შინაარსზე გადასვლა

თავისუფალი ბაზარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თავისუფალი ბაზარისაბაზრო სისტემა, რომელშიც საქონლისა და მომსახურების ფასები გამყიდველებსა და მომხმარებლებს შორის თავისუფლად, გარე ძალების ჩაურევლად მიღწეული შეთანხმების შედეგია. ამგვარ ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის კანონები და ძალები თავისუფალია მთავრობის, ფასების დამწესებელი მონოპოლიის ან რაიმე სხვა ძალაუფლების გავლენისაგან. თავისუფალი ბაზარი უპირისპირდება კონტროლირებად ბაზარს ან რეგულირებად ბაზარს, რომელშიც ხელისუფლება, მთავრობა ერევა მიწოდებისა და მოთხოვნების რეგულირებაში არა-საბაზრო მეთოდებით, როგორიცაა, მაგალითად, კანონები, რომლებიც კრძალავს ბაზარზე შემოსვლას ან რომლებიც პირდაპირ აწესებენ ფასებს. თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა (საბაზრო ეკონომიკა) არის ბაზარზე დამყარებული ეკონომიკა, სადაც საქონლისა და მომსახურების ფასები თავისუფლად ყალიბდება მიწოდებისა და მოთხოვნის ძალების მიერ და მათ საშუალება გააჩნიათ, რომ მიაღწიონ წონასწორობის წერტილს სამთავრობო პოლიტიკის ჩარევის გარეშე. ჩვეულებრივ, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა გულისხმობს ძლიერ კონკურენტული ბაზრების მხარდაჭერას და სამრეწველო საწარმოების კერძო საკუთრებასაც (ანუ კაპიტალიზმს). მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად თავისუფალი ბაზარი ასოცირდება კაპიტალიზმთან ამ სიტყვის თანამედროვე აზრით (და ასევე პოპულარულ კულტურაშიც), თავისუფალ ბაზრებზე ხშირად აგებენ თავიანთ თეორიებს ანარქისტები, სოციალისტები და ა.შ.[1]

ეკონომიკური სისტემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლესე-ფერის პრინციპი (ფრანგ. laissez-faire — „დაგვანებეთ კეთება“, „მოგვეცით მოქმედების თავისუფლება“) გამოხატავს ეკონომიკურ ურთიერთობათა მონაწილეების სურვილს, რომ არ იქნას გამოყენებული არა-საბაზრო ზეწოლა ფასებზე და ხელფასებზე, როგორიც იქნებოდა სამთავრობო გადასახადები, სუბსიდიები, ტარიფები, რეგლამენტები (ქურდობისგან და ყადაღისგან დაცვის გარდა), ანდა სამთავრობო მხარდაჭერის მქონე მონოპოლიები. ფრიდრიხ ჰაიეკი „კაპიტალის წმინდა თეორიაში“ ამტკიცებდა, რომ ამ პრინციპის მთავარი მიზანია იმ უნიკალური ინფორმაციის დაცვა, რომელსაც თვითონ თავისთავადი, წონასწორული ფასი შეიცავს.[2]

თავისუფალი ბაზრის ცნება და განმარტება დიდი ხნის განმავლობაში სადავო რჩებოდა და ფრიად რთულდებოდა კოლექტივისტი პოლიტიკური ფილოსოფოსებისა და სოციალისტური ეკონომიკური იდეების გავლენით.[3] ეს წინააღმდეგობრივი აზრები წამოვიდა კლასიკოს ეკონომისტთა განხეთქილებებიდან, რომლის ერთ მხარეს იყვნენ პოლიტეკონომიის ფუძემდებლები ადამ სმითი, დეივიდ რიკარდო და თომას მალთუსი, ხოლო ევროპული კონტინენტური პოლიტეკონომიური აზრი კი, რომელიც წარმოდგენილი იყო ძირითადად ესპანელი სქოლასტიკოსებითა და ფრანგი კლასიკოსი ეკონომისტებით, მათ დაუპირისპირდა. კერძოდ, მეორე ბანაკიდან უნდა ვახსენოთ: რიშარ კანტიიონი, ან-რობერ-ჟაკ ტურგო, ჟან-ბატისტ საი და ფრედერიკ ბასტია. სმითმა უარყო სუბიექტური ღირებულების თეორია და ამტკიცებდა, რომ არარეგულირებადი ბაზარი მიდრეკილი იყო მონოპოლიების წარმოქმნისაკენ, მაშასადამე, დიდხანს ვერ დარჩებოდა თავისუფალი.

მარგინალური რევოლუციის დროს (ეკონომიკის თეორიაში ზღვრული სარგებლიანობის შემოტანით გამოწვეული რევოლუციისას) სუბიექტური ღირებულების თეორია ხელახლა იქნა აღმოჩენილი.[4]

სოციალისტური ეკონომიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალიზმის სხვადასხვა ფორმები, რომლებიც ემყარებოდა თავისუფალი ბაზრის ცნებას ან რომლებსაც პრეტენზია ჰქონდა თავისუფალ ბაზრებზე, არსებობდა XIX საუკუნიდან. თავისუფალი ბაზრის ადრეულ მომხრეებს შორის შეიძლება მოვიყვანოთ სოციალისტები: პიერ-ჟოზეფ პრუდონი, ბენჯამენ თაქერი და რიკარდოს მიმდევარი სოციალისტები, რომელთაც სჯეროდათ, რომ ნამდვილად თავისუფალი ბაზრები და ნებაყოფილობითი გაცვლა ვერ იარსებებდა კაპიტალისტური ექსპლუატაციის პირობებში.

სოციალისტთა აზრები ფართო საზღვრებში იცვლებოდა. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ თავისუფალი ბაზარი შეიძლება მიღწეული ყოფილიყო მშრომელთა კოოპერატივების სხვადასხვა ფორმების პირობებში, რომლებიც კოორდინირებული იქნებოდნენ იმგვარი თავისუფალი ბაზრებით, როგორიცაა მუტუალიზმი (ეკონომიკური თეორია). მეორეთა შეხედულებით, სახელმწიფო საწარმოები ერთმანეთთან კონკურენციაში შევიდოდნენ ღია და არარეგულირებად ბაზრებში. სოციალიზმის ეს მოდელები არ უნდა აგვერიოს ე.წ. „საბაზრო სოციალიზმის“ სხვა ფორმებთან (მაგალითად, ლანგეს მოდელთან), სადაც ხალხის საკუთრებაში მყოფი საწარმოები კოორდინირდება ეკონომიკური დაგეგმვის საშუალებით, რომელიც აწესებს ფასებს საქონლის ძირითად სახეებზე.

ლეონ ვალრასმა, რომელიც ეკონომიკის ნეოკლასიკური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, დიდი წვლილი შეიტანა საერთო წონასწორობის თეორიის ფორმულირებაში. იგი ამტკიცებდა, რომ თავისუფალი კონკურენცია რეალიზებული შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც მიწა და ბუნებრივი რესურსები სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. დამატებით, ამ პირობებში შეიძლება გაუქმებულიყო საშემოსავლო გადასახადები, რადგანაც სახელმწიფო ისედაც მიიღებდა შემოსავალს ამგვარი რესურსების განკარგვით.[5]

თავისუფალი საბაზრო სოციალიზმის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო იაროსლავ ვანეკი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი ბაზარი შეუძლებელია არსებობდეს წარმოების საშუალებების კერძო საკუთრების პირობებში, რადგანაც კლასობრივი განსხვავებები და უთანაბრობები შემოსავლისა და ძალაუფლების განაწილებაში, რაც მოდის კერძო საკუთრებიდან, საშუალებას აძლევს მმართველ კლასს, რომ ბაზარი თავიანთ სასარგებლოდ განაგონ მონოპოლიის ან საბაზრო ძალაუფლების სახით, ანდა იმ ფორმით, რომ გამოიყენონ თავიანთი სიმდიდრე და რესურსები და თავიდან აიცილონ სამთავრობო რეგლამენტები თავიანთი ბიზნეს-ინტერესების სასარგებლოდ.[6] დამატებით, ვანეკი თვლიდა, რომ მშრომელებს, რომლებიც იშრომებდნენ კოოპერატიულ ან თვითმმართველობით საწარმოებში, ექნებოდათ უფრო მეტი სტიმული პროდუქტიულობის მაქსიმალიზაციისათვის, რადგანაც თავიანთ ფიქსირებულ ხელფასზე დამატებით ისინი მიიღებდნენ წილს მოგებიდან (როცა მთელი საწარმოს ეფექტიანობა გაიზრდებოდა). შემოსავლის განაწილების ჭარბი უთანაბრობები, რომლებიც კერძო საკუთრებიდან მომდინარეობს, სოციალისტური სისტემის მხარდამჭერთა მიერ განიხილებოდა კაპიტალისტური სისტემის სოციალური არასტაბილურობის წყაროდ. მათი აზრით, კაპიტალიზმს ამის გამოსასწორებლად სჭირდება შეიმუშავოს ძვირადღირებული სოციალური დაცვის სისტემა და დამატებითი დაბეგვრის სისტემა ხელახალი გადანაწილების მიზნით. შესაბამისი ადმინისტრაციის შენახვა დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, რაც ამცირებს ინიციატივას შრომაში, ზრდის უპატიოსნო თამაშის რისკებს და ასევე გადასახადებისგან თავის არიდების რისკს. ამგვარად, საჭირო უნდა გახდეს სამთავრობო რეგულაცია და ჩარევები ბაზრებში და საბაზრო ეკონომიკის მთლიანი ეფექტიანობა უნდა შემცირდეს.[7]

არა-ლესე-ფერის კაპიტალისტური სისტემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუის ო. კელსოსა და ჯეიმზ ს. ალბუსის აზრით, კაპიტალისტურ თავისუფალ ბაზარზეც შეიძლება მიღწეული იქნას სტიმულირება პროდუქტიულობის მაქსიმუმის მისაღწევად (ვანეკი ფიქრობდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო მხოლოდ სოციალისტურ ეკონომიკაში), თუკი წარმოებაში ნორმა იქნებოდა მშრომელთა საკუთრებაში მყოფი კომპანიები.

მიწოდება და მოთხოვნა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხოვნა რაიმე არტიკულის მიმართ (იგულისხმება რაიმე საქონელი ან მომსახურება) გულისხმობს ბაზარზე ზეწოლას იმ ხალხისგან (პოტენციური მომხმარებლებლისგან), რომლებიც ცდილობენ რომ იგი შეიძინონ. მყიდველებს გააჩნიათ მაქსიმალური ფასი, რომლის გადახდის სურვილიც მათ ჯერ კიდევ ექნებათ, ხოლო გამყიდველებს გააჩნიათ მინიმალური ფასი, სულ მცირე, რისი მიღების სურვილიც აქვთ, როდესაც თავიანთ პროდუქტს ყიდიან. ის წერტილი, სადაც მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდები ერთმანეთს ხვდებიან, წარმოადგენს საქონლის ან მომსახურების წონასწორულ ფასს მოცემულ რაოდენობებზე. ის მყიდველები, რომლებსაც სურთ გაყიდონ თავიანთი საქონელი/მომსახურება წონასწორულ ფასზე უფრო იაფად, იღებენ მათ შორის განსხვავებას, ე.წ., ზედმეტ ღირებულებას, როგორც მოგებას. ის მყიდველები, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ გადაიხადონ უფრო მეტი ფასი საქონელში/მომსახურებაში, ვიდრე ეს წონასწორული ფასია, იღებენ განსხვავებას სამომხმარებლო ზედმეტობის სახით.[8]

ეს მოდელი ხშირად გამოიყენება შრომის ბაზარზე ხელფასების მიმართ. ამ შემთხვევაში მიმწოდებლისა და მომხმარებლის ტიპური როლები შებრუნებულია. მიმწოდებლები ინდივიდებია, რომლებიც ცდილობენ თავიანთი საწარმოო ძალის გაყიდვას, რაც შეიძლება, უფრო მაღალ ფასში. მომხმარებლები კი არიან ბიზნესები (კომპანიები), რომლებიც ცდილობენ შეიძინონ თავიანთთვის საჭირო საწარმოო ძალის სახე, რაც შეიძლება, უფრო დაბალ ფასად. თუ მეტი ინდივიდი სთავაზობს თავიანთ ძალას ბაზარზე, წონასწორული ხელფასი მცირდება, დაქირავების წონასწორული დონე იზრდება და მიწოდების მრუდი კი მარჯვნივ გადაიწევა. თუ უფრო ცოტა ინდივიდი ეძებს სამუშაოს, მაშინ საწინააღმდეგო მოვლენას აქვს ადგილი და მიწოდების მრუდი გადაიწევა მარცხნივ.[9]

თავისუფალ ბაზარზე ინდივიდები და ფირმები, რომლებიც ამგვარ გარიგებებში მონაწილეობენ, თავისუფალნი არიან, რომ შევიდნენ ან დატოვონ ბაზარი, მიიღონ მონაწილეობა იმ ზომით, როგორითაც სურთ, ანუ თავიანთი თავისუფალი არჩევნის მიხედვით. ფასების და რაოდენობების ცვლა ნებადართულია ეკონომიკური პირობების მიხედვით, რათა მიღწეული იქნას წონასწორობა და სწორად იქნას განაწილებული რესურსები. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მთავრობები ცდილობენ, ჩაერიონ თავისუფალ ბაზრებში იმისათვის, რომ მიაღწიონ გარკვეულ სოციალურ ან პოლიტიკურ მიზნებს.[10] მთავრობები შეიძლება ცდილობდნენ, რომ შექმნან სოციალური თანასწორობა ან შემოსავლის თანასწორობა იმგვარი აქტებით, რომლებიც ეხება, მაგალითად, მინიმალურ ხელფასს (ე.წ. „ხელფასის იატაკს“) ანდა მზარდი ფასების კონტროლს (ე.წ. „ფასების ჭერს“). სხვა ნაკლებად უფრო ცნობილი მიზნებიც იწვევს ხოლმე ამგვარ ჩარევას, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკაში ფედერალური მთავრობა სუბსიდიებს აძლევს ნაყოფიერი მიწების მესაკუთრეებს იმ მიზნით, რომ მათ არ მოიყვანონ მოსავალი, მიწოდების მრუდი არ წანაცვლდეს მარჯვნივ და არ დასწიოს წონასწორული ფასი. ამგვარ ჩარევებს მთავრობა ამართლებს იმით, რომ ეს საბოლოო ჯამში ფერმერების სასარგებლოდ ხდება; რადგანაც მცენარეულზე მოთხოვნა შედარებით არაელასტიურია, გაზრდილი მიწოდება შეამცირებდა ფასს, მაგრამ მნიშვნელოვნად გაზრდიდა მოთხოვნილ რაოდენობებს და ამრიგად შექმნიდა წნეხს ფერმერებზე (მათ ნაწილზე, რომლებიც შედარებით უნაყოფო მიწებს ფლობს), რომ მათ დაეტოვებინათ ბაზარი.[11]

მთავრობის ჩარევამ თავისუფალ ბაზრებში შეიძლება შეაფერხოს ეკონომიკური ზრდა, მეწარმეობა და ჯანსაღი ეკონომიკა რესურსების ბუნებრივი განაწილების დამახინჯებით (როგორც ამას მოითხოვს მოთხოვნა და მიწოდება). მილტონ ფრიდმანი მიუთითებდა ხოლმე ცენტრალური დაგეგმვის, სახელმწიფო კორპორაციებისა და ფასების კონტროლის ჩავარდნებზე, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირში და კომუნისტურ ჩინეთში.[12]

ეკონომიკური წონასწორობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგადი წონასწორობის თეორიამ აჩვენა, სხვადასხვა დროს მათემატიკური სიცხადის ცვალებადი ხარისხებით, რომ კონკურენციის გარკვეულ პირობებში მიწოდებისა და მოთხოვნის კანონი ბატონობს იდეალურ თავისუფალ და კონკურენტულ ბაზარზე, ფასებს აიძულებს, რომ მიაღწიონ წონასწორობას, რომელიც დააბალანსებდა მოთხოვნას და მიწოდებას.[13] ამ წონასწორულ ფასებზე ბაზარი აწვდის პროდუქციას შემსყიდველებს თითოეული შემსყიდველის სარგებლიანობის მიხედვით თითოეულ პროდუქტთან მიმართებაში და ეს ხორციელდება თითოეული მყიდველის შემსყიდველი უნარის ფარგლებში. ეს შედეგი ატარებს ბაზრის ეფექტიანობის სახელწოდებას, ხანდახან კი მას პარეტოს ოპტიმუმს უწოდებენ.

თავისუფალი ბაზრების ეს გამაწონასწორებელი ქცევა მოითხოვს გარკვეულ დაშვებებს მათი აგენტების და მოქმედი ძალების შესახებ, რომლებიც ერთობლიობაში ცნობილია სრულყოფილი ანუ პატიოსანი კონკურენციის სახელწოდებით. ამგვარი დაშვებები სრულად ვერ იქნება მიღწეული რეალურ ბაზრებზე, მაგალითად, ვერ იქნება მიღწეული სრული ინფორმირება, ურთიერთგაცვლადი საქონელი და მომსახურებები და საბაზრო ძალაუფლების სრული არქონა. აქ უკვე ისმება კითხვა, რომ ამგვარი პირობების მიახლოებითმა წარმოდგენამ შეიძლება მოგვცეს ბაზრის ეფექტიანობის გათვლის მიახლოებითი ბუნება და ცდომილებები, შეიძლება ასევე ვერ იქნას სწორად გათვლილი თუ კონკურენციის რომელი ჩავარდნები გამოიწვევენ მთლიანი ბაზრის ჩავარდნებს. რამდენიმე ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში გაიცა სწორედ იმ ანალიზებისათვის, რომლებიც ეხებოდა საბაზრო ჩავარდნებს ასიმეტრიული ინფორმირების პირობებში.

შემოსვლის დაბალი ბარიერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისუფალი ბაზარი იმანენტურად არ მოითხოვს კონკურენციის არსებობას, მაგრამ იგი მოითხოვს იმგვარ სტრუქტურას, რომლებიც შემოსვლის ნებას დართავდა ახალ მონაწილეებს. მაშასადამე, იძულებითი ბარიერების არქონის შემთხვევაში და დაბალი შემოსასვლელი ფასის მქონე ბაზრებზე, როგორც ამას საზოგადოდ გაბატონებული თვალსაზრისი ამტკიცებს, კონკურენცია თავისთავად ყვავის. თავისუფალი ბაზრის არსებობა სწორედ ასევე გულისხმობს მოგების მოტივის თანაარსებობასაც, თუმცა თავისთავად მოგება აუცილებელი არაა თავისუფალი ბაზრისთვის. თანამედროვე გაგებით, ყველა თანამედროვე თავისუფალი ბაზარი გულისხმობს მეწარმეთა მონაწილეობასაც, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეთა, ასე კომპანიებისაც. სწორედ ასევე, ტიპურად, თანამედროვე თავისუფალ ბაზარს ექნება სხვა ელემენტებიც, როგორიცაა საფონდო ბირჟა და ფინანსური მომსახურებების სექტორი, მაგრამ მათი არსებობა გადამწყვეტი არაა თავისუფალი ბაზრისათვის.

სპონტანური წესრიგი და „უხილავი ხელი“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრიდრიხ ჰაიეკი მხარს უჭერდა კლასიკურ ლიბერალურ შეხედულებას, რომ საბაზრო ეკონომიკა უზრუნველყოფს სპონტანურ მოწესრიგებას, რომლის შედეგადაც „საზოგადოების რესურსები ნაწილდება გაცილებით უკეთ, ვიდრე ამის ორგანიზებას რაიმე გონივრული სქემა მოახერხებდა“.[14] ამ თვალსაზრისის თანახმად, საბაზრო ეკონომიკა ხასიათდება რთული გარიგებითი ქსელების წარმოქმნით, რომლებიც აწარმოებენ და ანაწილებენ საქონელსა და მომსახურებას. ეს ქსელები არაა განზრახ შექმნილი, არამედ გვევლინება, როგორც დეცენტრალიზებული მრავლობითი ინდივიდუალური ეკონომიკური გადაწყვეტილებების შედეგი. სპონტანური წესრიგის იდეა წარმოადგენს ადამ სმითის მიერ მოწოდებული „უხილავი ხელის“ ცნების გავრცობას. სმითი წერდა:

„როდესაც ჩვენ შინაურ საქონელს ვამჯობინებთ უცხოურ ნაწარმს, ამით ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ; და, ვმართავთ რა ჩვენს წარმოებას იმგვარად, რომ პროდუქცია საუკეთესო ხარისხისა იყოს, ამით მხოლოდ ჩვენს მოგებაზე ვზრუნავთ, რომელიც თითქოსდა უხილავი ხელით მოგვეწოდება. სწორედ ასევე, საკუთარ ინტერესზე ზრუნვით, ხშირად ინდივიდი მთელი საზოგადოების ინტერესებსაც ემსახურება გაცილებით უფრო ეფექტიანად, ვიდრე რომ მას ეს მოენდომებინა განზრახ. სამაგიეროდ, არასოდეს გამიგონია, რომ დიდი სარგებლობა მოეტანოს მას, ვისაც საკუთარი თავისთვის არ სურს სარგებლობა“.

ადამ სმითი, „კვლევა ერთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“.

სმითი მიუთითებდა, რომ სადილს ვინმე უცხო კაცი არ შოულობს ყასბის, ფერმერის ან მცხობელის ძმური ან ზოგადადამიანური სიყვარულის და სოლიდარობის ხარჯზე. იგი უბრალოდ მიმართავს მათს საკუთარ ინტერესებს, უხდის რამ მათ თავიანთი შრომისათვის.

„ჩვენ არ მოველით ჩვენს სადილს ყასბის, მელუდის ან მცხობელის კეთილმოსურნეობიდან გამომდინარე, არამედ იმის გამო, რომ ისინი თავიანთ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავენ. ჩვენ არ ვარწმუნებთ მათ ჩვენ საჭიროებებზე საუბრით, არამედ ვესაუბრებით მათს საკუთარ მოგებაზე“.

ადამ სმითი[15]

ამგვარი შეხედულებების მომხრენი ამტკიცებენ, რომ სპონტანური, თავისთავადი წესრიგი აღმატებულია ნებისმიერი სხვა ბუნების წესრიგზე, რომელიც არ აძლებს ინდივიდებს საშუალებას, რომ თავისუფლად აირჩიონ თუ რა აწარმოონ, რა შეიძინონ, რა გაყიდონ და რა ფასად და, მათი აზრით, ეს ხდება ამ თამაშში ჩართული ფაქტორების რაოდენობიდან და სირთულიდან გამომდინარე. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი მცდელობა, აწარმოო ცენტრალური დაგეგმვა, გამოიწვევს მეტ ქაოსს და უწესრიგობას, ნაკლებ ეფექტიან წარმოებას და საქონლისა და მომსახურებების უარეს განაწილებას საბოლოო ჯამში.

კრიტიკოსები, მსგავსი პოლიტეკონომისტი კარლ პოლანისა, სვამენ კითხვას, შეიძლება თუ არა საერთოდ არსებობდეს სპონტანურად მოწესრიგებული ბაზარი, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნებოდა პოლიტიკური ძალებისგან გამოწვეული გამრუდებებისაგან; ისინი გულისხმობენ იმას, რომ თვით ყველაზე თავისუფალი ბაზრებიც კი საჭიროებენ სახელმწიფო ძალაუფლებას, რათა იძულებითი წესით განახორციელოს ზომები: აიძულოს მონაწილენი პატივი სცენ კონტრაქტის პირობებს, მართოს ლეიბორ-იუნიონების (საწარმოო ძალთა გაერთიანებების) ჩამოყალიბება, დაიცვას კორპორაციების უფლებები და მოვალეობები, განმარტოს ის თუ რა შეადგენს დაუშვებელ ინტერესთა კონფლიქტს, გადაწყვიტოს თუ როდის ჩართოს კანონდაცვითი ღონისძიებები და ა. შ.[16]

ძირითადი პრინციპები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი (ინგლ. „მემკვიდრეობის ფონდი“), ანუ მემარჯვენე ინტელექტუალური ძალა, ცდილობდა, რომ მოეხდინა იმ საკვანძო ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც აუცილებელია რომელიმე აღებული ქვეყნის ეკონომიკის თავისუფლების ხარისხის განსასაზღვრავად. 1986 წ. მათ შემოიტანეს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომელიც დაახლოებით 50 ცვლადზეა დამყარებული. ეს და სხვა მსგავსი ინდექსები არ განსაზღვრავენ თავისუფალ ბაზარს, არამედ ზომავენ უბრალოდ ხარისხს, თუ რამდენად არის თანამედროვე ეკონომიკა თავისუფალი, რაც უმეტესად სახელმწიფოს ჩარევისგან თავისუფლებას ეხება. ცვლადები იყოფა შემდეგ უმთავრეს ჯგუფებად:

თითოეულ ჯგუფს მინიჭებული აქვს ციფრული სიდიდე 1-დან 5-მდე. IEF არის ამ სიდიდეთა არითმეტიკული საშუალო, რომელიც ერთ მეასედამდე მრგვალდება. თავდაპირველად, ის ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად კაპიტალისტურად ითვლებოდნენ, მაღალ რეიტინგებს იღებდნენ, მაგრამ მეთოდიკა მას შემდეგ გაუმჯობესებულ იქნა. ზოგიერთი ეკონომისტი, მსგავსად მილტონ ფრიდმანისა და სხვა ლესე-ფერის მომხრე ეკონომისტებისა, ამტკიცებდნენ, რომ ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ თავისუფლებას შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებაა და მართლაც, კვლევები აჩვენებს, რომ ეს ჭეშმარიტია.[17] თუმცა, ჯერ კიდევ გრძელდება დებატი დათვლა-შეფასების მეთოდოლოგიის საკითხებზე.[18][19][20]

თავისუფალი ბაზრის მონუმენტურმა ფონდმა 2009 წელს გამოსცა ე. წ. „შემოთავაზებული კონსენსუსი“ თავისუფალი ბაზრის იმ პრინციპებზე, რომელთა ამოტვიფრაც შესაძლებელი იქნებოდა მონუმენტზე:[21]

  • ინდივიდუალური უფლებები: „თითოეული ჩვენგანი იბადება თანაბარი ინდივიდუალური უფლებებით, რომ ვაკონტროლოთ და დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე, ქონება და თავისუფლება და ვაწარმოოთ ნებაყოფილობითი გარიგებითი (საკონტრაქტო, ხელშეკრულებითი) გაცვლები“.
  • კონსტიტუციურად შეზღუდული მთავრობა: „მთავრობები უფლებამოსილია მხოლოდ ინდივიდუალური უფლებების დაცვაზე, ისინი თავიანთ ძალაუფლებას მართულთა თანხმობის საფუძველზე იღებენ მხოლოდ“.
  • თანაბარი სამართალი კანონის ძალით: „მთავრობა ყველას უნდა თანასწორად ეპყრობოდეს; განსაკუთრებით კი, არ უნდა აჯილდოვებდეს ჩავარდნებს და არ უნდა სჯიდეს წარმატებას“.
  • სუბსიდიარულობა: მთავრობის ძალაუფლება უნდა იქნას გამოყენებული შესაძლებელთაგან ყველაზე უფრო დაბალ (ეკონომიურ) დონეზე“.
  • სპონტანური წესრიგი: „როდესაც ინდივიდუალური უფლებების პატივისცემა ხდება, არარეგულირებადი კონკურენცია მაქსიმუმამდე მიიყვანს საზოგადოების ეკონომიკურ სარგებელს იმ გზით, რომ მიაწვდის მომხმარებელს საქონლისა და მომსახურების უმეტესობას ყველაზე დაბალ ფასებში“.
  • საკუთრების უფლებები: „კერძო საკუთრება არის რესურსების უტილიზაციის ყველაზე უფრო ეფექტიანი გზა“.
  • ოქროს წესი: „მოექეცი სხვებს პატიოსნად და მოითხოვე სამაგიერო პატიოსნება“.

თავისუფალი ბაზრის კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ რეალურ სიტუაციებში თავისუფალი ბაზრები მგრძნობიარეა ფასის დამწესებელი მონოპოლიების წარმოქმნის მიმართ. ამგვარმა მსჯელობამ ბევრგან მიგვიყვანა სამთავრობო ჩარევებამდე, მაგალითად გამოდგება აშშ ანტიმონოპოლიური კანონი.[22]

ორი გამოჩენილი კანადელი ავტორი ამტკიცებს, რომ დროდადრო მთავრობა უნდა ჩაერიოს ბაზარში იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს დიდ და მნიშვნელოვან წარმოებებში კონკურენციების შენარჩუნება. ნაომი კლაინი წერს ამას თავის ნაშრომში „შოკური დოქტრინა“ და ჯონ რალსტონ საული უფრო მეტი იუმორით წერს თავის ნაშრომში „გლობალიზმის კოლაფსი და სამყაროს ხელახლა გამოგონება“. კლაინისა და რალსტონის მიხედვით, კომპანიების გამსხვილება მონოპოლიების ან ოლოგოპოლიების (და, შესაბამისად, ოლიგარქების) შექმნით, მოითხოვს მთავრობის ჩარევას, რათა უზრუნველყოს რაციონალური ფასები და პატიოსანი კონკურენცია. თავისუფალი ბაზრის პრობლემების კიდევ ერთი სახეა სპეკულაცია, რომელიც სარგებლობს ფასების მოკლევადიანი რყევებით და ისეთ დროს და ისეთ ფასებში ყიდულობს და ყიდის საქონელს, რომ მიიღოს სარგებელი შესაბამისი ტიპის გარიგებებით. ამ დროს მისთვის საქონლის ფასი სულაც არ ასახავს მის შინაგან ღირებულებას, არამედ გვევლინება მოგების მიღების მექანიზმად.

ამერიკელი ფილოსოფოსი და ავტორი კორნელიუს უესტი გამოჰყოფს იმ მსჯელობებს, რომლებსაც იგი დოგმატურ არგუმენტებად თვლის ლესე-ფერის ეკონომიკურ პოლიტიკაში და მათ „თავისუფალი ბაზრის ფუნდამენტალიზმს უწოდებს“. უესტმა დაასკვნა, რომ ამგვარი მენტალობა საშუალებას აძლევს ხარბ ოფიციალურ პირებს, რომ მისდიონ მოგების კორპორატიულ ამოცანებს, ხშირად, საყოველთაო სარგებლიანობის ხარჯზე.[23] ამერიკელი პოლიტიკური ფილოსოფოსი მაიკლ ჯ. სანდელი ამტკიცებს, რომ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე აშშ განვითარდა ქვეყნიდან, რომელსაც უბრალოდ ჰქონდა საბაზრო ეკონომიკა, ქვეყანა-ბაზრად, საბაზრო საზოგადოებად, სადაც ფაქტობრივად ყველაფერი იყიდება, მათ შორის, სოციალური და სამოქალაქო ცხოვრების იმგვარი ასპექტები, როგორიცაა განათლება, წვდომა სამართალზე და პოლიტიკური გავლენები.[24] ეკონომიკის ისტორიკოსი კარლ პოლანი ძლიერად აკრიტიკებს ბაზარზე დაფუძნებული საზოგადოების იდეას თავის წიგნში „დიდი ტრანსფორმაცია“ და აღნიშნავს, რომ მსგავსი მცდელობები საფრთხეს უქმნის ადამიანთა საზოგადოებას და საყოველთაო სარგებლიანობას.[25]

თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის კრიტიკა იწყება იმ კრიტიკოსებით, რომლებიც საერთოდ უარყოფენ თავისუფალი ბაზრის კონცეფციას გეგმიური ეკონომიკის სასარგებლოდ (კერძოდ, ამ თვალსაზრისს მხარს უჭერდა ბევრი მარქსისტი) და მთავრდება იმ კრიტიკოსებით, ვისაც სურვილი აქვს, რომ საბაზრო კრიზისები რეგულირდებოდეს სხვადასხვა ხარისხის სამთავრობო ჩარევების შედეგად. ე.წ. კინეზიელი (ჯონ კინზის იდეების მომხრე) ეკონომისტები მხარს უჭერენ მთავრობის საბაზრო ჩარევებს, როგორიცაა, მაგალითად, ფისკალური პოლიტიკის გამოყენება ეკონომიკურ სტიმულად, როდესაც კერძო სექტორზე ზეგავლენას მივყავართ სუბ-ოპტიმალურ ეკონომიკურ შედეგებამდე დეპრესიების ან რეცესიების დროს. ბიზნეს-ციკლის თეორიას კინეზიელები იყენებენ ლიქვიდურობის ხაფანგების ასახსნელად, როდესაც ხორციელდება ნაკლებმოხმარება და ამართლებენ მთავრობის ჩარევებს თავისი ფისკალური პოლიტიკით.

მილტონ ფრიდმანი წერდა: „თავისუფალი ბაზრის კრიტიკის მიღმა უმეტესად იმალება საერთოდ თავისუფლების არსის მიმართ რწმენის ნაკლებობა“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bockman, Johanna (2011). Markets in the name of Socialism: The Left-Wing origins of Neoliberalism. Stanford University Press. ISBN 978-0-8047-7566-3. 
  2. The Pure Theory of Capital, F.A. Hayek, 1941
  3. Popper, Karl (1994). The Open Society and Its Enemies. Routledge Classics. ISBN 978-0-415-61021-6. 
  4. Popper, Karl (2002). The Poverty of Historicism. Routledge Classics. ISBN 0415278465. 
  5. Bockman, Johanna (2011). Markets in the name of Socialism: The Left-Wing origins of Neoliberalism. Stanford University Press, გვ. 21. ISBN 978-0-8047-7566-3. „For Walras, socialism would provide the necessary institutions for free competition and social justice. Socialism, in Walras's view, entailed state ownership of land and natural resources and the abolition of income taxes. As owner of land and natural resources, the state could then lease these resources to many individuals and groups, which would eliminate monopolies and thus enable free competition. The leasing of land and natural resources would also provide enough state revenue to make income taxes unnecessary, allowing a worker to invest his savings and become 'an owner or capitalist at the same time that he remains a worker.“ 
  6. "Cooperative Economics: An Interview with Jaroslav Vanek", interview by Albert Perkins. Retrieved March 17, 2011: http://www.ru.org/51cooper.html დაარქივებული 2016-04-08 საიტზე Wayback Machine.
  7. The Political Economy of Socialism, by Horvat, Branko. 1982. (pp. 197–198)
  8. Judd, Kenneth L. (n.d.): n. pag. NBER. Web. 6 June 2014. <http://www.nber.org/papers/t0208.pdf>.
  9. http://www.nber.org/papers/t0208.pdf
  10. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-22. ციტირების თარიღი: 2015-02-06.
  11. "Farm Program Pays $1.3 Billion to People Who Don't Farm." Washington Post. The Washington Post, 02 July 2006. Web. 03 June 2014. http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2006/07/01/AR2006070100962.html
  12. Ip, Greg and Mark Whitehouse, "How Milton Friedman Changed Economics, Policy and Markets", Wall Street Journal Online (November 17, 2006).
  13. Theory of Value, by Gérard Debreu
  14. Hayek cited. Petsoulas, Christina. Hayek's Liberalism and Its Origins: His Idea of Spontaneous Order and the Scottish Enlightenment. Routledge. 2001. p. 2
  15. Smith, Adam (1776). „2“, Wealth of Nations. W. Strahan and T. Cadell. 
  16. Winner-Take-All Politics: How Washington Made the Rich Richer – and Turned Its Back on the Middle Class by Jacob S. Hacker and Paul Pierson, Simon & Schuster 2010, p. 55
  17. Ayal, Eliezer B. and Karras, Georgios. "Components of Economic Freedom and Growth." დაარქივებული 2008-05-27 საიტზე Wayback Machine. Journal of Developing Areas, Vol. 32, No. 3, Spring 1998, 327–338. Publisher: Western Illinois University.
  18. COLE, Julio H. and LAWSON, Robert A. Handling Economic Freedom in Growth Regressions: Suggestions for Clarification. დაარქივებული 2009-03-25 საიტზე Wayback Machine. Econ Journal Watch, Volume 4, Number 1, January 2007, pp. 71–78.
  19. DE HAAN, Jacob and STURM, Jan-Egbert. How to Handle Economic Freedom: Reply to Lawson. დაარქივებული 2017-10-11 საიტზე Wayback Machine. Econ Journal Watch, Volume 3, Number 3, September 2006, pp. 407–411.
  20. DE HAAN, Jacob and STURM, Jan-Egbert. Handling Economic Freedom in Growth Regressions: A Reply to Cole and Lawson. დაარქივებული 2009-03-25 საიტზე Wayback Machine. Econ Journal Watch, Volume 4, Number 1, January 2007, pp. 79–82.
  21. http://www.freemarketprinciples.com/principles.php
  22. Tarbell, Ida (1904). The History of the Standard Oil Company. McClure, Phillips and Co.. 
  23. "Cornel West: Democracy Matters", The Globalist, January 24, 2005. Retrieved October 9, 2014.
  24. Michael J. Sandel (June 2013). Why we shouldn't trust markets with our civic life. TED. Retrieved January 11, 2015.
  25. Henry Farrell (July 18, 2014). The free market is an impossible utopia. The Washington Post. Retrieved January 11, 2015.