რუსეთ-ოსმალეთის ომი (1710-1713)
რუსეთ-ოსმალეთის ომი 1710-1713 - პოლტავასთან რუსეთის არმიის გამარჯვების შემდეგ (1709 წ.) შვედეთის მეფე კარლ XII ოსმალეთში გაიქცა. ავსტრიისა და საფრანგეთის დახმარებით მან შეძლო ოსმალეთის ჩაბმა (1710 წლის 20 ნოემბერი) რუსეთთან ომში. 1711 წელს პეტრე I-მა მდინარე პრუტისაკენ გაილაშქრა, მაგრამ წარმატება ვერ მოიპოვა. ოსმალებმა რუსების ბანაკს ალყა შემოარტყეს. 12 (23) ივლისს დაიდო საზავო ხელშეკრულება, რუსეთის ჯარმა მოლდავეთიდან თავისუფალი გასვლის უფლება მიიღო, სამაგიეროდ რუსეთმა ოსმალეთს აზოვი დაუბრუნა, თანაც რუსეთს დნეპრისა და აზოვის ზღვის სანაპიროებზე ციხესიმაგრეები უნდა მოეშალა. მაგრამ ომი 1713 წლამდე გაგრძელდა, რადგანაც ოსმალეთის სულთანმა ახალი მოთხოვნების წამოყენება მოინდომა. 1713 წელს ადრიანოპოლში დაიდო ხელშეკრულება, რომელმაც 1711 წლის ზავის პირობები გაიმეორა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 503.