დინორეშა გინულა

ვიკიპედია:შენი

ვიკიპედიაშე

მეგრული ვიკიპედიის სარედაქციო ჯგუფის განცხადება ვიკიპედიის მეგრული ვერსიის თაობაზე

ვიკიპედია (ინგლ. Wikipedia) — მრავალენოვანი, თავისუფალი, ღია ვიკი-ენციკლოპედიაა. ვიკიპედია შეიქმნა 2001 წლის 15 იანვარს, როგორც ინგლისურენოვანი პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა. ეს არის პროექტი, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტის ორგანიზატორია ამერიკული ფონდი ვიკიმედია.

პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე. ვიკიპედიამ მოიპოვა პოპულარობა ინტერნეტის მომხმარებლებს შორის და შემდეგ, გაჩნდა მისი ვარიანტები სხვა ენებზე, მათ შორის მეგრულ ენაზეც. მეგრულ ენაზე ამ დროისთვის 21,561 სტატიაა შექმნილი. მეგრულ ვიკიპედიას ჰყავს ორი არჩეული ადმინისტრატორი და რამდენიმე დარეგისტრირებული მომხმარებელი, რომლებიც სხვადასხვა ინტენსივობით თითქმის ყოველდღიურად ამატებენ ახალ-ახალ სტატიებს და ეწევიან უკვე დაწერილი სტატიების რედაქტირებებს. სტატიები იწერება ნებისმიერ თემაზე, მათ შორის რელიგიაზე, მეცნიერებაზე, გეოგრაფიაზე, ისტორიაზე, იწერება ასევე ზოგადად საქართველოს შესახებ.

გარკვეული ნაწილი მეგრულ ვიკიპედიას სკეპტიკურად უყურებს და მასზე მომუშავე უბრალო ადამიანებს უსამართლოდ, ხან აგენტებად ნათლავენ, ხან არაპატრიოტებად, რის გამოც პროექტში არაა სათანადო აქტიურობა. სასურველი იქნება, თუ ადამიანები მოიშორებენ ასეთ მიდგომას თანამოძმეების მიმართ და ამ პროექტს შეხედავენ, როგორც მხოლოდ, მეგრული ენის არ დაკარგვისთვის, მისი შენარჩუნება-განვითარებისთვის, ასე თუ ისე წინ გადადგმულ ნაბიჯს. რაც უფრო მეტი მეგრული ენის მცოდნე მიიღებს მასში მონაწილეობას, რაც უფრო მეტი სტატიები დაიწერება და გაკეთდება რედაქტირებები, (რაც არც თუ ისე რთულია ენის ცოდნის შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანისათვის), მით უფრო დაიხვეწება და გამოსწორდება ის შეცდომები თუ ხარვეზები, გრამატიკულად გაუმართავი წინადადებები, რომლებიც დღეს მეგრულ ვიკიპედიაში შეიძლება არსებობდეს, რადგან ადამიანები, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობენ, არიან მოყვარულები და მათ არ გააჩნიათ ღრმა ლინგვისტური განათლება. ისინი მეტწილად ეყრდნობიან ზოგადლინგვისტურ ბაზისს და მეგრული ენის, როგორც მათი მშობლიური ენის ცოდნას.

დღეისათვის ყველაზე დიდია ინგლისურენოვანი განყოფილება, რომელიც შეიცავს 5 მილიონზე მეტ სტატიას. მას მოჰყვებიან: გერმანული და ფრანგული ვიკიპედიები მილიონზე მეტი სტატიით, პოლონური, იტალიური, იაპონური, ესპანური, ჰოლანდიური, პორტუგალიური და რუსული ვიკიპედიები ნახევარ მილიონზე მეტი სტატიით. მსოფლიოში ვიკიპედია ამ დროისათვის, სულ 285 ენაზე მუშავდება.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, მეგრული ვიკიპედიის შექმნის იდეა დაებადა ქართული ვიკიპედიის რედაქტორთა ჯგუფის ერთ-ერთ წევრს და 2008 წელს მან დაიწყო კიდეც ამ პროექტის განხორციელება. ამ წამოწყებას ქართული ვიკიპედიის რედაქტორების საკმაოდ დიდმა ნაწილმაც იმ ხანად მხარი დაუჭირა. რადგანაც, თვითონ მეგრულს არ ფლობდა, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში მეგრულის მცოდნე პიროვნებებს უკავშირდებოდა და თხოვდა დახმარებას. ასე აღმოჩნდა ზოგიერთი ჩვენგანი მეგრული ვიკიპედიის პროექტში ჩართული. იმ დროისათვის ითარგმნებოდა სპეციფიკური ტერმინოლოგია და იწერებოდა ვიკიპედიის ფორმატის სტატიები მეგრულად, რადგან ეს აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენდა პროექტის დამტკიცებისათვის. ტერმინების ერთი ნაწილი ითარგმნა, და რამდენიმე ათეული სტატიაც დაიწერა, თუმცა პროექტზე მუშაობა მალევე შეჩერდა, რადგან ენთუზიასტების ჯგუფი გაიფანტა, ხოლო თვითონ იდეის ავტორმა საერთოდ დატოვა პროექტი. მოგვიანებით, ვიკიპედიის დამტკიცებისას მან განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება მეგრულ ენაზე ამ პროექტის არსებობას და მისი მონაწილეობა ამ საქმეში შეცდომა იყო. მისივე განცხადებით, იძულებული გახდა უარი ეთქვა პროექტში მონაწილეობაზე საზოგადოებრივი აზრის გავლენის გამო, რომლის მიხედვითაც ამგვარ პროექტებს არასახარბიელო იარლიყს აწებებენ.

ჯგუფის დაშლიდან ერთი წლის თავზე მოხერხდა სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით რამდენიმე ენთუზიასტის მობილიზება და პროექტზე ისევ დაიწყო მუშაობა. აღსანიშნავია, რომ არცერთი ჩვენგანი ლინგვისტი არაა და ამის გამო ძალიან გაგვიჭირდა პროექტზე მუშაობა, თუმცა ვთვლით, რომ პროექტი მაინც წარმატებით განხორციელდა. რამდენიმე თვის დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და 2011 წლის ივნისში ვიკიპედიის ადმინისტრაციამ მრავალენოვანი ვიკიპედიების ნუსხაში მეგრული ვერსიაც ჩასვა.

ნება გვიბოძეთ, ამ წერილის მეშვეობით საზოგადოებას განვუმარტოთ პროექტის განხორციელების მნიშვნელობა და საჭიროებანი. გულახდილები ვიქნებით და ვიტყვით, რომ არცერთ ჩვენგანს არ გვქონია მოლოდინი მეგრული ვიკიპედია ქცეულიყო ისეთ საინფორმაციო წყაროდ, როგორიც თუნდაც ქართული ვიკიპედიაა. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ საზოგადოების მეგრულენოვანი ნაწილი მისთვის საინტერესო მასალებს მეგრული ვიკიპედიის ელექტრონულ ფურცლებზე მოძებნის და ამას თავისი ახსნა აქვს: მეგრული არ გახლავთ სტანდარტიზებული და ნორმალიზებული ენა, დღევანდელი სასაუბრო მეგრული უხვადაა გაჯერებული ბარბარიზმებით, შესაბამისად ასეთი მეგრულის მცოდნეს გაუჭირდება დახვეწილი მეგრულით შედგენილი სტატიის კითხვა, სწორედ ენის სათანადოდ არცოდნის გამო. ზუსტად ეს უკანასკნელი ფაქტორი გახდა მეგრული ვიკიპედიის, როგორც ერთ-ერთი პოპულარული პროექტის შექმნის მიზანი.

ჩვენ, მეგრულ ვიკიპედიაზე მომუშავე ჯგუფის წევრები ვთვლით, ქართულ ენასთან ერთად, მეგრული ენა, ისევე როგორც სვანური და ლაზური, საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ერის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, ქართველური ცივილიზაციის მასულდგმულებელი წყარო და ვწუხვართ, რომ ენა, რომელიც ცოცხალ ორგანიზმს წარმოადგენს, კვდება მასზე არასათანადო ზრუნვის გამო. გლობალიზაციას მრავალ სიკეთესთან ერთად უამრავი ბოროტებაც მოაქვს და ერთ-ერთი ასეთი ბოროტება მცირე, უმწერლობო ენებს უქადის განადგურებას. UNESCO და ლინგვისტური საზოგადოებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აცხადებენ, რომ 21-ე საუკუნის დასასრულისთვის დედამიწაზე არსებულ ენათა 70% გაქრება. ენის გაქრობას კი ხელს უწყობს მასზე მოლაპარაკეთა რაოდენობის კლება, რაც მეგრულის შემთხვევაში თვალში საცემია: აბაშის რაიონში და ქ. ფოთში მეგრული ენის მდგომარეობა სავალალოა, იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ საუბრობს მეგრულად, როცა 50 წლის წინ აბსოლუტურად სხვა სურათი გვქონდა. იგივე ტენდენციაა სხვა რაიონებშიც, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, რომელთა შორის მეგრულად საუბარი რატომღაც ცუდ ტონად ითვლება.

ამ პროცესებს კი მკაფიოდ ტენდენციური სახე აქვს და თუკი ასე გაგრძელდა, მომავალი 50 წლის განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში სავარაუდოდ მივიღებთ მოსახლეობის 30-40% და შესაძლოა უფრო მეტსაც, რომელთაც არ ეცოდინებათ მეგრული ენა. აღნიშნული კი ნამდვილად განგაშის საფუძველია ჩვენთვის და ამიტომაც ვცდილობთ საკუთარი ძალებით, მცირედი წვლილი შევიტანოთ პრობლემის მოგვარებაში. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული შიში აქვთ ამგვარი პროექტების მიმართ და ყველაფერში სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ხედავენ. ჩვენი ჯგუფი, ამგვარი პიროვნებების თავდასხმის ობიექტი ხშირად გამხდარა, თუმცა ეს მოულოდნელი არ ყოფილა და არც შემდგომში გამოვრიცხავთ მსგავსი ქმედებების გახშირებას.

მეგრული ვიკიპედიის თემაზე ინტერნეტ სივრცეში გამართული არაერთი დისკუსიის დროს, აქტიურობდნენ ნაკლებად რადიკალურად განწყობილი პიროვნებებიც, რომელთა აზრით, ქართველური ენების ხსნა ფოლკლორული ტექსტების შეგროვებაში, სიმღერებში და ცეკვაშია. ეს, რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ მიმართულია მოცემულ პერიოდში არსებული ვითარების კონსერვაციაზე, ენა კი ცოცხალი ორგანიზმია და განვითარებას საჭიროებს. ამიტომაც, ფოლკლორული ტექსტებით ვერცერთ ენას ვერ ვიხსნით, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. კონკრეტულ შემთხვევაში, ქართველური ენების მხარდასაჭერად, ვფიქრობთ, რომ მათი პოპულარიზაციის მიზნით საჭიროა სხვადასხვა კულტურული და სამეცნიერო პროექტების განხორციელება და სასურველია, რომ ამას სახელმწიფო ედგას ინიციატორად. უმჯობესია, პოპულარული პროექტების თარგმნა ან შექმნა, სხვადასხვა ჟანრის სიმღერების ამ ენებზე აჟღერება, ანიმაციის აღორძინება ხალხური ზღაპრების მოტივებზე და ა.შ. ეს ყველაფერი კი შექმნის წინაპირობას, რომ ახალგაზრდებში ენა უფრო პოპულარული გახდეს, მასზე საუბარი არ ჩაითვალოს ცუდ ტონად და ადამიანმა შეძლოს ამ ენის გადაცემა საკუთარი შთამომავლისათვის, რაც თავისთავად ენის გადარჩენის გარანტია.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს — შემოგვიერთდეს ამ კეთილ საქმეში და დაგვეხმაროს ვიკიპედიის შევსებაში. ასევე, ვაცხადებთ, რომ დროა სახელმწიფომ ოფიციალურად აღიაროს ქართველური ენები ფასდაუდებელ კულტურულ მემკვიდრეობად და განახორციელოს სხვადასხვა პროექტები მათი პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით.

მეგრული ვიკიპედიის რედაქცია