საქალწულე აპკი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საქალწულე აპკი}} |
საქალწულო აპკი (ლათ. hymen) — თხელი, მემბრანული წარმონაქმნი, რომელიც მდებარეობს საშოს შესასვლელში. საქალწულო აპკი გარდა ადამიანებისა, ასევე გააჩნიათ შიმპანზეებს, სპილოებს, ვეშაპებს, ლამანტინისებრებს, ცხენებს, ვირთხებს, ზღვის გოჭებს და ა.შ.
საქალწულო აპკი წარმოადგენს საშოს ლორწოვანი გარსის დუბლიკატს და მეტწილად მოთავსებულია საშოს შესავალ ხვრელთან, უფრო იშვიათად ოდნავ შიგნით, რომელიც ასე თუ ისე ავიწროვებს საშოს შესავალ ხვრელს.
აღნაგობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაბადებისას საქალწულე აპკი უფრო სქელია, თუმცა სქესობრივ მომწიფებასთან ერთად, ესტროგენების მიზეზით, აპკი თხელდება და ელასტიური ხდება, ხოლო პოსტრეპროდუქტიული ასაკის დადგომასთან ერთად თანდათანობით საქალწულო აპკი უხეშდება და კარგავს ელასტიურობას. ხანდახან გვხვდება შემთხვევები, როდესაც ახალდაბადებულ გოგონას საქალწულო აპკი არ გააჩნია (აპლაზია).
საქალწულო აპკს ორი ზედაპირი აქვს-ერთი მიმართულია საშოს ღრუსაკენ და ეწოდება ზედა, ანუ შიგნითა ზედაპირი, ხოლო მეორე მიმართულია გარეთ და ეწოდება გარეთა, ვესტიბულური ანუ ქვედა ზედაპირი. საქალწულო აპკი ძირითადად შედგება შემაერთებელი ქსოვილისაგან, რომელშიც განვითარებულია ელასტიკური ბოჭკოები და სისხლძარღვები, ხოლო გარედან დაფარულია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით.
საქალწულო აპკის სიმაღლე განისაზღვრება ფუძიდან მის თავისუფალ კიდემდე, რომელიც სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სიმაღლისაა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში (ბეჭდისებრი ფორმის საქალწულო აპკი) აპკის სიმაღლე მის ყველა ნაწილში-თითქმის თანაბარია.
ძირითადად საქალწულო აპკის სიმაღლე შეიძლება მერყეობდეს 2-3 მმ-დან 1-1,5 სმ-მდე. საქალწულო აპკის სიმაღლე დამოკიდებულია მის სხვადასხვა ფორმაზე, მაგალითად, ნახევარმთვარისებრი საქალწულო აპკის სიმაღლე ურეთრალურ ნაწილში შეიძლება არ აღემატებოდეს 1-2 მმ, მაშინ როცა მისი პერინიალური ნაწილი 1,5 სმ სიმაღლისაა.
ხშირად საქალწულო აპკების შედგენილობა, ფორმა, განლაგება და სხვა დეტალები განსხვავებულია დედამიწის სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები გოგონებისათვის.
ანატომიური კლასიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქალწულო აპკები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, არსებობს სხვადასხვა კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ან აპკის კონსტინტენციაზე ან ფორმაზე. საქალწულო აპკის კონსტიტენცია დამოკიდებულია შემაერთებელი ქსოვილის განვითარების ხარისხზე, როცა ეს ქსოვილი ნაკლებადაა განვითარებული, საქალწულო აპკი ძლიერ თხელია, ნაზი, რბილი (მოქნილი) კონსტინტენციის და განსაკუთრებით მის თავისუფალ კიდესთან, დაფარულია მხოლოდ მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით. ასეთი აპკი ცნობილია ეპითელური საქალწულო აპკის სახელწოდებით.
მეორე შემთხვევაში საქალწულო აპკი სქელია, ნაკლებად მოქნილი და მომკვრივო კონსტინტენციის, რადგან უხვად შეიცავს შემაერთებელ ქსოვილს ელასტიკური ბოჭკოებით და გარედან მოფენილია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით. ასეთი აპკი ცნობილია შემაერთებელქსოვილიანი საქალწულო აპკის სახელით (hymen epithelialis).
აპკის კონსტინტენცია-მოქნილობა და გაწევადობა სხვადასხვანაირია. მასში შემავალი ქსოვილების განვითარების მიხედვით, შესაძლებელია საქალწულო აპკების დაყოფა ოთხ ძირითად ფორმად: 1) დუნე (hymen debilis) 2) ხორციან (h. carneus) 3) ბოჭკოვან (h. taendineus) 4) ელასტიკურ საქალწულო აპკად (h. elasticus).
პირველი ეპითელური შენებისაა, მეორე საკმაოდ სქელი და მკვრივია, მესამე მეტწილად შემაერთქსოვილოვან ბოჭკოებს შეიცავს და მეოთხე მდიდარია ელასტიკური ბოჭკოებით.
ასევე არსებობს საქალწულო აპკების სხვა კლასიფიკაციებიც. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი დაყოფის მიხედვით განარჩევენ ორ ძირიად ფორმას ბეჭდისებრს (h. annularis) და ნახევარმთვარისებრს (h. semilunaris) ზოგიერთი ავტორი კი განარჩევს მესამე ძირითად ფორმასაც-ბაგისმაგვარს (h. Labiifomis).
საქალწულო აპკების ამგვარი დაყოფა ემყარება აპკის თავისუფალი ნაპირების თავისებურებებს, რომლებიც შეიძლება ბევრი ვარიანტით იყოს წარმოდგენილი, არსებობს ძირითადი ფორმებისგან მრავალნაირი გადახრა.
ყველაზე უფრო გავრცელებულია ბეჭდისებრი საქალწულო აპკი, იგი რგოლის ფორმისაა და აქვს სხვადასხვა სიფართის ცენტრალური ხვრელი. ნახევრმთვარისებრი საქალწულო აპკი ფორმით ნახევარმთვარეს წააგავს, ქვედა სეგმენტში იგი მაღალია. ბაგისმაგვარი საქალწულო აპკის შემთხვევაში უფრო მეტადაა განვითარებული მისი გვერდითი კიდეები, რის გამოც აპკის ხვრელი ნაპრალისებრია, ამიტომ მისი კედელი ზედა და ქვედა ნახევარში სუსტადაა გამოხატული-დაბალია.
ზეთოაღნიშნული ფორმებიდან შეიძლება შეგვხვდეს შემდეგი გადახრები:
- ფოჩისებრი (h. fibriatum), როცა საქალწულო აპკის კიდეებს ფოჩისებრი ფორმა აქვს.
- დაკბილული (h. denticulatus), როცა აპკის კიდეებზე დაკბილობები აღენიშნება;
- გემისქიმისებრი (h. carinatus), როცა აპკის ქვედა ნაწილი მთლიანია და ქმნის გემის ქიმის მაგვარ შემაღლებას;
- წილოვანი (h. lobatus), როცა აპკი შედგება ოთხი ან უფრო იშვიათად, სამი ნაწილისაგან. ასეთ შემთხვევაში საქალწულო აპკზე უფრო ხშირად აღინიშნება ერთმანეთისადმი მოპირდაპირედ განლაგებული ოთხი ღრმა ჩანაჭდევი, რომლებიც აღწევს აპკის ფუძემდე და ყოფს მას ოთხ ნაწილად;
- უხვრელო აპკი (h. inperforata), როცა მას ხვრელი არ აქვს და საშოს შესავალი მთლიანად დახურულია (ასეთი ფორმა იშვიათია);
- ტიხრიანი (h. septus), როცა საქალწულო აპკის კიდეები პირდაპირი და გარდიგარდმო მიმართულებით შეერთებულია ერთმანეთთან და ჩვეულებრივ, ერთი ხვრელის მაგივრად აღინიშნება ორი თანაბარი და არათანაბარი ოდენობის ხვრელები;
- ფანჯრიანი (h. fenestrata), როცა საქალწულო აპკს აქვს ორი პატარა ხვრელი-ორფანჯრიანი აპკი (h. bifenestrata) ; ან სამი ხვრელი-სამფანჯრიანი აპკი (h. trifenestrata);
- დაცხრილული (h. cribriformis), როცა აპკზე სამზე მეტი ხვრელია;
- მორჩისებური (h. appendiculatus), როცა საქალწულო აპკის ზედა და ქვედა ნახევრიდან მიიმართება წანაზარდი მორჩის სახით;
დეფლორაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დეფლორაცია ნიშნავს სქესობრივი შეუღლების (ან რაიმე მექანიკური ზემოქმედების) შედეგად საქალწულო აპკის მთლიანობის დარღვევას. გახრწნა არის საქალწულო აპკის მთლიანობის დარღვევა პირველი სქესობრივი შეუღლების შედეგად, თუმცა აპკის მთლიანობის რღვევა შესაძლებელია სხვა მექანიკური ზემოქმედების შედეგადაც (სპორტი, მასტურბაცია, მენსტრუალური ჭიქისა და ტამპონების ხმარება, ცხენის ჭენება და ა.შ.) რაც ასევე დამოკიდებულია საქალწულე აპკის ფორმაზე, სიმკვრივეზე, სისქესა და აღნაგობაზე).
სქესობრივი შეუღლების დროს, ჩახევა იწყება აპკის თავისუფალი ზედაპირიდან და სწრაფად ვრცელდება რადიალურად ფუძის მიმართულებით. საქალწულო აპკი შეიძლება ჩაიხეს ერთ ან რამდენიმე ადგილას, რომელიც უმეტესად რადიალური მიმართულებისაა, შეიძლება იყოს ირიბი მიმართულების ჩახევებიც. აპკი მეტწილად ზიანდება მის ქვედა ნახევარსა და გვერდით კედლებზე, რადგან საქალწულო აპკის სიმაღლე ამ მიდამოებში უფრო მეტია.
პირველი სქესობრივი შეუღლების ერთ-ერთ დამადასტურებელ ნიშნად სისხლდენას თვლიან, რაც არასწორია, ზოგიერთ შემთხვევაში საქალწულო აპკის მთლიანობა შეიძლება არ დაირღვეს. მაგალითად, ბეჭდისებრი, დაბალი, ხორციანი, ფართო ცენტრალური ხვრელის მქონე საქალწულო აპკის მთლიანობა სქესობრივი შეუღლების დროს შეიძლება არ დაირღვეს, ხანგრძლივი დროის განმავლობაშიც.
დეფლორაციის შედეგად აპკი რამდენიმე ნაწილად გაიყოფა ისე, რომ აპკის ცალკეულ ნაწილს შორის კავშირი ირღვევა. ეს ნაწილები ატროფიის გამო პატარავდება, ხოლო მშობიარობის შემდეგ მისი კვალი რჩება კვანძების სახით (carunculae miptiformis) ან უფრო იშვიათ შემთხვევებში სრულიად ქრება.
ასევე არსებობს ქირურგიული დეფლორაციაც, რომელიც სხვადასხვა შემთხვევებში ტარდება: ძლიერ ელასტიური საქალწულე აპკი, როცა აპკი არ იხევა; სქელი აპკი, რომელიც ხელს უშლის სქესობრივი კავშირის ქონას. ზოგჯერ აპკის ქირურგიული დეფლორაცია ხდება სამედიცინო ჩვენებით, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა აპკი არის არაპერფორირებული და მენსტრუალური სისხლის გამოსვლა შეუძლებელია და გროვდება საშოში, რაც აჩენს შესაბამის სიმპტომებს: პერიოდული ტკივილი მუცლის ქვემო მიდამოში, რომლებიც ემთხვევა მენსტრუაციის პერიოდს.
ხშირად იმ ქვეყნებში, სადაც საქალწულო აპკის ქონას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება (რელიგიური, ეთიკური, მორალური, და ა.შ.), გავრცელებულია ჰიმენოპლასტიკა, რა დროსაც ქირურგიული მეთოდით ხდება დარღვეული საქალწულო აპკის ჩანახევების ხელოვნურად ერთმანეთზე მიკერება, რაც დაურღვეველი აპკის და ქალწულობის ილუზიას ქმნის. ასევე გარკვეულ შემთხვევებში, არსებობს ხელოვნური საქალწულე აპკის შექმნის პრაქტიკაც, ეს უკანასკნელი წარმოადგენს ხელოვნურად შექმნილ საქალწულე აპკის პროთეზს, რომელსაც აქვს ინტაქტური საქალწულე აპკის შესახედაობა, მისი დარღვევა იწვევს წითლად შეღებილი სითხის დინებასაც. ბუნებრივია, დარღვეული საქალწულო აპკის აღდგენა რეალურად შეუძლებელია და მით უმეტეს ის ვერც ქალწულობას აღადგენს, წარმოადგენს მხოლოდ ილუზიას, ოპერაციის შემკვეთის კერძო სურვილს.
დანიშნულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამედიცინო თვალსაზრისით საქალწულო აპკის დანიშნულებაზე არ არსებობს ერთგვაროვანი პოზიცია, აღნიშნულ საკითხზე ავტორების უმრავლესობა ან საერთოდ არ მსჯელობს, ან იმეორებს ჰიპოთეზას, რომ აპკის დანიშნულებაა ადრეულ ასაკში საშოში ინფექციების მოხვედრის გამორიცხვა. ისიც, ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ მდედრობითი სქესის იმ ძუძუმწოვრებში, რომელთაც საქალწულე აპკი გააჩნიათ, მისი მთლიანობა, მრავალი ათასწლეულია ირღვევა, მდედრები მაინც საქალწულე აპკებით იბადებიან, სხეულის ამ ნაწილს არანაირი ევოლუცია არ განუცდია და ორგანიზმს მასზე უარი არ უთქვამს.
საქალწულე აპკს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა რელიგიებსა და კულტურებში, მათ შორის ქრისტიანულ და მუსლიმურ კულტურებში, მართალია დღეის მდგომარეობით დასავლური სამყაროს მიდგომა ქალწულობისადმი მკვეთრად შეიცვალა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით მას მაინც აქვს მნიშვნელობა. საქალწულე აპკი, რომელიც ხშირად ქალწულობის სინონიმია, უკავშირდებოდა ე.წ. ტელეგონიასაც, რომელიც თავის მხრივ ნიშნავს მოცემულობას, როდესაც უმანკო მდედრს, პირველი მამრი, რომელიც მასთან დაამყარებდა სქესობრივ კავშირს, გადასცემდა გარკვეული სახის გენეტიკურ ინფორმაციას, მდედრის სხეული იმახსოვრებდა პირველი მამრისგან მიღებულ ინფორმაციას და ყოველ შემდგომ ეტაპზე გამრავლებისას გადასცემდა შთამომავლობას, თუნდაც რომ ეს შთამომავლობა უკვე სხვა მამრისგან იყოს ჩასახული. დღეის მდგომარეობით ტელეგონია უარყოფილია და ხშირად მას ფსევდომეცნიერებადაც მოიხსენიებენ, ამდენად ამ მიმართულებით ადამიანებზე კვლევები აღარ მიმდინარეობს, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ინსტიტუტებში, ბოლო პერიოდში წარმოებულმა კვლევებმა ტელეგონიის ეფექტი დაადასტურა ცოცხალ ორგანიზმებში, მაგალითად ბუზებში.
საქალწულო აპკს გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლო სამედიცინო თვალსაზრისით სქესობრივი დანაშაულების გამოძიებისას, რაც შესაბამისი საექსპერტო კვლევის საგანს შეადგენს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შანიძე ვ., სასამართლო მედიცინა, - თბ. 1970.
- შანიძე ვ. სქესობრივი დანაშაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1958.
- შანიძე ვ. სასამართლო სამეანო-გინეკოლოგიური ექსპერტიზა. - მე-2 შესწ. და გადამუშ. გამოც.. - თბ., 1976.
- გიგინეიშვილი, მიხეილ ს. გინეკოლოგია : სახელმძღვ. სამედ. ინ-ტის სტუდ. / რედ.: თ. დეკანოსიძე. - თბ., 1998. - 416გვ.
- კინტრაია ნ., ქალის სასქესო სისტემის კლინიკური ანატომია და ქირურგიული გინეკოლოგია: ატლასი (2 ტომად)/რედ. პალიკო კინტრაია, თბ. 2011.
- ლომინაძე ა., ბავშვთა და მოზრდილტა გინეკოლოგია, თბ. 1994.
- ქორიძე შ., ბავშვთა გინეკოლოგია, 1964.
- ხეცურიანი რ., შუკაკიძე ა., არაბული მ., თოფურია დ., საშარდე და სასქესო სისტემების ანატომია, თბ. 2012.
- Волф С., Миттаг Ю.Э. Атлас детской и подростковой гинекологии: Пер. с нем. / Под ред. В.И. Кулакова. М., 2004.
- Тягунов Д.В. , Кузьмичев Д.Е.,. Тягунова И.Ф. Особенности производства судебно-медицинской экспертизы при половых преступлениях: учебно-методическое пособие, г. Хaнты-Мaнсийск, 2020.
- Здравомыслов В. И., Анисимова 3. Е., Либих С. Функциональная женская сексопатология. С. Учебное пособие. М. 1994.
- Blank Hanne, Virgin: The Untouched History։ Bloomsbury USA; 1st edition, 2007.
- Blackledge Catherine, The Story of V։ Rutgers University Press, 2004.
- Rogers D. J; Stark, M., "The hymen is not necessarily torn after sexual intercourse". BMJ: British Medical Journal. 317 (7155): 414. 1998.
- Hegazy A., Al-Rukban M., Hymen: Facts and conceptions" , TheHealth. 3 (4). 2012.
- Lardenoije C.; Aardenburg R.; Mertens, H., "Imperforate hymen: a cause of abdominal pain in female adolescents". BMJ Case Reports. 2009.
- Amy J., "Certificates of virginity and reconstruction of the hymen". The European Journal of Contraception & Reproductive Health Care. 13 (2): 111–113. 2008.
- Emans, S.J; Woods E., Elizabeth N.; Grace E., "Hymenal findings in adolescent women: Impact of tampon use and consensual sexual activity". The Journal of Pediatrics. 125 (1), 1994.
- Adams J.; Botash A; Kellogg N., "Differences in hymenal morphology between adolescent girls with and without a history of consensual sexual intercourse". Archives of Pediatrics & Adolescent Medicine. 158 (3): 280–285, 2004.
- Pascoal S., Jarrett B., Emma Evans , KilnerR., Superior stimulation of female fecundity by subordinate males provides a mechanism for telegony, Evolution Letters ,V.2, Issue: 2, pp 114-125.
- Crean A., Kopps, A., BondurianskyR., Revisiting telegony: offspring inherit an acquired characteristic of their mother's previous mate, Ecology Letters. 2014, Dec;17(12), pp.1545-52.
- Yongsheng Liu, Fetal genes in mother's blood: a novel mechanism for telegony? Gene, 2013 Jul 25;524(2), pp.414-416.
- Y S Liu ., Telegony, the sire effect and non-mendelian inheritance mediated by spermatozoa: a historical overview and modern mechanistic speculations, Reproduction in domestic animals = Zuchthygiene. 2011 Apr; 46(2), pp. 338-43