მარია ალექსანდრეს ასული რომანოვა
მარია ალექსანდრეს ასული რომანოვა | |
---|---|
საქსენ-კობურგის და გოთას ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 22 აგვისტო, 1893 |
მმართ. დასასრული: | 30 ივლისი, 1900 |
წინამორბედი: | ალექსანდრინა ბადენელი |
მემკვიდრე: | ვიქტორია ადელაიდა შლეზვიგ-ჰოლშტაინელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 17 ოქტომბერი, 1853 |
დაბ. ადგილი: | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
გარდ. თარიღი: | 24 ოქტომბერი, 1920, (67 წლის) |
გარდ. ადგილი: | ციურიხი, შვეიცარია |
მეუღლე: |
ალფრედი, საქსენ-კობურგის და გოთას ჰერცოგი (ქ. 1874 - გარდ. 1900) |
შვილები: |
ალფრედი, საქსენ-კობურგის და გოთას პრინცი მარია, რუმინეთის დედოფალი ვიქტორია, ჰესენის დიდი ჰერცოგინია ალექსანდრა, ჰოენლოჰ-ლანგენბურგის პრინცესა ბეატრისი, გალიერას ჰერცოგინია |
დინასტია: | რომანოვები |
მამა: | ალექსანდრე II, რუსეთის იმპერატორი |
დედა: | მარია ჰესენელი |
რელიგია: | მართლმადიდებლობა |
მარია ალექსანდრეს ასული რომანოვა (რუს. Мария Александровна Романова, გერმ. Maria Alexandrowna Romanowa; დ. 17 ოქტომბერი, 1853, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი — გ. 24 ოქტომბერი, 1920, ციურიხი, შვეიცარია) — რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი. რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ისა და იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნას ასული. დედოფალ ვიქტორიას ვაჟის, საქსენ-კობურგის და გოთას ჰერცოგ ალფრედის მეუღლე და მისი ხუთი შვილის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია ალექსანდროვნა რომანოვა დაიბადა 1853 წლის 17 ოქტომბერს ცარსკოე-სელოში, სანქტ-პეტერბურგში. იგი იყო რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ისა და მისი მეუღლის, იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნას (ქალიშვილობაში მარია ჰესენელი) შუათანა შვილი და ერთადერთი ქალიშვილი. თავისი სქესის გამო იგი ყოველთვის განსაკუთრებით ახლოს იყო დედასთან.
მშობლები დიდ ყურადღებას უთმობდნენ მისი განათლების საკითხს, რის გამოც ზოგადი საგნების გარდა მარიამ შეისწავლა გერმანული, ფრანგული და ინგლისური ენები.
ცნობილია, რომ მარია ალექსანდროვნა ყოველთვის ამაყობდა თავისი მაღალი სოციალური კლასის წინაპრებით, რის გამოც იგი ამპარტავანი იყო. მან ეს თვისება სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. თუმცაღა, ამის პარალელურად მან იცოდა, რომ თავის წოდებასა და მდგომარეობას მრავალი მოვალეობაც ახლდა, რომლებიც პირად სიამოვნებაზე წინ უნდა დაეყენებინა.
როგორც ალექსანდრე II-ის ერთადერთი ასული, ძმებთან შედარებით ხშირად სარგებლობდა პრივილეგიებით, რადგან მისი მშობლები ცდილობდნენ, რომ მას თავი დაჩაგრულად არ ეგრძნო. ამასთან, ვინაიდან რუსული კანონების მიხედვით ტახტზე ასვლა ქალსაც შეეძლო, იმპერატორი ყოველთვის ცდილობდა მისგან კარგი მმართველი აღეზარდა, იმ შემთხვევისთვის, თუ მის ვაჟებს რაიმე შეემთხვეოდათ.
1874 წლის 23 იანვარს ზამთრის სასახლეში, სანქტ-პეტერბურგში მარია ალექსანდროვნა დაქორწინდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალ ვიქტორიასა და პრინცი ალბერტის მეოთხე შვილსა და მეორე ვაჟზე, ედინბურგის ჰერცოგ ალფრედზე. მამამ მზითვში 100,000 ფუნტი გაატანა, ხოლო ყოველთვიურ პენსიად დამატებით 20,000 დაუნიშნა. წყვილი ლონდონში იმავე წლის 12 მარტს ჩავიდა. განსხვავებით თავისი მაზლის ცოლის, უელსის პრინცესა ალექსანდრა დანიელისაგან, მარია ლონდონურ საზოგადოებაში თავისი ამპარტავნული ხასიათის გამო პოპულარული არასოდეს ყოფილა.
ალფრედისა და მარიას ქორწინება უბედური იყო, თუმცა ნაყოფიერი. მარიამ ექვსი ბავშვი გააჩინა, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო მკვდარი, ერთი კი ვაჟი. ის ერთადერთი თემა, რომელიც ალფრედსაც და მარიასაც აინტერესებდა იყო მუსიკა, სხვა დანარჩენში ცოლ-ქმარი იშვიათად უგებდა ერთმანეთს.
მარია ალექსანდროვნა ლონდონში თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა არა მხოლოდ უცხო გარემოს, არამედ იმიტომაც, რომ მან ინგლისში ადაპტირება ვერ მოახდინა და მეგობრები ვერ შეიძინა. ამასთან, იგი ბოლომდე მართლმადიდებლად დარჩა და თავის ლონდონურ რეზიდენციაში, კლარენს ჰაუსში მან პატარა სამლოცველოც მოიწყო.
ერთობ ამბიციურმა მარიამ ლონდონში ჩასვლისთანავე მოითხოვა მომავალი დედოფლის წოდების მინიჭება, რაც მისი აზრით აუცილებლად უნდა ჰქონოდა რუსეთის იმპერატორის ქალიშვილს, თუმცა ეს შეუძლებელი იყო, რამეთუ იგი მონარქის მეორე ვაჟის ცოლი იყო, ეს წოდება კი პირველი ვაჟის, პრინცი ედუარდის ცოლს, ალექსანდრა დანიელს ჰქონდა. ამ სკანდალმა სამეფო ოჯახში დიდი უხერხულობა გამოიწვია.
1893 წელს მისმა ქმარმა ბიძისაგან მემკვიდრეობით მიიღო საქსენ-კობურგისა და გოთას ჰერცოგის წოდება, რის შემდეგაც ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად გადასახლდა კობურგში და დაიწყეს თავიანთი პატარა სახელმწიფოს მართვა. განსხვავებით ბრიტანეთისაგან მარიას მოსწონდა გერმანია და თავს კომფორტულად გრძნობდა თავის საჰერცოგოში. ცნობილია, რომ მას განსაკუთრებით გერმანული არქიტექტურა მოსწონდა.
გერმანიაში ცხოვრებისას მარია ალექსანდროვნა ხშირად სტუმრობდა საფრანგეთს, ბრიტანეთსა და მშობლიურ რუსეთს. მალევე მან ტეგერნესის ტბაზე მდებარე პატარა ბავარიული სასახლეც იყიდა, სადაც აწყობდა ხოლმე ოჯახურ შეკრებებს. მისი ბედნიერი ცხოვრება 1899 წელს, მისი ერთადერთი ვაჟის თვითმკვლელობით დასრულდა. ამას 1900 წელს მისი მეუღლის ყელის სიმსივნით გარდაცვალება მოჰყვა, რის გამოც ტახტი მარიას მაზლის ვაჟმა დაიკავა.
1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში მონარქია დაემხო, რის გამოც მარია იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. მან თავი შვეიცარიას, კერძოდ კი ქალაქ ციურიხს შეაფარა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება და 1920 წლის 24 ოქტომბერს, თავისი 67-ე დაბადების დღიდან ზუსტად 1 კვირაში გარდაიცვალა.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სურათი | სახელი | დაიბადა | გარდაიცვალა | ზოგადი ცნობები |
---|---|---|---|---|
ალფრედი | 15 ოქტომბერი, 1874 | 6 თებერვალი, 1899
(24 წლის) |
საქსენ-კობურგის და გოთას მემკვიდრე პრინცი. დანიშნული იყო ელზა
ვიურტემბერგელზე, თუმცა ქორწინება ვერ შედგა მისი სუიციდის გამო. | |
მარია | 29 ოქტომბერი, 1875 | 18 ივლისი, 1938
(62 წლის) |
ცოლად გაჰყვა რუმინეთის მეფე ფერდინანდ I-ს, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი,
მათ შორის: რუმინეთის მეფე კაროლ II, საბერძნეთის დედოფალი ელიზაბეტა და იუგოსლავიის დედოფალი მარია. | |
ვიქტორია
მელიტა |
25 ნოემბერი, 1876 | 2 მარტი, 1936
(59 წლის) |
პირველად დაქორწინდა ჰესენის დიდ ჰერცოგ ერნესტ ლუდვიგზე, რომელთანაც ერთი
ქალიშვილი და რომელსაც შვიდ წელიწადში გაეყარა, ამის შემდეგ კი ცოლად გაჰყვა რუსეთის დიდ მთავარ კირილ ვლადიმიროვიჩ რომანოვს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი, მათ შორის რომანოვების დინასტიის მეთაური ვლადიმირ კირილოვიჩი, რომელმაც ცოლად ლეონიდა ბაგრატიონი შეირთო. | |
ალექსანდრა | 1 სექტემბერი, 1878 | 16 აპრილი, 1942
(63 წლის) |
ცოლად გაჰყვა ჰოენლოჰ-ლანგენბურგის მთავარ ერნესტ II-ს, რომელთანაც შეეძინა
ხუთი შვილი. | |
ბეატრისი | 20 აპრილი, 1884 | 13 ივლისი, 1966
(82 წლის) |
ცოლად გაჰყვა გალიერას ჰერცოგ ალფონსოს, რომელთანაც შეეძინა სამი ვაჟი, მათ
შორის მომავალი ჰერცოგი ალვარო. |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Golden, Robert. Royal Ephemera - Part 2. Published in Royalty Digest Quarterly 2008 N 2. ISSN 1653-5219
- Mandache, Diana. Always Imperial. Published in Majesty Magazine. Vol 31 No 10
- Mandache, Diana. Dearest Missy. Rosvall Royal Books, 2011, ISBN 978-91-975671-7-6
- Nelipa, Margarita. Alexander III His Life and Reign. Gilbert's Books, 2014. ISBN 978-1-927604-03-8
- Pakula, Hannah. The Last Romantic: A Biography of Queen Marie of Roumania . Simon & Schuster, 1984 ISBN 0-671-62246-3
- Papi, Stefano. Jewels of the Romanovs: Family & Court . Thames & Hudson, 2013. ISBN 978-0-500-51706-2
- Perry, John and Pleshakov, Constantine. The Flight of the Romanovs. Basic Books, 1999, ISBN 0-465-02462-9.
- Sullivan, Michael John. A Fatal Passion: The Story of the Uncrowned Last Empress of Russia, Random House, 1997, ISBN 0-679-42400-8
- Van der Kiste, John. Alfred: Queen Victoria's Second Son. Fonthill Media, 2015. ISBN 978-1781553190.(Kindle ed.).
- Van der Kiste, John. The Romanovs 1818–1959. Sutton Publishing, 1999. ISBN 0-7509-2275-3.
- Wimbles, John. The Daughter of Tsar Alexander II. Published in The Grand Duchesses. Eurohistory.com, 2014.
- Zeepvat, Charlotte. The Camera and the Tsars, Sutton Publishing, 2004. ISBN 0-7509-3049-7.
|