შინაარსზე გადასვლა

ღირებულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღირებულება — სასურველის ექსპლიციტური ან იმლიციტური კონცეფცია, რომელიც ახასიათებს ინდივიდებს ან ჯგუფებს და განსაზღვრავს ადამიანის ქცევის ტიპს, მიზნებს და მათი მიღწევის საშუალებებს. ღირებულების გააჩნია შესაბამისი ქცევის აღძვრისა და ქცევის რეგულირების ფუნქცია.

ღირებულების ძირითადი მახასიათებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდივიდს თუ საზოგადოებას არაერთი ღირებულება გააჩნია. ამ ღირებულებათა ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს მათი მთლიანობითი ხასიათი. ღირებულებები სტრუქტურულ კავშირში არიან ერთმანეთთან და ქმნიან ერთ მთლიან სისტემას მათი შეფარდებითი მნიშვნელობის მიხედვით. ღირებულებათა ამ სისტემას ახასიათებს სტაბილურობა, რაც საშუალებას იძლევა ამ ღირებულებათა მატარებელი ინდივიდის თუ საზოგადოების ქცევა პროგნოზირებადი იყოს. ამასთან ღირებულებები აბსოლუტური სტაბილურობით არ ხასიათდებიან. შესაძლოა მათი შეცვლა ნელ-ნელა ან მოულოდნელად და სწრაფად განხორციელდეს. ეს ცვლილება ღირებულებითი ორიენტაციის შესაბამისად ხდება.

ღირებულებათა სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირებულებები ჯგუფდება მათი შინაარსის მიხედვით. შპრანგერი გამოყოფს ღირებულების ექვს სახეს: ჭეშმარიტების, სილამაზის, აუცილებლობის, ძალაუფლების, სიყვარულისა და რელიგიის. მათი ფლობის მიხედვით შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ინდივიდი ისე საზოგადოება.

შ. შვარცი ღირებულებას განიხილავს, როგორც ქცევის წარმმართველ ტრანსსიტუაციურ მიზანს და გამოყოფს ათ მოტივაციურ ტიპს;

მოტივაციური ტიპი მოტივაციური მიზანი
თვითორიენტაცია მოქმედების აზროვნების თავისუფლება, რაც განპირობებულია ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილებით.
სტიმულაცია სიახლე და კონკურენტულობა ცხოვრებაში.
ჰედონიზმი სიამოვნების მიღება, სიცოცხლით ტკბობა.
მიღწევა პირადი წარმატების მიღწევა არსებული კულტურის ფარგლებში და აღიარების მოპოვება.
ძალაუფლება სოცალური სტატუსის, ლიდერობის მოპოვება და სხვებზე დომინირება.
უსაფრთხოება საზოგადოების, ოჯახის და თავად ინდივიდის სტაბილურობა, უსაფრთხოება.სამყაროს განუსაზღვრელობის შესამცირებლად.
კონფორმულობა იმ მოქმედების და განზრახვის შეზღუდვა, რასაც სხვისთვის ზიანის მოტანა შეუძლია.
ტრადიციულობა მოტივაციური მიზანია წეს-ჩვეულებათა პატივისცემა.გარკვეულ კულტურასა თუ რელიგიაში აღიარებული იდეების შეწყნარება და პატივისცემა.
კეთილგანწყობა გარემომცველ ადამიანთა კეთილდღეობის შენარჩუნება და გაძლიერება
უნივერსალიზმი გაგება, შემწყნარებლობა, მადლიერება, ბუნებისა და ყველა ადამიანის კეთილგანწყობის შენარჩუნება.

შვარცმა ეს ტიპები დააჯგუფა იმ ინტერესების მიხედვით, რომელსაც ისინი ემსახურებიან და გამოყო ინდივიდუალურ ინტერესებზე ორიენტირებულ ღირებულებათა ჯგუფი (თვითორიენტაცია, სტიმულაცია, ჰედონიზმი, მიღწევა, ძალაუფლება), კოლექტიურ ინტერესებზე ორიენტირებული (კეთილგანწყობა, ტრადიციულობა, კონფორმულობა) და შერეულ ინტერესებზე ორიენტირებული ჯგუფი (უნივერსალიზმი, უსაფრთხოება).

ღირებულებითი ორიენტაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლეჰარტმა დასავლეთის ინდუსტრიულ საზოგადოებებზე დაკვირვების საფუძველზე გამოთქვა აზრი, რომ მათი ღირებულებები თანდათან იცვლებოდა მატერიალურიდან პოსტმატერიალურის მიმართულებით. ის განიხილავს თორმეტ ღირებულებას, ამათგან პირველი ექვსი მატერიალურ ღირებულებას ხოლო ბოლო ექვსი კი პოსტმატერიალურ ღირებულებას წარმოადგენს. მატერიალურ ღირებულებებში გამოყოფს დაცულობის მოთხოვნილებას, რომელშიც ერთიანდება: 1. ქვეყნის თავდაცვითი რესურსების გაძლიერება, 2. ქვეყანაში წესრიგის დაცვა, 3. დანაშაულთან ბრძოლა და მატერიალური უზრუნველყოფის მოთხოვნილებას. აქაც სამი ღირებულება შედის: 4. ეკონომიკური ზრდა. 5. ფასების მატებასთან ბრძოლა, 6. ეკონომიკური სტაბილურობა. პოსტმატერიალურ ღირებულებებში გამოყოფს ადამიანის უფლებების განმტკიცების ღირებულებას ერთიანდება; 7. ადამიანის ხმის უფლების გაძლიერება სამუშაო და საცხოვრებელ ადგილზე, 8. ხმის უფლების გაძლიერება ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, 9. ცალკეული ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი და ნაკლებად ფორმალური საზოგადოების განვითარება და იტელექტუალური და ესთეტიკური მოთხოვნილებები მოიცავს; 10. ქალაქებისა და სოფლების კეთილმოწყობა,გალამაზება, 11. აზრთა გაცვლის თავისუფლების დაცვა, 12. საზოგადოება სადაც იდეებს მეტი მნიშვნელობა ენიჭება ვიდრე ფულს. ინგლეჰარტის მიხედვით საზოგადოების განვითარება სწორედ პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების და შესაბამისად მატერეიალურ ღირებულებათა განხორციელების შემდეგ მიიჩნევს შესაძლებლად პოსტმატერიალური ღირებულებების აღმოცენებას და თავის შეხედულებას აკავშირებს აბრაჰამ მასლოუს თეორიასთან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]