შინაარსზე გადასვლა

Linux

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Linux

ტუქსი, პინგვინი, Linux-ის ლოგო[1]
შემქმნელი საზოგადოება
ოპერაციული
სისტემის ოჯახი
UNIX-ის მსგავსი
წყაროს მოდელი ძირითად ღია წყარო, არსებობს დახურული წყაროც
პირველად გამოვიდა 17 სექტემბერი, 1991; 33 წლის წინ (1991-09-17)
მარკეტინგული სამიზნე პერსონალური კომპიუტერები, მობილური მოწყობილობები, ჩაშენებული მოწყობილობები, სერვერები, სუპერკომპიუტერები
ხელმისაწვდომი ენები მრავალენოვანი
მხარდაჭერილი
პლატფორმები
Alpha, ARC, ARM, Blackfin, C6x, ETRAX CRIS, FR-V, H8/300, Hexagon, Itanium, M32R, m68k, META, Microblaze, MIPS, MN103, Nios II, OpenRISC, PA-RISC, PowerPC, s390, S+core, SuperH, SPARC, TILE64, Unicore32, x86, Xtensa
ბირთვის ტიპი მონოლითური (Linux-ის ბირთვი)
სამომხმარებლო
სივრცე
GNU და სხვები[2][3][4][5][6]
ლიცენზია GPLv2[7][8]
ოფიციალური საიტი kernel.org

ლინუქსი (Linux) — მრავალფუნქციონალური მძლავრი თავისუფალი საოპერაციო სისტემა, რომელიც იუნიქსის მაგვარი საოპერაციო სისტემების ერთ-ერთი ნაირსახეობაა. საოპერაციო სისტემა იუნიქსი (UNIX) შეიქმნა სამოციან წლებში, კვლევისა და განვითარების ორგანიზაცია ბელ ლაბსში (Bell Labs, ამჟამად Bell Laboratories), AT&T-ს თანამშრომლების ჯგუფის მიერ.

UNIX-ის შექმნისას გათვალისწინებული იქნა მისი მულტიპლატფორუმულ საოპერაციო სისტემად ჩამოყალიბება, ანუ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი მისი სხვადასხვა არქიტექტურის მანქანებზე უპრობლემოდ მუშაობა. სწორედ მისმა მულტიპლატფორმულობამ განაპირობა UNIX-ის უდიდესი პოპულარულობა. UNIX-ის პოპულარულობასთან ერთად სხვადასხვა კომპანიებმა დაიწყეს UNIX-ის ბაზაზე საოპერაციო სისტემების შექმნა.

ლინუს ტორვალდსი, ლინუქსის ძირითადი შემქმნელი

Linux არის თავისუფალად გავრცელებადი GPL ლიცენზიაზე დამყარებული საოპერაციო სისტემა, რომელიც შეიქმნა UNIX მაგვარი საოპერაციო სისტემა Minix-ის გავლენით (და არა მის ბაზაზე). მისი თავდაპირველი ვერსიის შემქმნელია ფინეთის ჰელსინკის უნივერსტიტეტის სტუდენტი ლინუს ტორვალდსი (Linus Torvalds). საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სტუდენტმა ახალი საოპერაციო სისტემა საკურსო ნაშრომის ფარგლებში შექმნა.

Linux შექმნილია მრავალრიცხოვან UNIX პროგრამისტთა და ინტერნეტის ქსელში მომუშავე ენთუზიასტთა დახმარებით. მასში არ არის გამოყენებული AT&T UNIX-ის პროგრამული კოდი, ასევე არც ერთი სხვა UNIX-ის პროგრამული კოდი. Linux-ის მეტი წილი პროგრამები შექმნილია GNU Free Software Foundation პროექტის ჩარჩოში, კემბრიჯში, მასაჩუსეტსი, თუმცა მის შექმნაში ასევე მონაწილეობა თითქმის მთელი მსოფლიოს პროგრამისტებმა მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ Linux-ის ბაზაზე შექმნილი პროგრამების უმეტესობა არის ღია პროგრამული კოდით (open source) და ამასთან უფასოა. 0.01 ვერსიის Linux-ის გამოჩენისას არასდროს არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება მისი შექმნის თაობაზე, 0.01 ვერსიის პროგრამული წყარო, პროგრამის კოდის ნორმალური შესრულების შესაძლებლობასაც კი არ იძლეოდა და მიუთითებდა იმაზე, რომ მომხმარებელი მიმართავდა Minix მანქანას. ეს მისი (Linux) კომპილირებისა თუ სრულყოფის შესაძლებლობას იძლეოდა.

1991 წლის 5 ნოემბერს ლინუსმა „ოფიციალურად“ განაცხადა Linux-ის 0.02 ვერსიის გამოსვლის თაობაზე. მიუხედავად ამისა, ეს ისევ განიხილებოდა როგორც მორიგი ექსპერიმენტებისათვის განკუთვნილი საოპერაციო სისტემა. ძირითადად ყურადღება დაეთმო სისტემის ბირთვის (kernel) დახვეწას, არანაირი ყურადღება არ ექცეოდა რიგით მომხმარებელთათვის მასთან მუშაობის უზრუნველყოფას, არ მოხდა სისტემის დოკუმენტირების ტირაჟირება. ეს შემდეგმა გარემოებებმა განაპირობა: საოპერაციო სისტემა უნდა გამხდარიყო დამოუკიდებელი, არ ყოფილიყო საჭიროება შემდგომი ვერსიების Minix-ზე კომპილირება-სრულყოფისა.

0.03 ვერსიაზე მუშაობის დამთავრების შემდეგ ლინუსმა მომდევნო ვერსიას პირდაპირ მიანიჭა 0.10 ნომერი, ვინაიდან იმ დროისათვის პროექტზე უკვე საკმაო რაოდენობის ხალხი მუშაობდა და ბევრი რამ დაიხვეწა.

1992 წლის მარტში ტესტირების სტადიაში მყოფი საოპერაციო სისტემის ვერსიების რამდენიმეჯერ გადახედვის შემდეგ ახალ შექმნილ ვერსიას ამჯერად 0.95 ნომერი მიენიჭა, რითაც ლინუსმა მიანიშნა, რომ მალე შესაძლებელი იქნებოდა „ოფიციალური“ ვერსიის გამოსვლაზე განაცხადის გაკეთება. დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ 1993 წლის დეკემბერში Linux-ის ვერსიის ნომერი უკვე 0.99.pl14 იყო, რაც გახდა საწინდარი იმისა, რომ სულ მალე გამოვიდოდა უკვე ნამდვილად ოფიციალური სტაბილური ვერსია 1.0, რაც 1994 წელს მოხდა კიდეც.

Linux თავდაპირველად შეიქმნა ინტელის 32-ბიტიანი x86-ბაზაზე შექმნილ 386 ან უფრო მძლავრ პროცესორებზე სამუშაოდ. ამჟამად Linux ასევე შემდეგი პლატფორმის მანქანებზეც მუშაობს: Compaq Alpha AXP, Sun SPARC, UltraSPARC, Motorola 680x0, PowerPC, PowerPC64, ARM, Hitachi SuperH, IBM S/390, MIPS, HP PA-RISC, Intel IA-64, DEC VAX, AMD x86-64, CRIS.

Linux წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც სამუშაო სადგურად, ასევე სერვერის პლატფორმად. დღესდღეობით Linux UNIX მაგვარი საოპერაციო სისტემების ღირსეული კლონია. Linux სრულყოფილი მრავალფუნქციონალური მრავალამოცანიანი საოპერაციო სისტემაა, რომელიც წარმატებით ართმევს თავს თანამედროვე საინფორმაიციო ტექნოლოგიების მზარდ მოთხოვნილებებს. მასზე შესაძლებელია X Windows-ის გრაფიკულ გარემოში და console (ბრძანებათა სტრიქონში) მოხერხებული მუშაობა. Linux-ის მომხმარებელთათვის არსებობს თანამედროვე გრაფიკული და საოფისე პროგრამები, ასევე მათთვის ინტერნეტში სრულყოფილად სამუშაოდ უამრავი პროგრამა, რომლითაც შესაძლებელია ვებ-გვერდების დათვალიერება, ელექტრონული ფოსტის მიღება და გაგზავნა, IRC, ICQ, Yahoo Messenger, AOL Instant Messenger, MSN Messenger და სხვა პოპულარული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება.

არანაკლები რაოდენობით არსებობს პროგრამირებით დაინტერესებულ პირთათვის განკუთვნილი პროფესიონალური დონის გრაფიკული ინტერფეისიანი პროგრამული პროდუქტები. ამასთან პროგრამული უზრუნველყოფის სრული სპექტრი არსებობს Linux-ის როგორც ინტერნეტ, ბეჭდვით თუ ფაილ სერვერად გამოსაყენებლად. Linux-ისთვის არსებობს უმძლავრესი პროგრამული პროდუქტები მონაცემთა ბაზების შესაქმნელად, რომლის ნათელი მაგალითია კომპანია Oracle, რომელიც თავის პროდუქციას სხვა საოპერაციო სისტემებთან ერთად ასევე Linux პლატფორმისათვის ქმნის.

ამჟამად Linux საკმაოდ დეტალურად არის დოკუმენტირებული, ასევე დოკუმენტირებულია Linux-ის ბაზაზე შექმნილი პროგრამები, ეს ინფორმაცია უფასოა და შესაბამის ინტერნეტ გვერდებზე არსებობს. Linux-ის პრინციპია: მომხმარებელს უფასოდ მიეწოდოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და პროდუქტი (პროგრამა), რაც ხელსაყრელი ალტერნატივაა მომხმარებლისთვის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Linux Online. (2008)Linux Logos and Mascots. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 15, 2010. ციტირების თარიღი: August 11, 2009.
  2. GNU Userland.
  3. Unix Fundamentals — System Administration for Cyborgs.
  4. Operating Systems — Introduction to Information and Communication Technology.
  5. The X Window System.
  6. PCLinuxOS Magazine - HTML. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-15. ციტირების თარიღი: 2017-11-10.
  7. The Linux Kernel Archives: Frequently asked questions (September 2, 2014). ციტირების თარიღი: September 4, 2015.
  8. U.S. Reg No: 1916230. United States Patent and Trademark Office. ციტირების თარიღი: April 1, 2006.