მარტინ ლუთერ კინგი
მარტინ ლუთერ კინგი (უმცროსი) (ინგლ. Martin Luther King; დ. 15 იანვარი, 1929, ატლანტა, ჯორჯია — გ. 4 აპრილი, 1968, მემფისი, ტენესი)[23] — ამერიკელი ორატორი და 1955 წლიდან სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი. კინგი ცნობილია, როგორც სამოქალაქო უფლებების დამცველი არაძალისმიერი ხერხებით, რომლებიც შთაგონებული იყო ქრისტიანული რწმენითა და მაჰათმა განდის არაძალადობრივი აქტივიზმით. საერთოდ, რწმენასა და რელიგიას მის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეჭირა. გარდა ამისა, კინგის მამაც და ბაბუაც (დედის მხრიდან) ბაპტისტი სასულიერო პირები იყვნენ:
კინგი უძღვებოდა 1955 წლის მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტს და მოგვიანებით გახდა სამხრეთის ქრისტიანული ხელმძღვანელობის კონფერენციის (SCLC) პირველი პრეზიდენტი [24]. SCLC-ის პრეზიდენტობის პერიოდში იგი ორგანიზებას უწევდა რამდენიმე არაძალადობრივ პროტესტს (მაგ. 1963 წელს პროტესტები ბირმინგემში). კაცობრიობას არ დაავიწყდება 1963 წლის მარტში ვაშინგტონში, მარტინ ლუთერ კინგის მიერ ლინკოლნის მემორიალთან წარმოთქმული სიტყვა: „მე მაქვს ოცნება“[25]. 1964 წლის 14 ოქტომბერს, რასობრივ უთანასწორობასთან არაძალადობრივი ბრძოლისთვის მარტინ ლუთერმა კინგმა მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. სიცოცხლის უკანსკნელ წლებში იგი უფრო მეტად ამახვილებდა ყურადღებას სიღარიბეზე, კაპიტალიზმსა და ვიეტნამის ომის საკითხებზე.[23]
მისმა აქტივიზმმა და შთამაგონებელმა გამოსვლებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკის მოქალაქე აფროამერიკელების მიმართ სეგრეგაციის დასრულებაში. მას აგრეთვე წვლილი მიუძღვის 1964 წლის სამოქალაქო უფლებების კოდექსისა და 1965 წლის ხმის მიცემის კოდექსის შექმნაში.[26]
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარტინ ლუთერ კინგი დაიბადა 1929 წლის 15 იანვარს, ატლანტაში [23] საკუთარ ავტობიოგრაფიაში კინგი წერს:
„მე დავიბადე დიდი დეპრესიის დროს, რომელიც თავის გამანადგურებელ იარაღს ამ ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულში ავრცელებდა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში [23].“
|
ის იყო კინგების ოჯახის მეორე შვილი: მას ჰყავდა უფროსი და ვილი და უმცროსი ძმა ალფრედი. მარტინის დედა იყო ალბერტა ვილიამს კინგი, ხოლო მამა - მარტინ ლუთერ კინგი უფროსი.
საინტერესოა, რომ კინგს ბავშვობაში, ისევე როგორც მამამისს, ერქვა მაიკლი. თუმცა, როდესაც მაიკლ კინგი უფროსი 1934 წელს ბერლინში გამართულ ბაპტისტურ კონგრესს დაესწრო, იგი მოიხიბლა ცნობილი რეფორმატორის მარტინ ლუთერის სამშობლოთი.[27] შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა გადაწყვიტა, რომ თავისთვისაც და 4 წლის შვილისთვისაც შეეცვალა სახელი. საბოლოოდ, გერმანელი რეფორმატორის პატივსაცემად, ორივეს მარტინ ლუთერი დაერქვა, მამა - მარტინ ლუთერ კინგი უფროსი, შვილი - უმცროსი . ვინ იფიქრებდა, რომ გერმანელი რეფორმატორის მსგავსად მარტინ ლუთერ კინგიც ახალი დროის არა მხოლოდ რელიგიური, არამედ მთელი ადამიანური ცივილიზაციის რეფორმატორი იქნებოდა და წარმოდგენას შეუცვლიდა საზოგადოებას რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ.
ბოსტონში სწავლისას კინგმა გაიცნო მისი მომავალი მეუღლე კორეტა სკოტი, რომელიც იყო ალაბამიდან და სწავლობდა კონსერვატორიაში.[28] წყვილი 1953 წლის 18 ივნისს დაქორწინდა ალაბამაში, სადაც სკოტის ოჯახი ცხოვრობდა. ჯვარი მათ უფროსმა კინგმა დაწერა, ხოლო კორეტას მოთხოვნით საქორწილო ფიციდან სიტყვა „დამორჩილება“ ამოღებულ იქნა. წყვილს 4 შვილი შეეძინა: იოლანდა, მარტინ ლუთერ III, დექსტერი და ბერნი.[29]
ყმაწვილობის წლები და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყმაწვილკაცობის პირველი თორმეტი წელიწადი კინგმა ობორნის გამზირზე გაატარა, მშობლებთან და ბებია-ბაბუასთან ერთად.[30] ვახშმის შემდეგ, კინგის ბებია, რომელსაც კინგი „დედას“ ეძახდა, ხშირად უკითხავდა ბიბლიურ ისტორიებს.[31] მარტინს ისე უყვარდა ბებია, რომ როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ გაიგო, თვითმკვლელობაც კი სცადა. ბავშვობაში მარტინი დაუმეგობრდა თეთრკანიან ბიჭუნას. 1935 წელს, როდესაც ორივემ სკოლაში დაიწყო სიარული, რასის მიხედვით ისინი სხვადასხვა სკოლებში გადანაწილდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, თეთრკანიანი ბავშვის მშობლებმა აუკრძალეს თავიანთ შვილს კინგთან ერთად თამაში, რადგან მარტინი შავკანიანი იყო. ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც კინგმა პირადად განიცადა რასობრივი სეგრაგაცია და ზუსტად ამის შემდეგ, მშობლების დახმარებით, ის გაეცნო მონობისა და რასიზმის ისტორიას ამერიკაში. არ არის გასაკვირი, რომ თავიდან ეს ინფორმაცია კინგში თეთრკანიანების მიმართ ზიზღს იწვევდა, თუმცა მოგვიანებით მშობლებმა ქრისტიანობის დახმარებით დაარიგეს, რომ მას სარწმუნოება ავალდებულებდა ყველა ჰყვარებოდა განურჩევლად რასისა.
ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, 1931 წლიდან, უფროსი კინგი გახდა ბაპტისტური ეკლესიის ხელმძღვანელი.[30] უმცროსი კინგი კი 1935 წლიდან სწავლობდა ბუკერის ტ.ვაშინგტონის სკოლაში.[32]. ის საკმაოდ ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლე იყო. როგორც სკოლაში ამბობდნენ, მან მეცხრე და მეთერთმეტე კლასები გამოტოვა და 15 წლის ასაკში პირდაპირ კოლეჯში ჩაირიცხა.[26] მარტინ ლუთერ კინგი ატლანტას კოლეჯში სწავლობდა (მორჰაუზის კოლეჯი 1944-1948) სოციოლოგიის განხრით.[26] კოლეჯის პრეზიდენტმა, მაისმა, ზეგავლენა იქონია კინგის სულიერ განვითარებაზე და უბიძგებდა მას დაენახა ქრისტიანობა როგორც პოტენციური ძალა პროგრესული სოციალური ცვლილებისთვის. ამის შემდეგ, კინგმა სწავლა გააგრძელა პენსილვანიაში, კოზერის თეოლოგიურ სემინარიაში (1948-1951წწ), სადაც კიდევ უფრო გაითავისა პროგრესული ქრისტიანობის მოსაზრებები.[33] სემინარიაში ჩაბარებისას, კინგი იშვიათად აკრიტიკებდა ლიბერალურ თეოლოგიას, მოგვიანებით კი უფრო მეტად დაინტერესდა ახალი თეორიით, რომელიც ხაზს უსვამდა სოციალური ბოროტების შეუთავსებლობას. საბოლოოდ, კინგმა სემინარია წარჩინებით დაასრულა.
ქრისტიანობით დაინტერესებულმა, დოქტორანტურაც თეოლოგიის მიმართულებით (სისტემური თეოლოგიის განხრით - ფილოსოფია და თეოლოგია) განაგრძო - კონკრეტულად ბოსტონის უნივერსიტეტის თეოლოგიის სკოლაში, 1951-1955 წწ.[23] იმდროიდანვე შესამჩნევი იყო კინგის ორატორული ნიჭი: ის არაერთხელ გამოსულა სიტყვით ბოსტონის ეკლესიებში, მათ შორის ებენეზერში, სადაც არდადაგების დროს მამას ეხმარებოდა. კინგი დოქტორი 25 წლის ასაკში გახდა. თუმცა, მოგვიანებით დადგინდა, რომ მისი სადოქტორო ნაშრომი შეიცავდა პლაგიატიზმს სხვა ავტორის, რომელიც მსგავს თემაზე მუშაობდა.[34]
ავტობუსის ბოიკოტის მოძრაობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ კინგს აკადემიურ სფეროში სურდა დარჩენა, მონტგომერში ცხოვრებისას იგი დექსტერის ქუჩაზე არსებული ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი გახდ.[23] ამის პარალელურად ქვეყანაში საშინელი რასობრივი სეგრეგაცია მიმდინარეობდა: შავკანიანები ვალდებულნი იყვნენ მხოლოდ მათთვის განკუთვნილი შადრევნებიდან დაელიათ წყალი, ავტობუსში მათთვის განკუთვნილ ადგილას დამსხდარიყვნენ, საპირფარეშოც კი გამოყოფილი ჰქონდათ.[35] გარდა ამისა, არ შეეძლოთ იმავე ეკლესიაში ლოცვა, სადაც იყვნენ თეთრკანიანები. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ 1956 წელს დააპატიმრეს როზა პარკსი - ფერადკანიანი ქალი, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ „თავისუფლებისთვის მებრძოლ დედად“ (ის იყო ფერადკანიანი ადამიანების დაწინაურების ეროვნული ასოციაციის ადგილობრივი ფილიალის წევრი (NAACP)).[36] პარკსი ცნობილია იმით, რომ თეთრკანიანთა სკამი დაიკავა ავტობუსში. მსგავსი რამ რამდენიმე ხნით ადრეც დაფიქსირდა, როდესაც 15 წლის გოგონამ კლოდეტ კოლვინმა არ დაუთმო ადგილი თეთრკანიანს, თუმცა საქმე არ გამძაფრებულა, რადგან კლოდეტი ორსულად იყო. 9 თვის შემდეგ, 1955 წლის 1 დეკემბერს ახლა უკვე როზა პარკსმა ავტობუსში ამოსულ თეთრკანიანს ადგილი არ დაუთმო ავტობუსის მძღოლის და კანონის მოთხოვნის მიუხედავად. მომხდარი გახდა სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის ათვლის წერტილი. კინგი მალევე გახდა ამ მოძრაობის ხელმძღვანელი (მონტგომერის გაუმჯობესების ასოციაციის ლიდერი), კერძოდ 381 დღიანი ბოიკოტის, რის გამო მისი სახლიც კი დაბომბეს.[23] პროტესტი წარმატებული აღმოჩნდა: 20 დეკემბერს, 1956 წელს, ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ავტობუსებში სეგრეგაცია არაკონსტიტუციურად გამოცხადდა.[36] ეს გამარჯვება შეიძლება ჩაითვალოს კინგის არაძალადობრივი პროტესტის პირველ დიდ გამარჯვებად. გარდა ამისა, ამ ამბავმა კინგი ამერიკაში საკმაოდ ცნობილ პიროვნებად აქცია. მას ასევე მოიხსენიებდნენ როგორც არაძალადობრივი პოლიტიკის მხედართმთავარს. გამარჯვების შემდეგ, კინგმა გადაწყვიტა ასეთივე პოლიტიკა გაეტარებინა ამერიკის სამხრეთითაც: 1957 წელს მან ძალები გააერთიანა ჯემისონთან და სხვებთან ერთად, და მათ საფუძველი ჩაუყარეს სამხრეთის ქრისტიანული ხელმძღვანელობის კონფერენციას (SCLC).[37] ამასთანავე, კინგის პირველმა წიგნმა „ნაბიჯი თავისუფლებისკენ: მონტგომერის ისტორია“ კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი მისი სახელის, როგორც ეროვნული სამოქალაქო უფლებების ლიდერის, ცნობადობას.
ასეთი წინსვლა, რა თქმა უნდა, არაკეთილისმოსურნეებისთვის აღმაშფოთებელი იყო და მათ აქტიურად დაიწყეს კინგის წინააღმდეგ ქმედებები: 1958 წელს იყო კინგის მკვლელობის პირველი მცდელობა.[38] იმასთან ერთად რომ მის სახლს ერთწლიანი ბოიკოტის დროს არაერთხელ ესროლეს ასაფეთქებელი ნივთიერებები.
გზა არაძალადობრივი ცვლილებებისკენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კინგის, როგორც ლიდერის, ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება მხარდამჭერების მოხვეჭა იყო, იქნებოდა ეს შრომითი კავშირები, მშვიდობის ორგანიზაციები, რელიგიური ჯგუფები თუ სხვა. რადგანაც კინგი აღიარებდა სეგრეგაციასა და კოლონიალიზმს შორის კავშირს, მას ბევრი თანამოაზრე გაუჩნდა აშშ-ს გარეთაც, განსაკუთრებით აფრიკაში. გარდა ამისა, ინდოეთშიც ჰქონდა ვიზიტი (1959 წელს როდესაც შეხვდა ინდოეთის პრემიერ მინისტრს ჯავაჰარლალ ნერუს.[39] ერთთვიანი ვიზიტის დროს, კინგმა კიდევ უფრო მეტად გაიღრმავა განდისეული იდეების ცნობიერება “ქრისტემ გვაჩვენა გზა, განდიმ კი მისი ამუშავების ხერხი“ და დაბრუნებულმა განაცხადა:
„ინდოეთი დავტოვე უფრო მეტად დარწმუნებულმა, ვიდრე ოდესმე, რომ არაძალადობრივი წინააღმდეგობა არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც გააჩნია შევიწროვებულ ხალხს, რათა თავისუფლებისთვის იბრძოლონ.“
|
კინგის აქტიური არაძალადობრივი კამპანიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1960-იან წლებში კინგი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ატლანტაში გადავიდა საცხოვრებლად, რათა SCLC-ის სათაო ოფისებთან უფრო ახლოს ყოფილიყო და ასევე მამასთან ერთად ეხელძღვანელა ებნეზერის ბაპტისტური ეკლესიისთვის. 1961 და 1963 წლებში კინგს მესამე და მეოთხე შვილები შეეძინა (დექსტერი და ბერნისი).[29]
1963 წელს, კინგმა ბირმინგემის კამპანიის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თავის თავდადებას აფრო-ამერიკელების თავისუფლებისთვის ბრძოლაში.[23] SCLC-ისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის, ალაბამას ქრისტიანული მოძრაობა ადამიანის უფლებებისთვის, წამოწყებული ბირმინგემის დემონსტრაციები იყო მანამდე ჩატარებულ საპროტესტო გამოსვლებს შორის, რომლებიც სამოქალაქო უფლებებს ეხებოდა, ყველაზე ფართომასშტაბიანი . ამ გამოსვლების დროს კინგმა არ გაუწია წინააღმდეგობა მის, როგორც დემონსტრაციის ხელმძღვანელის, დაკავებას 12 აპრილს . ამან აიძულა კენედის ადმინისტრაცია ჩართულიყო პროტესტებში. აღსანიშნავია, რომ ამ კამპანიამაც გამოიღო შედეგი, კერძოდ:
ხშირად ციტირებენ ლუთერის „წერილს ბირმინგემის ციხიდან“, რომელმაც კიდევ ერთხელ ანახა, რომ ბიბლიური თუ სხვა კანონიკური ტექსტების იდეების გამოყენებით, ლუთერს ჰქონდა შესანიშნავი უნარი ზეგავლენა მოეხდინა ხალხზე.[40] თვითონ პროტესტი არც თუ ისე მშვიდობიანი გამოდგა (კინგს აკრიტიკებდნენ კიდეც, რომ ბავშვებს იყენებდა მიზნის მისაღწევად), თუმცა შედეგმა არ დააყოვნა: ბირმნინგემის სასტიკი პოლიციის უფროსმა სამსახური დაკარგა და საზოგადოებრივი ადგილები ფერადკანიანებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.[41]
ლუთერის დაკავების შემდეგ, ბევრმა ნახა თუ როგორ ექცეოდა ბირმინგემის პოლიცია ფერადკანიანებს. ალაბამის მმართველმა, ჯორჯ ვალანსმა, ფერადკანიანი სტუდენტები უნივერსიტეტშიც კი არ დაუშვა. ყოველივე ამან გამოიწვია ხალხში აგრესია და საბოლოოდ პრეზიდენტი კენედი იძულებული გახდა წარმოედგინა სამოქალაქო უფლებების კანონმდებლობა.[40]
1963 წლის 28 აგვისტოს, ვაშინგტონში კინგის კიდევ ერთი საჯარო გამოსვლა, რომელსაც დაესწრო 200 000-ზე მეტი ადამიანი, იყო სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი კულმინაცია.[23] მისი გამოსვლა ყველასათვის საკმაოდ ცნობილია და ბევრი მას მოიხსენიებს როგორც „მე მაქვს ოცნება“. კინგის ოცნება მდგომარეობდა იმაში, რომ
„ერთ დღეს ჩემი ოთხი შვილი იცხოვრებს ქვეყანაში, სადაც მათ განსჯიან არა კანის ფერის, არამედ პიროვნების მიხედვით[42].“
|
მისი გამოსვლის დამასრულებელი სიტყვები არანაკლებ ემოციური იყო:
ამ გამოსვლით კინგმა შთააგონა არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ საკუთარი თავიც. როდესაც ის ტრიბუნიდან ჩამოვიდა, მიხვდა, რომ იპოვა ის რისთვისაც კიდევ უფრო მეტად უნდა ებრძოლა. ცხოვრების დარჩენილი თორმეტი წელიწადი და ოთხი თვე, მან ზუსტად ამ მიზნის მისაღწევად ბრძოლაში გატარა.[43]
მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის გამოსვლა საკმაოდ ამაღელვებელი და შედეგიანი იყო, სულ რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი სეგრეგაციის ფაქტი დაფიქსირდა: 1963 წლის 15 სექტემბერს, ბირმინგემის ბაპტისტურ ეკლესიაში ოთხი სკოლის მოსწავლე გოგონა მოკლეს.[44] ამაზე კინგმა განაცხადა:
„ჩვენ უნდა აღვშფოთდეთ არა მხოლოდ იმაზე თუ ვინ მოკლა ისინი, არამედ სისტემაზე, ცხოვრების სტილზე, ფილოსოფიაზე, რომელიც ხელს უწყობს მკვლელობებს.“
|
ნობელის პრემია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1964 წლის დეკემბერს, კინგმა მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.[45] ამ ფაქტმა, რა თქმა უნდა, დადებითი გავლენა იქონია მარტინის რეპუტაციაზე, მაგრამ ასევე ბევრმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო მისი კრიტიკა. მათ შორის იყო ედგარ ჰუვერი. მარტი ლუთერ კინგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ნობელის პრემიის ლაურეატი: ის მხოლოდ 34 წლის იყო .
სხვა აქტივობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კინგის პოპულარობა მას შემდეგ შემცირდა, რაც ის ხმამაღლა აცხადებდა, რომ ამერიკა არ უნდა ჩარეულიყო ვიეტნამის ომში. ერთ-ერთი ხმამაღალი გამოსვლა („ვიეტნამს მიღმა“) ამ თემასთან დაკავშირებით მას 1967 წლის 4 აპრილს ნიუ ორკის ეკლესიაში ჰქონდა. ასეთმა გამოსვლებმა საკმაოდ შეასუსტა კინგის რეპუტაცია და FBI-მ მასზე გამოძიებაც კი დაიწყო.
გარდა ამისა, კინგი ჩართული იყო სიღარიბესთან ბრძოლის კამპანიებში: 1967 წელს მან ჩამოაყალიბა ღარიბი ხალხის კამპანია, რომელიც მოუწოდებდა მთავრობას უფრო აქტიურად ებრძოლა სიღარიბის წინააღმდეგ. კინგი თავის მხრივ, ისევე როგორც SCLC-ის სხვა წევრები, ასაქმებდა ღარიბ ხალხს.[23] სამწუხაროდ, ხალხი ყოველთვის არ მიყვებოდა კინგის მთავარ მოწოდებას - ყოფილიყვნენ ძალადობის მოწინააღმდეგეები: 1968 წლის 28 მარტის დემონსტრაციის დროს, როდესაც კინგი წინ უძღვებოდა სანიტარულ მუშაკებს, მსვლელობისას ფერადკანიანმა ახალგაზრდებმა დაიწყეს მაღაზიების მიმართულებით ქვების სროლა.[46] რა თქმა უნდა, ასეთი ძალადობის გამოხატვას მოჰყვა კინგის კრიტიკა პრესის მხრიდან.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1968 წელს მარტინი დაბრუნდა მემფისში. 3 აპრილს მან ხალხსაც მიმართა და ოპტიმიზმისკენ მოუწოდა. მომდევნო დღეს, 4 აპრილს, მაშინ, როდესაც ის მოტელის აივანზე იდგა, კინგი მოკლეს.[47] მკვლელობისთვის მოგვიანებით გაასამართლეს თეთრკანიანი სეგრეგატისტი ჯეიმზ ერლ რეი. სიკვდილამდე მარტინ ლუთერ კინგი თავდაუზოგავად შრომობდა, რათა შეეცვალა ამერიკული საზოგადოების მიდგომა რასის მიმართ არაძალადობრივი გზით:
„თეთრკანიანმა ამერიკელებმა უნდა აღიარონ, რომ შავკანიანი ხალხის სამართალი ვერ დადგება, თუ საზოგადოების სტრუქტურა ძირეულად არ შეიცვლება [48].“
|
კინგისთვის „შავი რევოლუცია“ იყო იმაზე მეტი, ვიდრე მხოლოდ სამოქალაქო უფლებების მოძრაობა.[49] სიცოცხლის განმავლობაში კინგი 29 ჯერ იყო დაპატიმრებული,[50] მის სახლში ბომბიც კი შეაგდეს 1956 წლის 30 იანვარს,[51] და ამის გარდა ბევრი შევიწროების მსხვერპლი იყო. მაგრამ ამის მიუხედავად ის მუდამ აგრძელებდა ბრძოლას და არ აუღია ხელი იმ საქმეზე, რომელიც მას სწამდა და რომელსაც ემსახურებოდა. კინგის მიზანი თავისუფლებისთვის არაძალადობრივი ბრძოლა იყო, რასაც სიცოცხლის ბოლომდე აკეთებდა. მისი სიტყვებია:
„თუ კაცს არ მიუგნია ისეთი რამისთვის, რისი გულისთვისაც შეუძლია მოკვდეს, მის სიცოცხლეს აზრი არ აქვს.[52]“
|
კინგის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ ატლანტაში დააარსა მარტინ ლუთერ კინგის ცენტრი არაძალადობრივი სოციალური ცვლილებისათვის (ასევე ცნობილია როგორც კინგის ცენტრი). ამ ცენტრის მთავარი მიზანია კინგის არაძალადობრივი მოწოდებების გავრცელება. გარდა ამისა, 1986 წლიდან, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ინიციატივით, აღინიშნება მარტინ ლუთერ კინგის დღე - ყოველი წლის მესამე ორშაბათს. საინტერესოა, რომ გამოძიება კინგის მკვლელობის შესახებ 1999 წლამდე გაგრძელდა. 1957 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კინგი 2500-ჯერ გამოვიდა სიტყვით, დაწერა 5 წიგნი და უამრავი სტატია.[53]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Frady, Marshall (2002). Martin Luther King Jr.: A Life. Penguin. ISBN 978-0-14-303648-7.
- King, Martin Luther. “March on Washington.” March on Washington. April 11, 2020.
- King, Martin Luther, and Clayborne Carson. 1998. The autobiography of Martin Luther King, Jr. New York: Intellectual Properties Management in association with Warner Books.
- Margolick, David, and Douglas Brinkley. The Promise and the Dream: the Untold Story of Martin Luther King, Jr. and Robert F. Kennedy. New York, NY: Rosetta Books, 2018.
- Oates, Stephen B. (1993). Let the Trumpet Sound: A Life of Martin Luther King, Jr. HarperCollins. ISBN 978-0-452-25627-9
- Long, Chandler A., Theodore N. Pappas, Kevin W. Southerland, and Cynthia K. Shortell. “An Analysis of the Vascular Injuries and Attempted Resuscitation Surrounding the Assassination of Martin Luther King Jr.” Journal of Vascular Surgery. Mosby, October 23, 2019.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მარტინ ლუთერ კინგი“ ვიკისაწყობში.
- მარტინ ლუთერ კინგი საიტზე Curlie
- მარტინ ლუთერ კინგი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- The King Center
- Martin Luther King Jr.'s Nobel Peace Prize დაარქივებული 2014-05-24 საიტზე Wayback Machine. , Civil Rights Digital Library
- The Martin Luther King, Jr. Research and Education Institute, Stanford University
- Dr. Martin Luther King Jr. at Buffalo, digital collection of King's visit and speech in Buffalo, New York on November 9, 1967, from the University at Buffalo Libraries
- BBC Face to Face interview with Martin Luther King and John Freeman, broadcast October 29, 1961.
- მარტინ ლუთერ კინგი საიტზე Nobelprize.org including the Nobel Lecture, December 11, 1964 The quest for peace and justice
- Martin Luther King, Jr. Collected Papers held by the Swarthmore College Peace Collection
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Нитобург Э. Л. Кинг Мартин Лютер // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1973. — Т. 12 : Кварнер — Конгур. — С. 114–115.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 5.0 5.1 Babelio — 2007.
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 9.0 9.1 Schäfer J. Ökumenisches Heiligenlexikon — 1998.
- ↑ 10.0 10.1 GeneaStar
- ↑ 11.0 11.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 12.0 12.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 13.0 13.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 14.0 14.1 BeWeB
- ↑ 15.0 15.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 16.0 16.1 Munzinger Personen
- ↑ BlackPast.org — 2004.
- ↑ The Nobel Peace Prize 1964 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ Martin Luther King Senior
- ↑ Lewis D. L., Carson C. Encyclopædia Britannica
- ↑ https://www.musik-sammler.de/artist/martin-luther-king
- ↑ 23.00 23.01 23.02 23.03 23.04 23.05 23.06 23.07 23.08 23.09 King, Martin Luther, and Clayborne Carson. 1998. The autobiography of Martin Luther King, Jr. New York: Intellectual Properties Management in association with Warner Books.
- ↑ Southern Christian Leadership Conference (SCLC).” National Parks Service. U.S. Department of the Interior. Accessed April 10, 2020.
- ↑ King, Martin Luther. “March on Washington.” March on Washington. Accessed April 11, 2020.. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 8, 2020. ციტირების თარიღი: მაისი 15, 2020.
- ↑ 26.0 26.1 26.2 Biography.com. “Martin Luther King Jr.” Last modified January 23, 2020. Accessed April 12, 2020.
- ↑ DeNeen L. “The Story of How Michael King Jr. Became Martin Luther King Jr.” The Washington Post. WP Company, January 15, 2019.
- ↑ Theoharis, Jeanne. “'I Am Not a Symbol, I Am an Activist': the Untold Story of Coretta Scott King.” The Guardian. Guardian News and Media, February 3, 2018.
- ↑ 29.0 29.1 Reilly, Katie. “Martin Luther King Jrs Children: How They Share His Legacy.” Time. Time, April 3, 2018.
- ↑ 30.0 30.1 Upbringing & Studies. Upbringing & Studies | The Martin Luther King Jr. Center for Nonviolent Social Change. Accessed April 5, 2020.
- ↑ Oates, Stephen B. (1993). Let the Trumpet Sound: A Life of Martin Luther King, Jr. HarperCollins. p. 159. ISBN 978-0-452-25627-9. Ibid, 12
- ↑ Manheimer, Ann S. (2004). Martin Luther King Jr.: Dreaming of Equality. Twenty-First Century Books. p. 97. ISBN 1-57505-627-5.
- ↑ Martin Luther King Jr. HistoryNet. Accessed April 11, 2020.
- ↑ Mikkelson, David. Is This Viral List of 'Four Things You Didn't Know About Martin Luther King, Jr.' True? Snopes.com. Accessed April 18, 2020.
- ↑ “Segregation.” AAPF. Accessed April 14, 2020. https://aapf.org/segregation დაარქივებული 2020-06-12 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ 36.0 36.1 Robinson, Jo A. G, and David J. Garrow. The Montgomery Bus Boycott and the Women Who Started It: The Memoir of Jo Ann Gibson Robinson. Knoxville: University of Tennessee Press, 1987. Print
- ↑ Cho, Nancy. “Southern Christian Leadership Conference (1957- ).” Welcome to Blackpast , August 23, 2019.
- ↑ Arbuckle, Alex. “The 1958 Stabbing That Nearly Killed Dr. Martin Luther King, Jr.” Mashable. Mashable, January 18, 2016.
- ↑ Brockell, Gillian. “'To India I Come as a Pilgrim': Martin Luther King Jr.'s Remarkable Trip to Honor His Hero.” The Washington Post. WP Company, January 20, 2020.
- ↑ 40.0 40.1 Maranzani, Barbara. “King's Letter from Birmingham Jail, 50 Years Later.” History.com. A&E Television Networks, April 16, 2013.
- ↑ Margolick, David, and Douglas Brinkley. The Promise and the Dream: the Untold Story of Martin Luther King, Jr. and Robert F. Kennedy. New York, NY: Rosetta Books, 2018. P.172-184
- ↑ King, Martin Luther. “March on Washington.” March on Washington. Accessed April 11, 2020.
- ↑ Menand, Louis. “When Martin Luther King, Jr., Became a Leader.” The New Yorker. The New Yorker, April 4, 2018.
- ↑ Invoking Dr. King: Eulogy for the Victims of the 16th Street Baptist Church Bombing, 1963. Martin Luther King Jr. Scholars, June 19, 2015.
- ↑ The Nobel Peace Prize 1964.” NobelPrize.org. Accessed April 8, 2020.
- ↑ Joshua Rashaad McFadden, Ted Conover. “The Strike That Brought MLK to Memphis.” Smithsonian.com. Smithsonian Institution, January 1, 2018.
- ↑ Long, Chandler A., Theodore N. Pappas, Kevin W. Southerland, and Cynthia K. Shortell. “An Analysis of the Vascular Injuries and Attempted Resuscitation Surrounding the Assassination of Martin Luther King Jr.” Journal of Vascular Surgery. Mosby, October 23, 2019.
- ↑ King, Martin Luther, Jr.
- ↑ Taylor, Keeanga-Yamahtta. „Martin Luther King's Radical Anticapitalism.“ The Paris Review, January 19, 2018.
- ↑ Dokosi, Michael Eli, and Facebook. “Ever Knew Martin Luther King Jr. Was Arrested 29 Times for His Civil Rights Work?” Face2Face Africa, February 23, 2020.
- ↑ Martin Luther King, Jr.s Home Is Bombed.” History.com. A&E Television Networks, October 21, 2019.
- ↑ 10 Famous Quotes from Dr. Martin Luther King, Jr.” National Constitution Center – constitutioncenter.org. Accessed April 13, 2020.
- ↑ Martin Luther King Jr.” HistoryNet. Accessed April 11, 2020.
|
|