ციკლონი
ციკლონი (< ძვ. ბერძნ. κυκλῶν — „მბრუნავი“) — დაბალი ატმოსფერული წნევის არე, რომლის ცენტრში წნევა მინიმალურია, პერიფერიისაკენ — მაღალი. დამახასიათებელია ატმოსფერული აღრევა — ჰაერის გრიგალური ბრუნვა. კარგად განვითარებული ციკლონის ცენტრში ზღვის დონეზე წნევა ეცემა 950-960 მბარ-მდე, ზოგჯერ 920-930 მბარ-მდე (მაშინ, როდესაც ზღვის დონეზე საშუალო წნევა დაახლოებით 1012 მბარ-ია). ატმოსფერული წნევის განაწილების რუკაზე ციკლონი გამოსახება ოვალური ფორმის დახშული იზობარებით, რომლებითაც შემოსაზღვრულია დაბალი წნევის არე (ბარიული დეპრესია).
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ციკლონში ქარი ქრის საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით და ცენტრისაკენ, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში — საათის ისრის მიმართულებით. ქარი ციკლონის ცენტრში უფრო ძლიერია, ვიდრე პერიფერიაზე; ზოგჯერ ქარის სიჩქარე 20 მ/წმ და 30 მ/წმ-ზე მეტსაც აღწევს.
ციკლონისთვის დამახასიათებელია ჰაერის აღმავალი დინება, რაც ხელს უწყობს ღრუბლების გაჩენას და უხვი ნალექების მოსვლას. ციკლონები საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავენ (რამდენიმე ასეული კმ²-იდან 2-3 ათ. კმ²-მდე). გავრცელების მიხედვით განარჩევენ: ტროპიკებსგარე (ზომიერი და მაღალი განედების) ციკლონს; ტროპიკულ ციკლონს.
ტროპიკებსგარე ციკლონი ვითარდება ატმოსფერული ფრონტების ზონაში. ჰაერის გრიგალური მოძრაობის გამო ციკლონის არეში დედამიწის სხვადასხვა განედიდან შეიწოვება სხვადასხვა ტემპერატურის მქონე ჰაერის მასები, რაც იწვევს ციკლონის ტემპერატურულ ასიმეტრიას.
ციკლონი მოძრაობს ტროპოსფეროში ჰაერის მასების გადაადგილების მიმართულებით, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, საშუალოდ 30-45 კმ/სთ სიჩქარით (საწყის სტადიაში სიჩქარე ზოგჯერ 100 კმ/სთ აღწევს; ბოლო სტადიაში დიდხანს შეუძლია ერთ ადგილზე გაჩერება). ციკლონის გადანაცვლება ამა თუ იმ რაიონში იწვევს ამინდის მკვეთრ შეცვლას. არის აგრეთვე სუსტი (წაშლილი) ციკლონები, რომლებიც ვითარდება ხმელეთის ზედაპირის თბილ უბანზე (უდაბნო, შიგა ზღვა).
ტროპიკული ციკლონების ჩასახვა და განვითარება ხდება 5-20° განედებზე, ეკვატორის ორივე მხარეს. ტროპიკებსგარე ციკლონებთან შედარებით ისინი მცირე ზომის არიან (დიამეტრი 100-300 კმ), წნევა ცენტრში 950, ზოგჯერ კი 900 მბარ-მდეც ეცემა; მაღალი ბარიული გრადიენტის გამო ქარის სიჩქარე ბევრად მეტია (70 მ/წმ და მეტი). ტროპიკული ციკლონების განვითარება აიხსნება თბილი და ნოტიო ჰაერის ინტენსიური აღმავალი დინებით, რასაც მოსდევს წყლის ორთქლის კონდენსაცია და უხვი ნალექები (თავსხმა, ჭექა-ქუხილი).
ტროპიკული ციკლონი ვითარდება ძლიერ გამთბარი ოკეანის არეში, კონვერგენციის შიდატროპიკულ ზონაში. მოძრაობს აღმოსავლეთიდან დასავლეთით (ტროპიკებში ჰაერის გადაადგილების მიმართულებით) 10-20 კმ/სთ სიჩქარით. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადაიხრება ჩრდილო-დასავლეთით, სამხრეთ ნახევარსფეროში — სამხრეთ-დასავლეთით. ხმელეთზე გადასვლის შემდეგ მალე ქრება. არსებობის ხანგრძლივობა რამდენიმე დღ-ღ-იდან 2-3 კვრ-მდეა. ზოგი მათგანი ტროპიკებსაც სცდება, აღმოსავლეთისაკენ იქცევს პირს და თავისი თვისებებით ტროპიკებსგარე ციკლონს უახლოვდება.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ციკლონი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ციკლონი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯავახიშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 214.
- Пальмен Э., Ньютон Ч., Циркуляционные системы атмосферы, пер. с англ., Л., 1973;
- Петерсен С., Анализ и прогноз погоды, пер. с англ., Л., 1961;
- Хромов С. П., Основы синоптической метеорологии, Л., 1948;
- Погосян Х. П., Циклоны, Л., 1976.