ალფრედ ფონ შლიფენი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
გრაფი ალფრედ ფონ შლიფენი (გერმ. Alfred Graf von Schlieffen; დ. 28 თებერვალი, 1833, ბერლინი — გ. 4 იანვარი, 1913, ბერლინი) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, გერმანიის იმპერიის გენერალ-ფელდმარშალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შლიფენი დაიბადა პრუსიელი გენერალ-მაიორის ოჯახში და სამხედრო განათლების მიღების შემდეგ 1854 წელს სამსახური დაიწყო პრუსიის არმიაში. 1863 წელს გადაიყვანეს გენერალურ შტაბში. 1866 წელს კაპიტნის წოდებით მან მონაწილეობა მიიღო კიონიგგრეცის ბრძოლაში. გერმანია-საფრანგეთის 1870–1871 წლების ომში იგი მაიორის წოდებით მსახურობდა მეკლენბურგის გროსჰერცოგის შტაბში.
1876–1884 წლებში შლიფენი გვარდიულ ულანთა პოლკის მეთაური და დიდი გენერალური შტაბის წევრი იყო. 1884 წელს იგი გადაიყვანეს დიდი გენშტაბის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, ხოლო 1888 წელს იგი ობერქუარტერმაისტერი და გენშტაბის შეფის ალფრედ ფონ ვალდერზეეს მოადგილე გახდა. 1891 წელს შლიფენი გენშტაბის შეფი გახდა და 1903 წელს მიიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
1905 წელს მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა ე.წ. „შლიფენის გეგმა“. შლიფენის გეგმის მიხედვით გერმანიას თავიდან უნდა აეცილებინა ორ ფრონტზე, საფრანგეთისა და რუსეთის წინააღმდეგ თანადროული ბრძოლა. გეგმა მიზნად ისახავდა „ბლიცკრიგს“ საფრანგეთის წინააღმდეგ და ომის მოგებას მანამ, ვიდრე რუსეთი არმიის მობილიზირებას და გერმანიის საზღვრებთან გადასროლას მოასწრებდა. რკინიგზის საშუალებით გერმანიის ჯარი სრწაფად უნდა გადაესხათ აღმოსავლეთში და ასევე მალე უნდა დაემარცხებინათ რუსეთის არმია.
პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო რეალობაში შლიფენის გეგმა აუსრულებელი დარჩა. გერმანიის ჯარებმა დასავლეთ ფრონტზე ვერ განავითარეს სწრაფი შეტევა, ვერ გაარღვიეს მარნის თავდაცვითი ხაზი და მობილური ომიდან პოზიციურ ომზე გადავიდნენ.
გაცილებით მძიმე იყო პოლიტიკური შედეგები, რომელიც შლიფენის გეგმას მოჰყვა. გერმანიის მიერ ნეიტრალური ბელგიის ტერიტორიის გამოყენებამ საფრანგეთზე თავდასასხმელად ომში ჩართო ინგლისი.
თვითონ შლიფენი თავისი სტრატეგიის მარცხს ვერ მოესწრო. იგი ჯერ კიდევ 1906 წელს გაუშვეს პენსიაზე, 1911 წელს გაწეული ღვაწლის გამო გენერალ-ფელდმარშლის სამხედრო წოდება მიენიჭა და 1913 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა ბერლინში. კაიზერმა ვილჰელმ II-მ მისი საფლავი ყვავილების გვირგვინით შეამკო.
შლიფენი ბრწყინვალე სამხედრო თეორეტიკოსი იყო, თუმცა მისი სისუსტე იმაში მდგომარეობდა, რომ ომის წარმოების პოლიტიკურ ასპექტებს ნაკლებ ყურადღებას უთმობდა, რაც პრუსიული სახელმწიფო წყობის სამხედრო ტრადიციებით იყო განპირობებული.