შინაარსზე გადასვლა

ქალთა უფლებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანი კენი და ქრისტაბელ პანხურსტი ქალთა საარჩევნო უფლებების კამპანიის დროს

ტერმინი ქალთა უფლებები დაკავშირებულია ყველა ასაკის ქალთა და გოგონათა უფლებებთან და თავისუფლებებთან. ქალის უფლებების ცალკე გამოყოფა ნაკარნახევი იყო ქალისადმი ისტორიულად ჩამოყალიბებული სტერეოტიპული დამოკიდებულებით, გენდერული ასიმეტრიისა და გენდერული უთანასწორობის დაძლევის სურვილით. ქალთა უფლებები ითვალისწინებს ქალის რეპროდუქციულ, პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური გადაწყვეტილებების მიმღებ სტრუქტურებში მონაწილეობის, განათლების, დასაქმების, სუფთა გარემოს, სამშვიდობო პროცესში ჩართვის უფლებებს.

საერთაშორისო სამართალში მიღებულია რამდენიმე საერთაშორისო აქტი, რომლებიც განსაზღვრავენ ქალთა სტატუსს. ქალთა უფლებების დასკვნასთან დაკავშირებით ფუნდამენტური პრინციპია ქალთა დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი, რომელიც განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა თითქმის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებით. სხვა საერთაშორისოსამართლებრივ აქტებთან ერთად ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრინციპი გათვალისწინებულია: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში (1948 წ.), საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (1966 წ.), საერთაშორისო პაქტში ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (1966 წ.), აგრეთვე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციაში შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ (1958 წ.), იუნესკოს კონვენციაში განათლების სფეროში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (1960 წ.), კონვენციაში მამაკაცთა და ქალთა მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულებისათვის თანაბარი ანაზღაურების შესახებ (1951 წ.).

ქალთა სტატუსს აწესრიგებს ისეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებებიც, როგორებიცაა: კონვენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ (1952 წ.) და კონვენცია გათხოვილ ქალთა მოქალაქეობის შესახებ (1957 წ.). განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 1979 წლის 19 ნოემბრის კონვენციას ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ: იგი ითვალისწინებს ქალთა ფუნდამენტურ უფლებებს და ქმნის სახელმწიფოს მიერ ამ უფლებათა შესრულების ზედამხედველობის მექანიზმს. გაეროს ფარგლებში მოქმედებს კომისია ქალთა მდგომარეობის შესახებ, რომელიც გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს დამხმარე ორგანოა.

  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, თბ., 2005, ISBN 99940-0-877-3

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: