ელენე
ელენე | |
---|---|
ფაილი:Helene Paris Louvre K6.jpg, Francesco Primaticcio 003.jpg | |
მითოლოგია: | ბერძნული მითოლოგია |
სქესი: | მდედრობითი |
მამა: | ზევსი[1] [2] |
დედა: | ლედა[1] [2] |
და-ძმა: | Castor, Pollux და კლიტემნესტრა |
მეუღლე: | თესევსი, მენელაე[1] [3] , პარისი, Deiphobus[4] და აქილევსი |
შვილები: | იფიგენია, ჰერმიონე[5] [6] , Pleisthenes, Morraphius, Aethiolas[7] , Corythus, Thronius, Nicostratus, Idaeus, Bunicus, Aganus, Helena და ევფორიონი |
გამოსახულებები |
ელენე (ძვ. ბერძნ. Ἑλένη) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში უმშვენიერესი მიწიერ ქალთა შორის, ზევსისა და ლედას ასული, დიოსკურებისა და კლიტემნესტრას და.
ელენეს დაბადების ამბავს სხვადასხვაგვარად გადმოგვცემენ მითოგრაფოსები. მის დედად ზოგჯერ ნემესისს, შურისძიების ქალღმერთს, ასახელებენ. უფრო გავრცელებული ვერსიის თანახმად კი იგი ლედას ასულია, რომელსაც მდინარე ევროტასის სანაპიროზე თანაეყო გედად გარდასახული ზევსი. ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ლედამ დაბადა კვერცხი, საიდანაც გამოიჩეკა ელენე. ამავე გადმოცემით, მოგვიანებით ლედა ქალღმერთად აღიარეს და უწოდეს ნემესისი.
მალე ელენემ შორს გაითქვა სახელი თავისი მშვენიერებით. იგი, ჯერ კიდევ ნორჩი, მოიტაცეს თესევსმა და პირითოოსმა და გადამალეს ატიკაში. მას თესევსის დედა უვლიდა. დიოსკურებმა მიაგნეს დის კვალს და იგი შინ დააბრუნეს. მის ხელს მრავალი ეძიებდა, მათ შორის იყო ოდისევსიც. ელენე ცოლად გაჰყვა მენელაოსს და გაუჩინა ქალიშვილი, სახელად ჰერმიონე. სამი ქალღმერთის (ჰერას, ათენას და აფროდიტეს) ცნობილი დავის შემდეგ ელენემ აფროდიტეს შთაგონებით ტროას მეფისწული პარისი შეიყვარა. მან მიატოვა თავისი ქმარ-შვილი, სამეფო სასახლე და ზღვით მოსულ სტუმარს გაჰყვა ტროაში. მენელაოსმა შეკრიბა დიდძალი ლაშქარი და მშვენიერი მეუღლის დასაბრუნებლად გაემართა.
ასე დაიწყო საქვეყნოდ ცნობილი ტროის ომი, რომელმაც მრავალი სახელოვანი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა. პარისის დაღუპვის შემდეგ ელენე ცოლად გაჰყვა მის ძმას, დეიფობოსს, რომელიც ტროას დამხობისთანავე მენელაოსს მოაკვლევინა და მასთან ერთად დაბრუნდა მშობლიურ სპარტაში.
მითოსის სხვა ვერსიით, პარისმა ტროაში მხოლოდ ელენეს აჩრდილი წაიყვანა, რომელიც ჰერამ (ან ზევსმა) შექმნა. ნამდვილი ელენე კი ჰერმესმა ეგვიპტეში გადამალა. ტროადან მომავალმა მენელაოსმა იპოვნა თავისი მშვენიერი მეუღლე და დააბრუნა სპარტაში. მენელაოსის გარდაცვალების შემდეგ სპარტადან გაძევებულმა ელენემ კუნძულ როდოსს შეაფარა თავი, სადაც მოკლეს კიდეც. აქ იგი ხედ გარდაისახა და დენდრიტისი ეწოდა. როდოსზე არსებობდა ელენე-დენდრიტისის კულტი.
სხვა გადმოცემით, ღვთაებებმა ელენე მკვდრეთით აღადგინეს და აქილევსს გააყოლეს ცოლად. ისინი კუნძულ ლევკეზე დასახლდნენ. ელენეს კულტი დადასტურებულია ლაკონიაშიც, სადაც იგი უკავშირდებოდა მომაკვდავ და კვლავ გაცოცხლებად ბუნებას. მისი ძმების, დიოსკურების მსგავსად, ელენესაც მეზღვაურთა მფარველ ღვთაებად მიიჩნევდნენ ბერძნები.
ელენეს მითოსზე მრავალი დიდებული ნაწარმოები შეიქმნა. მათ შორის აღსანიშნავია ჰომეროსის, სოფოკლესა და ევრიპიდეს უკვდავი ქმნილებები, გოეთეს „ფაუსტი“ და სხვა მრავალი. ეს მითი აისახა სხვადასხვა დროის მხატვართა (ძევქსისი, პოლიგნოტოსი, რაფაელი, კლოდ ლორენი) ტილოებზეც და კომპოზიტორთა (გლუკი, სენ-სანსი, შტრაუსი, ოფენბახი) ნაწარმოებებშიც.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lindsay, Jack (1974). Helen of Troy: Woman and Goddess. London: Rowman and Littlefield.
- Blondell, Ruby (2015). Helen of Troy: Beauty, Myth, Devastation. Oxford, England: Oxford University Press.
რესურსები ინტერნენტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ელენე“ ვიკისაწყობში.
- ბიბლიოვიკი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა
- An analysis of the legend including historical evidence of worship as a goddess
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Любкер Ф. Helena // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 597.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Augias C. I segreti di Roma: Storie, luoghi e personaggi di una capitale — 2007. — P. 3. — 424 გვრ. — ISBN 978-88-04-56641-0
- ↑ 3.0 3.1 Любкер Ф. Menelaus // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 855–856.
- ↑ 4.0 4.1 (not translated to grc) Little Iliad
- ↑ 5.0 5.1 Гермиона // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1893. — Т. VIIIа. — С. 539.
- ↑ 6.0 6.1 Любкер Ф. Hermione // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 617.
- ↑ 7.0 7.1 Knaack G. Aithiolas // Kategorie:RE:Band I,1 — 1893.