შინაარსზე გადასვლა

გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი

გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი (დ. 21 დეკემბერი, 1715 — გ. 20 მარტი, 1773) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. სხვადასხვა დროს მსახურობდა საქსონიის, ნიდერლანდების, პრუსიისა და რუსეთის არმიებში. შვიდწლიანი ომის დროს რუსეთის სამსახურში შევიდა. თავი გამოიჩინა კუნერსდორფის ბრძოლაში (1759 წ.). 1761 წელს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს. 1762 წელს სამხედრო ტრიბუნალმა სიკვდილი მიუსაჯა, მაგრამ პეტრე III-ის სიკვდილის გამო განაჩენის ასრულება დაყოვნდა. 1763 წელს ეკატერინე II-მ ტოტლებენს სასჯელი ქონების კონფისკაციით და გაძევებით შეუცვალა.

რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომის დროს ეკატერინე II-მ იმერეთის მეფის დასახმარებლად გასაგზავნი რაზმის მეთაურად დანიშნა. 1769 წელს ტოტლებენი ერეკლე II-ს დაუკავშირდა და დახმარება აღუთქვა. სექტემბერში იმერეთში გადავიდა და თურქებთან ბრძოლაში ჩაება, მაგრამ ოქტომბერში ქართლში დაბრუნდა. 1770 წლის აპრილში ტოტლებენმა ქართლ-კახეთის ჯართან ერთად ახალციხისაკენ გაილაშქრა. 19 აპრილს აწყურთან მიატოვა ერეკლე II, თბილისისაკენ გაემართა და ქართლ-კახეთის ხელში ჩაგდება და რუსეთისათვის გადაცემა მოინდომა. ასპინძის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვებამ ეს გეგმა ჩაშალა. შემდეგ ტოტლებენი იმერეთში გადავიდა და თურქთაგან შორაპნის, ცუცხვათის, ბაღდათისა და ქუთაისის ციხეების განთავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა, ამის შემდეგ მოუმზადებლად შეუტია ფოთს და დამარცხდა.

საქართველოში ყოფნისას ტოტლებენი თავისი თვითნებური ქმედებებით უპირისპირდებოდა ქართველ მმართველებს, რის გამოც რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა 1771 წლის იანვარში იგი გენერალ სუხოტინით შეეცვალა. პეტერბურგში დაბრუნებულ ტოტლებენს ჩამორთმეული ორდენი დაუბრუნეს, დივიზია ჩააბარეს და ვარშავაში გაგზავნეს, სადაც მალე გარდაიცვალა.