შინაარსზე გადასვლა

ამოწყდომა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სახეობათა ამოწყდომა (ცხოველებისა, მცენარეებისა, მიკროორგანიზმებისა) — მოვლენა, რომელიც ცოცხალი ბუნების ისტორიული განვითარების პროცესში ხდება. უმეტეს შემთხვევაში ამოწყვეტის მიზეზია ბუნებრივი გადარჩევა (ორგანიზმები ვერ ასწრებენ შეეგუონ გარემოს მკვეთრ ცვლილებებს). ხშირად ამოწყვეტის მიზეზი ორგანიზმთა გადაგვარებაა (იხ. დეგენერაცია). ორგანული სამყაროს ისტორია ნათლად მოწმობს, რომ ფორრმების დიდი უმრავლესობა ისე ამოწყდა, შთამომავლობა არ დაუტოვებია. ჟორჟ კიუვიე და მისი მიმდევრები ამას გლობალური ხასიათის კატასტროფებით ხსნიდნენ. ჟან ბატისტ ლამარკმა დაგმო კიუვიეს „კატასტროფათა თეორია“, მაგრამ მეორე უკიდურესობამდე მივიდა: მისი აზრით, თითქმის ზველა გამქრალი სახეობა ახალ სახეობად არის გარდაქმნილი და არაა ამომწყდარი. ამოწყდომის მოვლენა ჭეშმარიტად მეცნიერულად ახრსნა ჩარლზ დარვინმა. მან დაასაბუთა, რომ ორგანული ფორმების ამოწყდომის მთავარი მიზეზია გარემოს ცვლილებები და რომ, ამასთანავე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო აბიოტური ფაქტორების, არამედ ბიოტური ფაქტორების (სახეობათშორისო ურთიერთობანი) ცვლილებებსაც.

გარემოს სწრაფი შეცვლის შედეგად შეიძლება ამოწყდეს შედარებით შეზღუდული არეალის მქონე სახეობები, მაგრამ ფართოდ (ყველა ოკეანეში ან კონტინენტთა უმეტესობაზე) გავრცელებული ფორმები ყველგან ერთბაშად არ ქრება, რადგან დედამიწის ისტორია არ იცნობს მსოფლიო მასშტაბისა და არაჩვეულებრივი სისწრაფის კატასტროფებს. დარვინის კონცეფციის თანახმად, მცენარეთა და ცხოველთა ზოგი ჯგუფის საბოლოო ამოწყდომა ხშირად ძლიერ ჭიანურდება, რადგან ხელსაყრელ პირობებში ცალკეული სახეობა შეიძლება დიდხანს შემორჩეს პირვანდელი არეალის რომელიმე მცირე უბანს. ამით აიხსნება ოდესღაც ფართოდ გავრცელებული ჯგუფების ნაშთების — რელიქტური ფორმების არსებობაც (იხ. რელიქტები). რელიქტური ორგანიზმია, მაგ. 30-იან წლებში აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან აღმოჩენილი ლატიმერია, რომლის მონათესავე ნამარხი ფორმები მანამდე მხოლოდ გვიან პალეოზოურსა და მეზოზოურში (დევონურიდან ცარცულ პერიოდამდე) იყო ცნობილი. ამოწყდომის დარვინისეული მოძღვრება პალეონტოლოგიური ფაქტების საფუძველზე განავითარა და გააღრმავა ვლადიმერ კოვალევსკიმ, რომელმაც გვიჩვენა, რომ ამოწყდომის ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა ინადაპტიური ევოლუცია (კოვალევსკის კანონი).

მზარდი ტექნიკის პროგრესისა და მოსახლეობის განუწყვეტილი ზრდის პირობებში მრავალი სახეობის ამოწყდომის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბიოტურ ფაქტორად გვევლინება ადამიანის საქმიანობა.