ არა თავდაცვით, არამედ შეტევით ბრძოლებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა - ოპერაცია ციტადელში.

ბრძოლა კურსკისთვის და ბრძოლის დაწყებამდე წარმოქმნილი მტრის პოზიციებში ღრმად შეჭრილი საბჭოთა და გერმანული ე.წ. ნახევარკუნძულები

1943 წლის დასაწყისში სტალინგრადთან განცდილი მარცხისა და შემდგომში ერიხ ფონ მანშტაინის მიერ განხორციელებული კონტრ-შეტევის შედეგად წარმოიშვა საბჭოთა ერთგვარი ნახევარკუნძული, რომლის ჩრდილოეთ მხარეს იყო ამჯერად უკვე გერმანული ნახევარკუნძული ორელთან, ხოლო სამხრეთით არმიათა ჯგუფი სამხრეთი. 1943 წლის გაზაფხულის წვიმების სეზონის დროს, რა დროსაც მთლიანი აღმოსავლეთი ფრონტი ტალახით იყო დაფარული, რაც მასიურ ოპერაციებს გამორიცხავდა, ფრონტზე შედარებით სიმშვიდემ დაისადგურა, ხოლო სიტუაცია იყო შემდეგნაირი: ფრონტის ცენტრში იწყებოდა გერმანული ნახევარკუნძული (სამი მხრიდან მტრით შემოსაზღვრული ტერიტორია) რომელსაც სამხრეთიდან ესაზღვრებოდა კურსკში გამაგრებული საბჭოთა ნაწილები, რომლებიც თავის თავად აგრეთვე წარმოადგენდნენ ნახევარკუნძულს, რადგან მათაც სამხრეთიდან ესაზღვრებოდათ მოწინააღმდეგე - არმიათა ჯგუფი სამხრეთი. ანუ კურსკის მიდამოები იყო წითლების საკუთრებაში არსებული ნახევარკუნძული, რომელსაც სამხრეთიდან ესაზღვრებოდა არმიათა ჯგუფი სამხრეთი, ხოლო ჩრდილოეთიდან არმიათა ჯგუფი ცენტრი - უფრო კონკრეტულად კი მე-9 არმია, რომელიც იმყოფებოდა ორელში და რომელიც ასევე იყო მტრით გარშემორტყმული. ოპერაცია „ციტადელის“ მეშვეობით ვერმახტი იმედოვნებდა ხელში დაებრუნებინა ინიციატივა აღმოსავლეთის ფრონტზე და როგორმე დაეძლია სტალინგრადთან განცდილი მარცხის შედეგად განცდილი დანაკარგები (როგორც ეს მოახერხეს გერმანულმა ძალებმა 1942 წელს მოსკოვის შემდეგ). ფონ კლუგე და ფონ მანშტაინი მოითხოვდნენ შეტევა რაც შეიძლება მალე დაწყებულიყო (აპრილში) რათა წითელ არმიას ვერ მოესწრო პოზიციების საგულდაგულოდ გამაგრება. ჰაინც გუდერიანი კი საერთოდ არ მიიჩნევდა საჭიროდ მასიურ შეტევას აღმოსავლეთის ფრონტზე, რადგან მიაჩნდა, რომ ოპერაცია მეტად სარისკო იყო. წარუმატებლობის შემთხვევაში გერმანია კარგავდა იმ მნიშვნელოვან რეზერვებს რომელიც ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი ვერმახტს სტალინგრადთან განცდილი გამანადგურებელი დამარცხების შემდგომ. მოდელი ასევე სკეპტიკურად იყო განწყობილი მომავალი შეტევის შესახებ. მან მიუთითა იმ საფორტიფიკაციო ნაგებობის სიძლიერესა და გადალახვის სირთულეზე, რომელიც კონსტანტინ როკოსოვსკის ცენტრალურ ფრონტს ჰქონდა აღმართული. საქმე ის იყო, რომ განსხვავებით არმიათა ჯგუფ სამხრეთისა, მე-9 არმიის შეტევა უნდა მომხდარიყო ორი ვიწრო გასასვლელის მეშვეობით, რადგან დანარჩენი ადგილები დაჭაობებული იყო, რაც კიდევ უფრო მარტივს ხდიდა მოწინააღმდეგისათვის შეტევის მიმართულებების გამოცნობას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.[19] თუმცა იმის მაგივრად რომ ოპერაციაზე უარი ეთქვა, მან გამოთქვა მოსაზრება დალოდებოდნენ ახალი ტექნიკის მიღებას.[20]

დღემდე გაურკვეველია რა პოზიცია ჰქონდა მოდელს შეტევასთან დაკავშირებით. საქმე ის არის რომ მანშტაინის მოგონებებში მითითებულია, რომ ის და მოდელი ერთ აზრზე იყვნენ, ხოლო გუდერიანი წერს, რომ მოდელი შეტევის კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო.[21] აგრეთვე გავრცელებულია მოსაზრება, რომ მოდელი ოპერაციის გადადებით იმედოვნებდა, რომ ამასობაში წითლები შეუტევდნენ გერმანელთა პოზიციებს.[22][23]

ოპერაცია ციტადელი 5 ივლისს დაიწყო და მოდელის შეტევა იყო სრულიად წარუმატებელი. მისი ჯარების წინსვლა მალევე შეაჩერეს წითლებმა და მე-9 არმია საბჭოთა ფორტიფიკაციებში გაიჩხირა. კურსკის მიდამოებში წითელი არმიის ძალები ბევრად უფრო სწრაფად იზრდებოდა ვიდრე გერმანელების. შეტევისას არც მოდელის გეგმამ გაამართლა. იმის გამო რომ ჰქონდა უფრო ცოტა ტანკი და მეტი არტილერია, ვიდრე მანშტაინს სამხრეთში და იმის გამო რომ ფიქრობდა მის ტანკებს გაუჭირდებოდათ საბჭოთა ზღუდეების გადალახვა მან განიზრახა ქვეითები გამოეყენებინა პირველად თავდაცვითი პოზიციების გასარღვევად და მხოლოდ შემდეგ ჩაერთო საქმეში სატანკო ნაწილები. ამან არ იმუშავა და გერმანელებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს. 7 დღეში წინსვლა მხოლოდ 12 კმ-თ შეძლეს. მოდელმა საქმეში ჯავშანტექნიკა ჩართო, მაგრამ ამას ეფექტი არ ჰქონია, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო დიდი დანაკარგები განიცადა მე-9 არმიამ.[24]

ოპერაცია "ციტადელის" დაწყებამდე მოდელმა ივარაუდა შესაძლო საბჭოთა შეტევა ორელის მიმართულებით და მეთაურობისგან მალულად ააგო საფორტიფიკაციო ნაგებობები, რათა მსგავსი შეტევები მოეგერიენებინა. გერმანული შეტევის შეჩერების შემდგომ (ისე რომ მანშტეინი თავისი არმიათა ჯგუფი სამხრეთით ჯერ კიდევ შეტევით ოპერაციებს ახორციელებდა) 12 ივლისს დაიწყო საბჭოთა ოპერაცია კუტუზოვი, რომელიც ორელის მიმდებარეთ გერმანული ჯარების ალყაში მოქცევას და განადგურებას ისახავდა მიზნად. ამ დროს ორელში იმყოფებოდა მე-9 არმია, რომელსაც მოდელი მეთაურობდა და მე-2 სატანკო არმია. წითელი არმია ფლობდა დიდ რიცხობრივ უპირატესობას, მაგალითად ულიანოვოსთან, ფრონტის 16 კმ-იან მონაკვეთზე 6 საბჭოთა ქვეითი დივიზია უტევდა ორ გერმანულ ქვეითთა შენაერთს. მაგრამ გერმანული თავდაცვითი პოზიციები იმაზე ბევრად ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე ამას წითლები მოელოდნენ, რის გამოც განიცადეს მძიმე დანაკარგები, მაგრამ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე სერიოზულ გარღვევას მაინც მიაღწიეს. თავდაცვაში მყოფი გერმანელების პოზიციები წითელმა არმიამ ნაშუადღევს უბრალოდ "გადათელა" და მე-11 გვარდიულმა არმიამ 23 კილომეტრით წაიწია წინ. გერმანულმა მე-5 სატანკო დივიზიამ სცადა კონტრშეტევის განხორციელება, მაგრამ მძიმე წინააღმდეგობას წააწყდა და უკანდახევა მოუწია. იმის გამო რომ მე-11 გვარდიული არმია წინ მიიწევდა და გერმანელებს არ ჰყოფნიდათ საკმარისი რეზერვები ამ გარღვევის შესაჩერებლად, ფონ კლუგემ მოდელს ჩააბარა მე-2 სატანკო არმიაც, რის შედეგადაც ორელის რაიონში არსებული ყველა გერმანული შენაერთი ამ უკანასკნელის დაქვემდებარებაში გადავიდა.[25]

ოპერაცია კუტუზოვი - ორელის გათავისუფლების ოპერაცია

სამი დღის შემდეგ დაიწყო ოპერაცია კუტუზოვის მეორე ფაზა (სტავკას აზრით, ორელის გათავისუფლებას 48 საათზე მეტი არ უნდა დასჭირვებოდა) და რამდენიმე საბჭოთა არმია შეტევაზე გადავიდა. წითელი არმიის ჯარსკაცების რაოდენობა, რომელიც ორელის გათავისუფლებაში იღებდნენ მონაწილეობას 1 286 049 კაცს აღწევდა, რომელსაც მხარს უჭერდა 2409 ტანკი და 26 379 საარტილერიო დანადგარი.[26] მათ ასევე გააფართოვეს შეტევის არეალი და 50-3 არმია გააგზავნეს მე-11 გვარდიული არმიის დასახმარებლად. 50-ე არმიასა და ბრიანსკს შორის საბჭოთა მე-20 სატანკო კორპუსმა გაარღვია ფრონტის ხაზი. შეტევის ტემპის შესანარჩუნებლად სტავკამ აგრეთვე რეზერვებიდან გამოყო მე-3 გვარდიული სატანკო არმია და მე-4 სატანკო არმია. მე-3 სატანკო პირდაპირ ორელისკენ დაიძრა, ხოლო მე-4მ ჩრდილოეთიდან მოუარა, იმ გზით, რომელიც მე-11 გვარდიულმა არმიამ გაჭრა. შედეგად შეიქმნა რეალური საშიშროება იმისა, რომ ორელში მყოფი გერმანული ნაწილები ალყაში მოქცეულიყვნენ და მომარაგების გარეშე დარჩენილიყვნენ. გერმანელთა თავდაცვით ღონისძიებებს ხელს უშლიდა პარტიზანთა გამუდმებული მოქმედება.

საბჭოთა შეტევების კვალდაკვალ უფრო და უფრო რთული ხდებოდა სიტუაცია ორელში. მთელი მე-9 არმია იდგა ალყაში მოქცევის საფრთხის ქვეშ. მოდელმა მის ხელთ არსებული მთლიანი სატანკო რეზერვები მიაშველა მე-2 სატანკო არმიას, რომლის ჩრდილოეთის ფლანგი სადაცაა ჩამოიშლებოდა. გერმანელებმა ფრონტზე დროებით სტაბილიზაციას მიაღწიეს, ხოლო მე-9 არმიამ კურსკის ბრძოლების დროს დაკავებული ტერიტორიების დაცლა დაიწყო. მათ კუდში მიყვა საბჭოთა ცენტრალური ფრონტი. 18 ივლისს მე-9 არმია იმ პოზიციებს დაუბრუნდა, რომელიც კურსკის დაწყებამდე, 5 ივლისს ეკავა.

შემდგომ შეტაკებათა მთელი სერია გაიმართა გერმანულ რეზერვებსა და საბჭოთა სატანკო შენაერთებს შორის. მართალია ჰიტლერი უკანდახევის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ 26 ივლისს გერმანელები იძულებულნი გახდნენ დაეწყოთ ორელის ევაკუაცია. 1-10 ივლისის მონაკვეთში მოდელის ჯარებმა დაკარგეს 21 000 კაცი, ხოლო 11-30 ივლისამდე კიდევ 62 000. მიუხედავად ამ დანაკარგებისა, მან მოახერხა და მტერს ბევრად დიდი დანაკარგები მიაყენა, შეამოკლა ფრონტის ხაზი და თავიდან აიცილა სტალინგრადის მსგავსი ალყაში მოქცევა.[27][28]

მსგავსად რჟევისა, ორელის დატოვებისას გერმანულმა ნაწილებმა მოდელის ბრძანებით გაანადგურეს ყველაფერი რაც კი მტერს შეიძლება გამოსგომოდა. 250 000 ადამიანი კი არაადამიანურ პირობებში გადაასახლეს გერმანიაში.[29]

ორელის დაკარგვის შემდგომ, მოდელმა დნეპრისკენ დაიხია. უკანდახევის დასრულების შემდგომ იგი გაათავისუფლეს მე-9 არმიის მეთაურობისგან. აღნიშნული 3 თვე მან შვებულებისთვის გამოიყენა და საშობაოდ ოჯახს ესტუმრა დრეზდენში. ეს შობა იქნებოდა უკანასკნელი, რომელსაც რომელი სახლში გაატარებდა.[30]

საბჭოთა ჯარების წინსვლა აღმოსავლეთის ფრონტზე 1943 წლის ზაფხულიდან 1944 წლის დეკემბრამდე

მოდელის განთავისუფლება მე-9 არმიის მეთაურობიდან არ უნდა მივიჩნიოთ იმის ნიშნად, რომ მან ჰიტლერის თვალში სიმპათიები დაკარგა. უფრო მეტიც, შვებულებიდან იგი მალევე გამოიძახეს ფრონტზე და ბევრად უფრო დიდი რაოდენობის შენაერთების მართვა ჩააბარეს. 1944 წლის 31 იანვარს სასწრაფოდ გააგზავნეს არმიათა ჯგუფ ჩრდილოეთის დასახმარებლად,[31] რომელსაც ორი კვირით ადრე ლენინგრადის მისადგომები სამმა საბჭოთა ფრონტმა (ვოლხოვის, ლენინგრადის და მე-2 ბალტიის) დაატოვებინა. სიტუაცია მეტად კრიტიკული იყო (სიტუაცია, რომელსაც მოდელისთვის მალე ძალიან ნაცნობი გახდებოდა): გერმანული მე-18 არმია სამ ნაწილად იყო გაყოფილი, ერთმანეთისგან განცალკევებული და ალყაში მოქცეული.[31] ხოლო ამ ყველაფერს ემატებოდა ის ფაქტი, რომ ფრონტის ხაზი თითქმის მთლიანად იყო მოშლილი.[32]

არმიათა ჯგუფ ჩრდილოეთის წინა მეთაური, ფონ კიოხლერი გამუდმებით ითხოვდა უკანდახევას და გამაგრებას ესტონეთში, დავდაცვით ხაზ პანტერასკენ, რომლის მშენებლობაც ჯერ ბოლომდე არ იყო მიყვანილი.[33] მოდელმა მაშინვე უარყო აღნიშნული მოსაზრება და წამოაყენა ახალი სტრატეგია სახელწოდებით ფარი და მახვილი ("Schild und Schwert").[32] ამ დოქტრინის მიხედვით ტერიტორიის დათმობა ხდებოდა მხოლოდ დროებით, რათა უფრო დიდი რეზერვების მობილიზება ყოფილიყო შესაძლებელი, შემდეგ კი იწყებოდა დაუყოვნებელი კონტრშეტევა. აღნიშნული სტრატეგიის აგრესიული ბუნება მოსწონდათ ჰიტლერს და უმაღლეს მთავარსარდლობას, რომელსაც ერთის მხრივ მოდელის მადის დასაკმაყოფილებელი რეზერვები უბრალოდ აღარ გააჩნდათ, რომ ფრონტზე გაეგზავნათ, მაგრამ მეორეს მხრივ არაფრის დიდებით უნდოდათ უკვე დაპყრობილი ტერიტორიის დატოვება.

მიუხედავად ყველაფრისა, ტერიტორიის დაკარგვა მალე შეუქცევად პროცესად იქცა და მოდელმა დაიწყო პანტერას ხაზისკენ დახევა. მან ნარვას დაცვა დაავალა იოჰანეს ფრაიზერს, რომელიც მეთაურობდა საარმიო შენაერთ ნარვას, ხოლო მთელი თავისი ძალები დაუთმო მე-18 არმიის მძიმე სიტუაციიდან გამოყვანას. უმაღლესი მთავარსარდლობის ცოდნისა და თანხმობის გარეშე მოდელმა ააგო თავდაცვითი ნაგებობები, რომელსაც უკანდახევის დროს აქტიურად იყენებდა და მტერს დიდ ზიანს აყენებდა.[34]

1 მარტისთვის უკანდახევა დასრულდა.[35] მისი ძალების დიდი ნაწილი დიდ დანაკარგებს გადაურჩა, მაგრამ მარტო ფარის და ხმლის დოქტრინამ 10 000 კაციანი დანაკარგი მიაყენა არმიათა ჯგუფ ჩრდილოეთს. აღნიშნული კონტრშეტევები როგორც წესი, მიზანს ვერ აღწევდა, მაგრამ მოდელს აძლევდა საკმარის დროს რათა ძალების მობილიზაცია და უკანდახევა განეხორციელებინა. აღნიშნული აგრეთვე აძლევდა საბაბს ჰიტლერისთვის მოეხსენებინა, რომ იგი მტერს აგრესიულად უტევდა, მაშინ როცა რეალურად ფრონტის ხაზი სტაბილურად იწევდა დასავლეთისაკენ.[34]

1 მარტს იგი ფელდ-მარშალი გახდა. გიგანტური ნახტომისათვის პოლკოვნიკობიდან ფელდ-მარშლობამდე მას მხოლოდ 6 წელიწადი დასჭირდა.

უკრაინა და პოლონეთი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1944 წლის 30 მარტს მოდელი დაინიშნა არმიათა ჯგუფ ჩრდილოეთი უკრაინას (ყოფილი არმიათა ჯგუფი სამხრეთი) მეთაურად გალიციაში, რომელსაც ძლიერ უტევდა ჟუკოვის პირველი უკრაინული ფრონტი.[36] მან შეცვალა მანშტაინი, რომელსაც იმ პერიოდში უკვე დაკარგული ჰქონდა ჰიტლერის ნდობა.[36] მიუხედავად მანშტაინის მიერ წარსულში მოპოვებული გამარჯვებებისა, ჰიტლერს სურდა არმიათა ჯგუფს სათავეში ჩადგომოდა პიროვნება, რომელსაც თავდაცვითი ოპერაციების უბადლოდ ჩატარება შეეძლო.[37]

ორი დამწვარი პანზერ 4 ტიპის ტანკი, რომელიც ეკუთვნოდა მე-20 სატანკო დივიზიას, 1944 წლის ივლისი

28 ივნისს, მოდელი სასწრაფად გადაისროლეს არმიათა ჯგუფ ცენტრში,[38] რომელსაც დაუნდობლად უტევდა ოპერაცია ბაგრატიონი, საბჭოთა მასირებულ შეტევა ბელორუსიაში. გერმანული მე-4 და მე-9 (მოდელის ყოფილი არმია) არმიები საერთოდ ალყაში იყვნენ მოქცეულნი[39] ხოლო საბჭოთა ძალები სადაცაა მინსკს გაათავისუფლებდა. მიუხედავად კატასტროფული სიტუაციისა, მოდელს სჯეროდა, რომ მოახერხებდა მინსკის შენარჩუნებას, თუმცა ამისთვის რეზერვები იყო საჭირო. იმის გამო, რომ 1944 წლის 6 ივნისს გაიხსნა მეორე ფრონტი და მოკავშირეები საფრანგეთში გადასხდნენ, მოდელს საფრანგეთში დისლოცირებული ნაწილების რეზერვად მიღების იმედი არ უნდა ჰქონოდა (როგორც ეს მოხერხდა 1942 და 1943 წელს) ამიტომაც მის ერთადერთს შანსს ერთის მხრივ ნებისმიერ ფასად მე-4 არმიის მიერ ალყის გარღვევა და მეორეს მხრივ მოდელის ქვეშ დაქვემდებარებული ზოგიერთი ტერიტორიების დატოვება, ფრონტის ხაზის რაც შეიძლება შემოკლება და გათავისუფლებული ძალებისგან ახალი რეზერვების შექმნა იყო.[40] დღეს ყველა თანხმდება, რომ იმ დროინდელი სიტუაცია არმიათა ჯგუფ ცენტრში იყო უბრალოდ გამოუვალი და მოდელს რაც არ უნდა გაეკთებინა საბჭოთა შეტევის შეჩერება უბრალოდ შეუძლებელი იყო.[41][42] ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ მოდელის ორივე თხოვნაზე, როგორც მე-4 არმიის მიერ ალყის გარღვევაზე, ისე ზოგადი უკან დახევაზე ჯარების გამოთავისუფლების მიზნით, ჰიტლერმა უარი განაცხადა მანამ, სანამ უკვე ძალიან გვიანი არ იყო.[39]

3 ივლისს მინსკი გაათავისუფლეს საბჭოთა პირველმა და მესამე ბელორუსიულმა ფრონტებმა,[43] მაგრამ მოდელს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ფრონტის ხაზს ქალაქის დასავლეთით როგორმე დაასტაბილურებდა, თუკი დამატებით რეზერვებს მიიღებდა არმიათა ჯგუფ ჩრდილოეთიდან და ჩრდილოეთი უკრაინადან.[44][45] თუმცა დასახული ამოცანისთვის, გერმანული ძალები უბრალოდ არ იყო საკმარისი და 8 ივლისს საბჭოთა ძალებმა გაათავისუფლეს ვილნიუსი და ბარანოვიჩი.[46] ამავე დროს, პირველმა უკრაინულმა ფრონტმა (რომელსაც ახლა ივან კონიევი მეთაურობდა) და პირველი ბელორუსიული ფრონტის მარცხენა ფლანგმა წამოიწყეს ახალი შეტევა არმიათა ჯგუფ ჩრდილოეთი უკრაინას წინააღმდეგ.[47] ამ ბრძოლებში, თავდაპირველად პირველმა სატანკო არმიამ მოდელის თავდაცვითი ტაქტიკების გამოყენებით შეძლო ლვოვის აღმოსავლეთით მტრის შეკავება, მაგრამ მოგვიანებით პოზიციების დათმობა მოუწია მას შემდეგ, რაც მეოთხე სატანკო არმიის პოზიციები, რომელიც ძლიერ იყო შესუსტებული მის ქვეშ დაქვემდებარებული ნაწილების არმიათა ჯგუფ ცენტრის დაქვემდებარებაში გადაყვანით ოპერაცია ბაგრატიონის შესაჩერებლად, რამდენიმე ადგილას გაარღვია წითელმა არმიამ.[48] მოდელმა მხოლოდ ვარშავის აღმოსავლეთით შეძლო წითელი არმიის შეჩერება და ფრონტის დასტაბილურება.[49]

1944 წელს, სხვადასხვა დროს, მოდელი მეთაურობდა ყველა არმიათა დაჯგუფებას აღმოსავლეთის ფრონტზე,[50] და ზაფხულში მცირე დროით ერთდოულად მეთაურობდა არმიათა ჯგუფ ცენტრს და ჩრდილოეთ უკრაინას.[38]

1944 წლის 17 აგვისტოს მოდელმა მიიღო კუთვნილი ბრილიანტები თავისი რკინის ჯვრისთვის აღმოსავლეთის ფრონტზე გამოჩენილი მოქმედებებისთვის და ამავდროულად მიიღო ბრძანება გადასულიყო დასავლეთის ფრონტზე. აქ მას ფონ კლუგე უნდა შეეცვალა და გამხდარიყო დასავლეთში გერმანული ძალების, არმიათა ჯგუფ ბ-ს და დასავლეთის გერმანული არმიის მეთაურობის (Oberbefehlshaber West) მეთაური.[51] ნორმანდიის ფრონტი ორთვიანი მძიმე ბრძოლების შემდგომ თითქმის მთლიანად ჩამოშლილიყო და ამერიკული მესამე არმია მდინარე სენას მიუყვებოდა, ხოლო მთლიანი არმიათა დაჯგუფება იყო ალყაში მოქცევისა და განადგურების საფრთხის ქვეშ ფალეზთან.

მოდელი (მარცხნივ) და ეს-ეს-ის ბრიგადფიურერი ჰაინც ჰერმელი

მოდელის პირველი ბრძანება იყო ნებისმიერ ფასად მომხდარიყო ფალეზის დაცვა, რაც მის დაქვემდებარებაში მყოფ ჯარებს მაინცადა მაინც დიდად არ მოეწონათ.[52][53] თუმცა ცოტა ხანში მან აზრი შეიცვალა და მოახერხა ის, რასაც ვონ კლუგე გაუბედაობის გამო ვერ ახერხებდა - ჰიტლერის დარწმუნება დაუყონებლივ გაეცა ბრძანება ფალეზი დაეტოვებინათ გერმანულ მე-7 არმიას და მე-5 სატანკო არმიას. შედეგად მოდელმა მოახერხა და შეინარჩუნა რეგიონში არსებული ჯარების ცოცხალი ძალის დიდი ნაწილი, თუმცა თითქმის მთლიანი მძიმე შეიარაღების ფასად. როდესაც ჰიტლერმა მოითხოვა მოხერხებულიყო პარიზის დაცვა, მოდელმა მიუგო, რომ აღნიშნული შესაძლებელი იყო მხოლოდ დამატებით 200 000 კაცისა და რამდენიმა სატანკო დივიზიის მიღების შემდგომ. რეზერვები არსად ჩანდა და მოკავშირეებმა პარიზი გაათავისუფლეს 25 აგვისტოს. ამასობაში მოდელის ნაწილებმა გერმანიის საზღვართან დაიხიეს.

ნორმანდიაში ბრძოლების შემდგომ მოდელმა თავისი ბაზა განათავსა ოსტერბეკში, ანჰემთან ახლოს, ნიდერლანდებში, სადაც შეუდგა არანორმალურად დიდ სამუშაოს - როგორმე აღედგინა არმიათა ჯგუფი ბ.

უკანდახევა გერმანიისკენ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

17 სექტემბერს, მოდელს საუზმის მიღება შეაწვეტინა ბრიტანულმა პირველმა საპარაშუტო დივიზამ, რომელმაც ანჰემში საჰაერო დესანტი გადასხა ოპერაცია მარკეტ-გარდენის ფარგლებში, რომელის მიზანი იყო პარაშუტისტების გამოყენებით მოკავშირეთა მიერ ნიდერლანდებში არსებული ხიდების ხელში ჩაგდება, რათა ზიგფრიდის ხაზის შემოვლით სწრაფად შეჭრილიყვნენ გერმანიაში. მოდელმა თავდაპირველად იფიქრა, რომ ბრიტანელთა მისიას მისი და შტაბის ოფიცრების ხელში ჩაგდება წარმოადგენდა, მაგრამ საჰაერო დესანტის მასშტაბურობამ იგი მალე სწრაფად დაარწმუნა საპირისპიროში.[54] როცა იგი მიხვდა მოკავშირეების რეალურ განზრახვას, საქმეში სასწრაფოდ ჩარტო ეს-ეს-ის მეორე სატანკო კორპუსი. სატანკო კორპუსი, რომელიც იმჟამად შედგებოდა მე-9 და მე-10 ეს-ესის სატანკო დივიზიებისგან, მოკავშირეების დიდად არ ანაღვლებდათ. მართალია კვლავაც საგრძნობლად იყო დასუსტებული, აღნიშნული გერმანული ნაწილები ვეტერანებისგან შედგებოდა და სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენდა მსუბუქად აღჭურვილი პარაშუტისტებისთვის.

მოდელს მიაჩნდა, რომ აღნიშნული სიტუაცია არა მხოლოდ დიდ საფრთხეს, არამედ თავის თავად ერთგვარ შესაძლებლობასაც წარმოადგენდა გერმანიას განეხორციელებინა კონტ-შეტევა და სამხრეთი ნიდერლანდი მოწინააღმდეგისაგან გაეწმინდა. მან აუკრძალა თავის დაქვემდებარებაში არსებულ ჯარებს აეფეთქებინათ ხიდი ნიემეგენზე. ამ ტაქტიკური შეცდომის გამოკლებით, მიიჩნევა რომ მარკეტ გარდენის დროს მოდელმა შესანიშნავად გაართვა თავი მოკავშირებიის წინააღმდეგ ბრძოლას და შედეგად დამარცხება აგემას მოწინააღმდეგეს. ბრიტანული პირველი საპარატუშო დივიზიის განადგურებით მოკავშირეებმა დაკარგეს ყოველგვარი იმედი ხიდების ხელში ჩაგდების და ახალ წლამდე გერმანიაზე შეტევის. მარკეტ გარდენი იქნებოდა პირველი და უკანასკნელი მსხვილი მასშტაბის ოპერაცია დასავლეთის ფრონტზე, სადაც მოკავშირეები დამარცხდებოდნენ და ამაში ლომის წვრილი სწორედ მოდელს მიუძღვის.

არჰემთან ბრძოლებმა მოდელს აღუდგინეს თვით-შეფასება, რომელიც საკმაოდ დაბალ დონეზე ჰქონდა დაყვანილი, ნორმანდიაში განცდილი დამარცხებების შემდგომ.[55] სექტემბრიდან დეკემბრამდე მან კიდევ ერთი მოზრდილი შეტევა მოიგერია მოკავშირეების, ამჯერად ომარ ბრედლის მე-12 ამერიკული არმიათა ჯგუფის ჰიურტგენის ტყესა და აჰენთან. მოდელმა მნიშვნელოვნად შეაჩერა მოკავშირეების წინსვლა, მძიმე დანაკარგები მიაყენა მათ და სრულად გამოიყენა ზიგფრიდის ხაზზე არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობები.

ჰიურტგენის ტყეში გამართული ბრძოლების დროს ამერიკის არმიამ 33 000 კაცი დაკარგა, ხოლო გერმანიამ 12-16 ათასი. საბოლოოდ აჰემი 22 ოქტომბერს აიღო ამერიკულმა მე-9 არმიამ, კვლავ მძიმე დანაკრგების ფასად. ჰიურტგენის ბროლამ იმხელა დანაკარგები გამოიწვია ამერიკელთა მხარეს, რომ "პირველი მაგნიტუდის სახის დამარცხება" უწოდეს, რაც სწორედ მოდელის დამსახურება იყო.[56][57][58]

მარკეტ გარდენის დროს მოპოვებული ტაქტიკური გამარჯვების შემდგომ ჰიტლერმა გადაწყვიტა გადასულიყო შეტევაზე კიდევ ერთხელ. აღნიშნული მასიური შეტევითი ოპერაცია უნდა განხორციელებულიყო მოულოდნელად და საბოლოო მიზანს წარმოადგენდა საპორტო ქალაქ ანტვერპენის დაკავება. ამ ქალაქის და პირველ რიგში პორტის დაკარგვით, მოკავშირეები იძულებულნი გახდებოდნენ კვლავ ნორმანდიის გავლით მოემარაგებინათ ჯარი, რაც აღნიშნულ სამუშაობს ბევრად გაართულებდა.[59] აღნიშნული შეტევა აგრეთვე განხორციელდებოდა ამერიკულ და ბრიტანულ ჯარებს შორის, რასაც წესით უნდა გამოეწვია ისედაც დაძაბული ბრიტანულ-ამერიკული ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესება.

მოდელი, რუნშტედი და კრებსი, 1944 წლის ნოემბერი

მოდელს, ისევე როგორც სხვა გერმანულ მეთაურებს სჯეროდათ, რომ ომის ამ სტადიაზე გერმანიას უბრალოდ აღარ ჰყოფნიდა რესურსი მსგავსი სახის შეტევითი ოპერაციები წარმატებულად შეესრულებინა.[60] მოდელსაც და რუნშტედსაც მიაჩნდათ, რომ მხოლოდ თავდაცვითი ოპერაციების ჩატარებით გერმანია მაქსიმუმ ომის დასრულების გადავადებას მოახერხებდა. შედეგად მოდელმა შეიმუშავა ოპერაცია "შემოდგომის ნისლი" (Herbstnebel) - შედარებით ნაკლებად ამბიციური გეგმა, რომელიც არ ითვალისწინებდა მდინარე მაასის გადალახვას, მაგრამ წარმატების შემთხვევაში საკმაოდ მძმე დარტყმას მიაყენებდა იმ არმიებს, რომლებიც საფრანგეთი-გერმანიის საზღვარს იყვნენ მიმდგარნი.[60] მსგავსი ტიპის გეგმა ჰქონდა შემუშავებული აგრეთვე რუნშტედსაც[61] ამიტომაც ორმა ფელდ-მარშალმა თავისი იდეები გააერთიანა და ჰიტლერს თავიაანთი ერთგვარი გამოსავალი შესთავაზეს.[62] ჰიტლერმა მათი გეგმა უარყო და მოითხოვა "შედარებით უფრო დიდი გამოსავალი" და ბრძანებად გასცა ანტვერპენის აღება.[63][64][65]

ოპერაციისთვის მოდელის განკარგულებაში იყო მე-6 სატანკო არმია, მე-5 სატანკო არმია და მე-7 არმია, რომელთა შეიარაღებაში იყო ჯამში 2000 ტანკი და დაახლოებით ამდენივე თვითმფრინავი. აღნიშნული იყო დაცემის პირას მისული მესამე რაიხის უკანასკნელი რეზერვები.[66] მიუხედავად პესიმისტური შეხედულებისა, მოდელი ჩვეული ენერგიით შეუდგა ოპერაციისთვის სამზადისს. როდესაც ერთ-ერთმა ოფირცერმა რესურსების სიმცირეზე დაიწუწუნა, მან მიუგო: "თუკი რაიმე გაკლია, წადი და ამერიკელებს წაართვი".[67] მოდელი კარგად აცნობიერებდა ოპერაციის მნიშვნელობასაც და შესაძლო შედეგსაც. როდესაც მასთან ერთ-ერთმა პოლკოვნიკმა დაიწუწუნა იმის შესახებ, რომ ოპერაციის ფარგლებში დაგეგმილი საპარაშუტო დესანტის წარმატების შანსი 10 % ნაკლები იყო, მოდელმა მიუგო "მაშინ აღნიშნული საპარაშუტო გადახტომა აუცილებელია, რადგან მთლიანად ამ ოპერაციის წარმატების შანსი არ არის 10 %-ზე მაღალი, მაგრამ ომის ჩვენს სასარგებლოდ დასრულების ერთადერთი საშუალებაა".[68][69]

ოპერაცია 1944 წლის 16 დეკემბერს დაიწყო და თავდაპირველად გერმანელებმა რამდენიმე ტაქტიკურ გამარჯვებას მიაღწიეს, მაგრამ სულ მალე საჰაერო მხარდაჭერის არარსებობის, ჯარების უმრავლესობის გამოუცდელობისა და საწვავის სიმცირის გამო საბოლოო ჯამში იგი წარუმატებელი გამოდგა. მე-6 სატანკო არმია ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა და მართალია მე-5 სატანკო არმიამ თავდაპირველად გაარღვია მოკავშირეების პოზიციები, აღნიშნულის სასიკეთოდ გამოყენება ვერ მოხერხდა. გერმანელებმა ცხარე ბრძოლის მიუხედავად ბასტონთან არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გზაჯვარედინის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხეს. ამას დამატებული ცუდი ამინდი, ცუდი გზები და შემდგომში მოკავშირეთა საჰაერო უპირატესობა (ოპერაციის დასაწყისში ცუდი ამინდის გამო მოკავშირეები საჰაერო მხარდაჭერის გარეშე იყვნენ დარჩენილნი) გერმანელების ისედაც ცუდი მომარაგება პრაქტიკულად საერთოდ შეწყდა. 25 დეკემბრისათვის შეტევა შეჩერდა, ხოლო 8 იანვარს საერთოდ დასრულდა.[70]

ბალჟის ბრძოლაში განცხდილი დამარცხებით დასრულდა ჰიტლერისა და მოდელის ურთიერთობა. ცოტა ხანში მან გამოსცა ბრძანება და დასავლეთის ფრონტზე მყოფი ყველა შენაერთი მის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადავიდა, რითაც შეზღუდა მოდელის მოქმედებათა დამოუკიდებლობა. ნებისმიერი შემოთავაზება, რომ გერმანიას დაეთმო დაკავებული პოზიციების რაღაც ნაწილი, რათა უკეთეს ადგილას გამაგრებულიყვნენ უარით იქნა გასტუმრებული და აიკრძალა მიწის ერთი ინჩის მოწინააღმდეგისათვის დანებებაც კი.[71]

შუა მარტისთვის მოდელი და მისი ჯარისკაცები იძულებულნი გახდნენ მიეტოვებინათ რაინი და ბრძოლა გაეგრძელებინათ უკვე გერმანიის ტერიტორიაზე. უკან დახევისას გერმანელებმა ვერ შეძლეს ლუდენდორფის ხიდის განადგურება, რითაც ამერიკულ ძალებს მიეცათ შესაძლებლობა დაუბრკოლებლად გადაელახათ რაინი.[72]

1 აპრილს არმიათა ჯგუფი ბ მთლიანად ალყაში აღმოჩნდა რურის მიდამოებში ამერიკული პირველი და მეცხრე არმიების მიერ.[73] ჰიტლერის რეაქცია ამ ყველაფერზე იყო ის, რომ რური გამოაცხადა ციხესიმაგრედ და არცერთ მეომარს არ უნდა გაებედა არც ტყვედ ჩაბარება და არც რაიმე სახით ალყის გამორღვევა (ისევე როგორც სტალინგრადში). მან აგრეთვე გამოაცხადა, რომ რურში არსებული ინფრასტრუქტურა (რურის რაიონი გერმანიის სამრეწველო და ინდუსტრიულ გულს წარმოადგენდა) განადგურებულიყო არმიათა ჯგუფ ბ-ს მიერ, რათა არ მომხდარიყო მისი მტრის ხელში ჩავარდნა. მოდელმა ამ მითითებებს იგნორი გაუკეთა.[74][75]

15 აპრილს, მას შემდეგ რაც ამერიკელებმა ალყაში მოქცეული გერმანელები შუაზე გახლიჩეს, ამერიკულმა სარდლობამ მოდელს მოუწოდა დანებებულიყო და არ გაეწირა დარჩენილი ჯარისკაცების სიცოცხლე იმ გამოუვალი სიტუაციიდან გამოყვანის მცდელობაში, რაშიც იმყოფებოდა არმიათა ჯგუფი ბ.[76] პასუხად მათ მიიღეს, რომ მოდელი თავს კვლავ მიიჩნევდა ფიურერისა და გერმანიის ერთგულად და მისი ფორმალური დანებება გამორიცხული იყო. თუმცა მან წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად, ბრძანა არმიათა ჯგუფი ბ დაშლილიყო.[77] ყველაზე ახალგაზრდა და მოხუცი ჯარისკაცები გაათავისუფლეს სამხედრო სამსახურისგან,[77] ხოლო დარჩენილებს კი მიეცათ არჩევანი ჩაბარებულიყვნენ მტერს ან ეცადათ და ალყიდან გაეღწიათ.[78] მე-5 სატანკო არმიას მანამდე ჰქონდა იარაღი დაყრილი, ვიდრე ბრძანებას გასცემდნენ. 20 აპრილს იოზეფ გებელსის პროპაგანდამ არმიათა ჯგუფი ბ და მისი მებრძოლები სამშობლოს მოღალატეებად შერაცხა, რაც იყო ბოლო ურთიერთობა მოდელსა და მესამე რაიხს შორის.[79][80]

მოდელის ბრძანებამ მისი მეომრებისთვის ომი დაასრულა, მაგრამ თვითონ არანაირი სურვილი არ ჰქონდა ენახა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შედეგები. მის გადაწყვეტილებაზე თავი მოეკლა საბოლოოდ იმოქმედა ახალმა ამბავმა, რომ საბჭოთა კავშირი პირადად მას სდებდა ბრალს ლატვიის საკონცენტრაციო ბანაკებში 577 000 ადამიანის დაღუპვასა და 175 000 ადამიანის გადასახლებაში.[75][80] მან თავი პისტოლეტით მოიკლა 1945 წლის 21 აპრილს, ტყეში, მაგრამ მანამდე მის შესახებ არსებული ცნობების დიდი ნაწილი პირადად დაწვა.

1955 წელს, მისმა შვილმა შეძლო და მამის ნეშტი ჰიურტგენის ტყეში არსებულ სამხედრო სასაფლაოზე გადაასვენება.


  1. Find a Grave — 1996.
  2. 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 Munzinger Personen
  5. 5.0 5.1 Модель Вальтер // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  6. 6.0 6.1 TracesOfWar
  7. Newton 2006, p. 362.
  8. Newton 2006, pp. 120–134.
  9. Stockert 1996, p. 356.
  10. 10.0 10.1 Newton 2006, pp. 150–156.
  11. Newton 2006, pp. 160–167.
  12. Haupt 1997, p. 197.
  13. Newton 2006, p. 206.
  14. Ziemke, Moscow to Stalingrad.
  15. 15.0 15.1 15.2 Glantz 1999, p. 289.
  16. Stein 2001, p. 19.
  17. Newton 2006, p. 162.
  18. Newton 2006, pp. 212–216.
  19. Werth 1964.
  20. Ziemke 1986, pp. 129–130.
  21. Clark 1995, p. 324.
  22. Newton 2006, pp. 218–220.
  23. Newton 2002, pp. 102–105.
  24. Zetterling & Frankson 2000, pp. 15–20.
  25. Frieser 2007, p. 185.
  26. Koltunov, p. 82.
  27. Newton 2006, pp. 255–262.
  28. Ziemke 1986, pp. 139–142.
  29. Glantz & House 1999, p. 240.
  30. Newton 2006, pp. 265–267.
  31. 31.0 31.1 Ziemke 1986, p. 257.
  32. 32.0 32.1 Ziemke 1986, p. 258.
  33. Ziemke 1986, p. 255.
  34. 34.0 34.1 Newton 2006, pp. 273–275.
  35. Ziemke 1986, p. 265.
  36. 36.0 36.1 Ziemke 1986, p. 286.
  37. Clark 1995, p. 381.
  38. 38.0 38.1 Ziemke 1986, p. 324.
  39. 39.0 39.1 Ziemke 1986, pp. 322–323.
  40. Newton 2006, pp. 291–292.
  41. Mitcham 2001, pp. 45–47.
  42. Newton 2006, pp. 291, 293.
  43. Ziemke 1986, pp. 325.
  44. Adair 1994, p. 164.
  45. Zaloga 1996, p. 72.
  46. Ziemke 1986, p. 327.
  47. Ziemke 1986, p. 332.
  48. Newton 2006, p. 283.
  49. Ziemke 1986, p. 341.
  50. Ziemke 1986, p. 257, 286, 324.
  51. Ziemke 1986, p. 343.
  52. Speidel 1950, pp. 130–131.
  53. Newton 2006, p. 308.
  54. Newton 2006, p. 317.
  55. Newton 2006, p. 322.
  56. Whiting 1989, pp. xi–xiv, 271–274.
  57. MacDonald 1963, pp. 102–103.
  58. Newton 2006, pp. 323–326.
  59. Cole 1965, p. 2.
  60. 60.0 60.1 Cole 1965, p. 26.
  61. Cole 1965, p. 25.
  62. Cole 1965, p. 27.
  63. Parker 1999, pp. 95–100.
  64. Mitcham 2006, p. 38.
  65. Newton 2006, pp. 329–334.
  66. Newton 2006, pp. 327–329.
  67. Newton 2006, p. 334.
  68. Newton 2006, p. 336.
  69. Mitcham 2006, p. 49.
  70. Mitcham 2006, pp. 155–158.
  71. Newton 2006, pp. 348–349.
  72. MacDonald 1973, pp. 208–235.
  73. MacDonald 1973, p. 359.
  74. Newton 2006, pp. 352–353.
  75. 75.0 75.1 D'Este 1989, p. 329.
  76. MacDonald 1973, p. 370.
  77. 77.0 77.1 MacDonald 1973, p. 369.
  78. MacDonald 1973, pp. 369–370.
  79. Newton 2006, pp. 356–357.
  80. 80.0 80.1 Mitcham 2006, p. 165.