ჰელმუტ მოლტკე
ჰელმუტ კარლ ბერნჰარდ გრაფ ფონ მოლტკე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 26 ოქტომბერი, 1800 |
დაბადების ადგილი | პარხიმი, საღვთო რომის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 24 აპრილი, 1891 |
გარდაცვალების ადგილი | ბერლინი, გერმანიის იმპერია |
კუთვნილება |
დანიის სამეფო პრუსიის სამეფო გერმანიის იმპერია |
ჯარის სახეობა | Prussian Army |
წოდება |
გენერალი გენერალ-ფელდმარშალი |
ბრძოლები/ომები |
პრუსია-დანიის ომი შლეზვინგის ომი ავსტრო-პრუსო-იტალიური ომი საფრანგეთ-პრუსიის ომი |
ჯილდოები | წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, შავი არწივის ორდენი, ბერლინის საპატიო მოქალაქე, მუინხენის საპატიო მოქალაქე, Grand Cross of the Imperial Order of Leopold, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, თეთრი არწივის ორდენი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი, Order of St. George, 2nd class, Knight Grand Cross of the Military Order of Savoy და Order of Saint Stephen of Hungary |
ჰელმუტ ფონ მოლტკე (გერმ.Helmuth Karl Bernhard von Moltke; დ. 26 ოქტომბერი, 1800, პარხიმი, საღვთო რომის იმპერია ― გ. 24 აპრილი, 1891, ბერლინი, გერმანიის იმპერია) ― გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, პრუსიის სამეფოს, დანია-ნორვეგიისა და გერმანიის იმპერიის გენერალ-ფელდმარშალი. პრუსიის არმიის მთავარსარდალი 1857-1888 წლებში. პირადად მეთაურობდა გერმანიის არმიას საფრანგეთ-პრუსიის ომში, ავსტრო-პრუსო-იტალიურ ომსა და პრუსია-დანიის ომში. სამივე ბრძოლა გერმანიის სახელოვანი გამარჯვებით დასრულდა. მისი ძმისშვილი, ჰელმუტ მოლტკე უმცროსი მეთაურობდა გერმანელთა ჯარებს პირველ მსოფლიო ომში. ჰელმუტ მოლტკე არმიაში ღრმა სიბერემდე, 1888 წლამდე მსახურობდა. სამხედრო საქმიანობასთან ერთად მოლტკე გატაცებული იყო ლიტერატურითა და პოეზიით. თავად გამოქვეყნებული აქვს უამრავი ნაშრომი, მათ შორის აღსანიშნავია მისი დღიურები თითოეული ლაშქრობის შემდეგ. 1891 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ქ. ბერლინში.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰელმუტ ფონ მოლტკე დაიბადა 1800 წლის 26 ოქტომბერს, ქ. პარხიმში, ჯერ კიდევ საღვთო რომის იმპერიაში. მამამისი, ფილიფ ფონ მოლტკე იყო გენერალ-ლეიტენანტი. ჰელმუტმა მთელი ბავშვობა დანიაში გაატარა. აღიზარდა კოპენჰაგენში. მისი ყურადღება სამხედრო ხელოვნებამ ადრეულ ასაკშივე მიიიპყრო. 1819 წელს, 19 წლის ასაკში დაიკავა დანიის მე-3 ბატალიონის უმცროსი ლეიტენანტის თანამდებობა. 1821 წელს დაბრუნდა გერმანიაში და სწავლა დაიწყო ფრანკფურტის სამხედრო უნივერსიტეტში. 1826 წელს, სასწავლების დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა პრუსიის არმიაში. პირველი წლები ის მსახურობდა დანიის საზღვარზე, გარკვეული ხნის შემდეგ დაწინაურდა და დაინიშნა ეროვნული გვარდიის მე-8 ბატალიონის უმცროს ლეიტენანტად.
მოღვაწეობა ოსმალეთში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1830 წელს მოლტკე პრუსიის მეფემ, ფრიდრიხ ვილჰელმ III-მ გაგზავნა ბალკანეთის ქვეყნებში. უნგრეთში, სერბეთსა და ვალახიაში მსახურობის შემდეგ, 1835 წელს მოხვდა სტამბოლში. მოლტკე იქ გაჩერებას მცირე ხნით გეგმავდა, მაგრამ ოსმალეთის სულთანმა, მაჰმუდ II-მ სთხოვა დახმარება თურქეთის არმიის მოდერნიზაციაში. ჰელმუტს ამის დამადასტურებელი ბრძანება მოუვიდა ბერლინიდან. მოლტკე სულთანს დაეხმარა, სტამბოლში 2 წელი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში იმოგზაურა რუმელიასა და ბულგარეთში. მან შეისწავლა თურქული ენა და კარგად გაიცნო აზიური კულტურა. მოლტკემ თავის დღიურებში კარგად აღწერა ოსმალეთში გატარებული პერიოდი, ასევე დაზუსტებით შეადგინა სტამბოლის რუკა.
1838 წელს მოლტკე გაგზავნეს ანატოლიაში, ეგვიპტის ხედივის, მუჰამედ ალის აჯანყების ჩასახშობად. ეგვიპტეში მდგომარეობის გამძაფრების შემდეგ, ოსმალეთმა დესანტი გადაასხა ახლო აღმოსავლეთში. პრუსია დაეხმარა მათ და 10,000-მდე ჯარისკაცი, სწორედ მოლტკეს სარდლობით მალევე მიადგა არაბულ ერაყს. 1839 წელს გაიმართა ნეჯიბის ბრძოლა, რომლის დროსაც მოლტკე ოსმალთა რაზმის მეთაურს, ჰაფიზ ოსმან-ფაშას მრჩეველი იყო. ბრძოლაში თურქულ-პრუსიული კოალიცია სასტიკად დამარცხდა, რის შემდეგაც ეგვიპტის სახედივო ოსმალეთს თითქმის გამოეყო.
1839 წლის დეკემბერში, ჰელმუტ მოლტკე დაბრუნდა ბერლინში. იმავე წელს დანიშნეს პრუსიის მე-4 ბატალიონის გენერლად. მალევე გამოსცა ნაშრომი, რომელშიც კარგადაა გადმოცემული მისი ადრეული ცხოვრების შესახებ ცნობები. ჰელმუტი იკვლევდა წარსულში მომხდარი ომების ისტორიებს. თურქეთში ყოფნისას მოპოვებულ ცნობებებზე დაყრდნობით, 1845 წელს გამოსცა „რუსეთ-თურქეთის კამპანია ევროპაში“, რომელიც რუსეთ-ოსმალეთის ომების შესახებ დიდ ინფორმაციას იძლევა.
პრუსიის გენერალ-ფელდმარშალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1857 წელს ჰელმუტ მოლტკე დაინიშნა პრუსიის გენერალური შტაბის მდივნად და არმიის გენერალ-ფელდმარშლად. ეს თანამდებობა მან 31 წლის მანძილზე შეინარჩუნა. (გერმანიის იმპერიის დაარსების შემდეგ ტიტულის სახელი შეიცვალა „დიდი გენერალ-შტაბით“. თანამდებობის დაკავების შემდეგ მოლტკემ აქტიურად დაიწყო პრუსიელთა არმიის მოდერნიზაცია. მან ალბრეხტ ფონ როონის დახმარებით ჩამოაყალიბა ომის ახალი თეორია, რომლის წყალობითაც გერმანიამ XIX საუკუნის მეორე ნახევარში თითქმის ყველა ომი მოიგო. მოლტკემ არმიაში დანერგა მრავალი ტაქტიკური და სტრატეგიული მეთოდი, რომელთა მიხედვითაც უმთავრესი ჯარისკაცების მობილიზაცია და მათ შორის კომუნიკაცია იყო. [1]
1859 წელს მიმდინარე ავსტრია-იტალია-საფრანგეთის ომში პრუსიის ნაწილობრივ არჩარევა მოლტკეს დიდი დამსახურება იყო. ის თვლიდა, რომ ისეთ ომში მონაწილეობა, რომელშიც გაურკვეველია, ვინაა მოკავშირე და ვინ მტერი, ძალიან სარისკო და სახიფათოა. მიუეხედავად ამისა, მან მის მიერ დანერგილი საბრძოლო მეთოდებითა და ვარჯიშებით კარგად მოამზადა გერმანელები ევროპაში დომინირებისთვის გამართულ ომებში ჩასაბმელად. ამავე პერიოდში მოლტკემ დაწერა „იტალიური კამპანია“, რომელიც ამ ომს დეტალურად განიხილავს.
ომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დანია-პრუსიის ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1864 წელს პრუსიამ დაიწყო პრუსია-დანიის ომი შლეზვინგისა და ოლშტეინის დასაპყრობად. გერმანელებს ასევე ეხმარებოდა ავსტრიის იმპერია, დანია კი მოკავშირის გარეშე იყო. ახალი პრემიერ-მინისტრის, ოტო ფონ ბისმარკის განკარგულებით, მოლტკეს არმიის მომზადება და დანიაში შეჭრა დაევალა. დესანტის გადასხმის შემდეგ, მოლტკეს მთავრობამ ბერლინში დარჩენა უბრძანა. ის ასეც მოიქცა და მხოლოდ გაგზავნილი წერილების მეშვეობით აძლევდა მითითებებს მის ჯარისკაცებს.
დანიელების მიერ ალსისა და ფიუნენის აღების შემდეგ, პრუსიის მდგომარეობა გართულდა. მოლტკემ ითხოვა მისი დანიაში გაგზავნა. ბისმარკმა ჰელმუტს 25,000 მეომართან ერთად პირდაპირ შლეზვინგში შეჭრა დაავალა, მაგრამ მოლტკემ კურსი შეცვალა და 2 თვის შემდეგ, დანიელების მიერ ყველაზე მეტად დაცული, ალსის ციხე აიღო. ალსის აღება გერმანელებმა „ელვისებური“ სისწრაფით შეძლეს. ამ წარმატებამ ომის ბედი გადაწყვიტა. პრუსიელებმა წარმატებით გააგრძელეს ბრძოლა და მალე შლეზვინგი დაიკავეს. საბოლოოდ მოლტკეს დიდი დამსახურებით, დანიის მეფემ ხელი მოაწერა არასახარბიელო ზავს, რომლის მიხედვითაც შლეზვინგი და ოლშტეინი შევიდა პრუსიის სამეფოს შემადგენლობაში. ეს გამარჯვება ჰელმუტ მოლტკეს ერთ-ერთი უდიდესი წარმატება გახდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- История германо-французской войны 1870—1871 гг. Пер. с нем. М., 1937.
- В сборнике Стратегия в трудах военных классиков. Т.II. — М.: Госвоениздат, 1926.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Helmuth von Moltke at Encyclopædia Britannica
- Leaders & Battles Database: Count Helmuth Karl von Moltke დაარქივებული 2007-11-13 საიტზე Wayback Machine. by Kimberly J. Largent
- Moltke, Helmuth Karl Bernhard Graf Von (1800-91)
- Quotations from Helmuth von Moltke
- Papers of Helmuth von Moltke 1800-1891
- The Franco-German War of 1870-71 by Helmuth von Moltke at archive.org
- Moltke's tactical problems from 1858-1882 by Helmuth von Moltke at archive.org
- Врознь идти и вместе драться
- О глубине походных колонн
- О фланговых позициях
- Замечания о сосредоточении в войну 1866 г
- О стратегии
- Речь Мольтке в заседании рейхстага 14 мая 1890 г. при обсуждении проекта усиления мирного состава германской армии