ერიხ ფონ მანშტაინი
ფრიც-ერიხ ფონ ლევინსკი (გერმ. Fritz-Erich von Lewinski) ცნობილია როგორც ერიხ ფონ მანშტაინი (გერმ. Erich von Manstein; დ. 24 ნოემბერი, 1887, ბერლინი — გ. 10 ივნისი, 1973, ირშენჰაუზენი, ბავარია) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, „ვერმახტის“ გენერალ-ფელდმარშალი და არმიათა ჯგუფის მთავარსარდალი მეორე მსოფლიო ომის დროს.
დაიბადა მდიდარი სამხედრო ტრადიციების მქონე პრუსიულ ოჯახში. იგი ადრეულ ასაკშივე ჩაირიცხა არმიაში და მონაწილეობა მიიღო პირველ მსოფლიო ომში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთის ფრონტზე. ომის ბოლომდე კაპიტნის რანგს მიაღწია, ხოლო მსოფლიო ომებს შორის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა ახალი გერმანული არმიის ჩამოყალიბებაში. 1939 წელს, პოლონეთში შეჭრის დროს იყო გერდ ფონ რუნდშტეტის არმიათა ჯგუფ სამხრეთის შტაბის უფროსი. 1940 წელს საფრანგეთის წინააღმდეგ კამპანიისთვის ჰიტლერმა სწორედ მანშტაინის გეგმა გაითვალისწინა. გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ გერმანიის შეტევა საფრანგეთის წინააღმდეგ ჩრდილოეთიდან, ბელგიის გავლით წარუმატებელი იქნებოდა, მანშტაინმა შეიმუშავა ალტერნატიული გეგმა, რომლის მიხედვითაც გერმანულმა ნაწილებმა შეტევა ბელგია-საფრანგეთის საზღვარზე მდებარე არდენის ტყის გავლით განახორციელეს. არდენის ხშირი ტყე თითქმის შეუძლებელს ხდიდა მასირებულ შეტევას რის გამოც საზღვრის აღნიშნული მონაკვეთი უყურადღებოდ იყო დატოვებული მოკავშირეების მიერ. წარმატებული გარღვევის შემდეგ გერმანული ნაწილები ინგლისის არხისკენ გაიჭრნენ რითაც შეძლეს და მთლიანი ბრიტანულ-ფრანგული ძალები, რომლებიც ბელგიასა და ნიდერლანდებში იყვნენ დისლოცირებულნი, მოწყვიტეს დანარჩენ საფრანგეთს.[1] კამპანიის დასრულებისას მანშტაინმა გენერლის წოდება დაიმსახურა და აქტიურად იღებდა მონაწილეობას ოპერაცია ბარბაროსაში. სევასტოპოლის ალყის შემდეგ (1942) მიენიჭა გენერალ-ფელდმარშალის წოდება და მცირე დროით ხელმძღვანელობდა ლენინგრადის ალყას.
1942 წლის ბოლოს, როდესაც აღმოსავლეთის ფრონტზე ვითარება მკვეთრად გაუარესდა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც სტალინგრადის ბრძოლის შედეგად 300 000-მდე ვერმახტის ჯარისკაცი და ოფიცერი ალყაში მოექცა, მანშტეინი კვლავ გამოიძახეს არმიათა ჯგუფ სამხრეთში და დაევალა სტალინგრადის გარშემო შექმნილი ალყის გარღვევა. ოპერაცია „ზამთრის ქარიშხალი“ წარუმატებლად დასრულდა, მაგრამ სტალინგრადთან გამარჯვების შემდგომ წითელმა არმიამ მოსალოდნელ სწრაფ წინსვლას ვერ მიაღწია, მანშტაინმა აქეთ წამოიწყო კონტრშეტევა 1943 წლის თებერვალ-აპრილში და მცირე დანაკარგებით გაანადგურა საბჭოთა სამი არმია, ხოლო კიდევ სამს მძიმე დანაკარგები მიაყენა (ჯამში 80 000 წითელარმიელი). გერმანულმა არმიამ აგრეთვე დაიბრუნა ქალაქები ხარკივი და ბელგოროდი რამაც ფრონტი დროებით, მაგრამ მაინც დაასტაბილურა. კურსკის შეტაკებების დროს, რომელიც იყო უდიდესი სატანკო შეტაკება კაცობრიობის ისტორიაში, სწორედ მანშტაინი მეთაურობდა არმიათა ჯგუფ სამხრეთს, რომელიც მთავარ შეტევას ახორციელებდა. მისი გამუდმებული დაპირისპირება ჰიტლერთან იმის თაობაზე თუ როგორ უნდა ემოქმედათ გერმანულ საბრძოლო შენაერთებს იყო მთავარი მიზეზი მისი გათავისუფლებისა 1944 წლის მარტში.[2] სამხედრო საქმეს მას შემდეგ არ მიბრუნებია და ბრიტანელებმა აიყვანეს ტყვედ 1945 წლის აგვისტოში, ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1887 - 24 ნოემბერი: არტილერიის გენერლის ედუარდ ფონ ლევინკის და მის მეუღლეს ჰელენე ფონ შპერლინგს ბერლინში შეეძინათ ვაჟი, რომელსაც დაარქვეს ფრიც-ერიხი.
- 1896 - ედუარდ ფონ ლევინსკი სამხედრო წვრთნის დროს უბედურ შემთხვევას ემსხვეპლა. პატარ ერიხი გეორგ ფონ მანშტაინმა იშვილა და თავისი, ერთ-ერთი უძველესი პრუსიული არისტოკრატული გვარი მისცა.
- 1900 - მანშტაინი პრუსიულ კადეტთა კორპუსში შევიდა ქ. პლიონში (ჰოლშტაინი).
- 1902 - პლიონიდან იგი გადაყვანილ იქნა ლიხტენფელდეს კადეტთა კორპუსში.
- 1906 - კადეტთა სკოლის დამთავრების შემდეგ ერიხ ფონ მანშტაინი ჩიარიცხა ქვეითთა მე-3 გვარდიულ პოლკში.
- 1907 - მას ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭა.
- 1914-1918 - მანშტაინმა მონაწილეობა მიიღო პირველ მსოფლიო ომში. ომის განმავლობაში მას მიენიჭა ობერლეიტენანტის და ჰაუპტმანის წოდებები.
- 1915-1917 - ომის წლებში ის პარალელურად გადიოდა სწავლებებს „პრუსიის სამხედრო აკადემიაში“.
- 1918 - წლის განმავლობაში მანშტაინს სხვადასხვა არმიების შტაბებში ადიუტანტის პოსტი ეკავა. საბოლოოდ დაინიშნა დასავლეთის ფრონტზე დივიზიონის გენშტაბის პირველ ოფიცრად.
- 1919 - მსოფლიო ომის შემდეგ მანშტაინი „რაიხსვერის“ შემადგენლობაში სევიდა და დაინიშნა „ჰეერის“ საორგანიზაციო კომისიის წევრად.
- 1921-1927 - ამ წლებში მას ეკავა ასმეთაურის და IV ინფანტერიის დივიზიის მეთაურის ადიუტანტის პოსტები დრეზდენში.
- 1927 - მანშტაინს მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.
- 1927-1931 - იგი დაინიშნა გენშტაბის საიდუმლო ოპერაციათა სამმართველოს 1-ლი ჯგუფის ხელმძღვანელად.
- 1932-1933 - ერიხ ფონ მაშტაინი ბატალიონის მეთაურად დაინიშნა და მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
- 1934 - გადაყვანილ იქნა „III სამხედრო ოლქის სამეთაურო შტაბის“ უფროსად ბერლინში.
- 1936 - იგი დაუბრუნდა „ჰეერის“ გენშტაბს. თავდაპირველად ეკავა განყოფილების უფროსის თანამდებობა, შემდეგ იყო ობერკვარტერმაისტერი და ბოლოს დაინიშნა გენშტაბის შეფის ლუდვიგ ბეკის პირველ ადიუტანტად.
- 1936-1937 - სამსახურის პარალელურად ლუდვიგ ბეკის დავალებით და მასთან ერთად მანშტაინი მუშაობდა ოპერატიულ გეგმაზე სამხედრო კონფრონტაციის დროს თუ როგორ უნდა გადანაწილებულიყო არმიის პართვის სადავეები მთავრობასა და გენშტაბს შორის.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რკინის ჯვარი (1914) II და I კლასის.
- ჰოენცოლერნთა სამეფო სახლის ორდენის რაინდის ჯვარი ხმლებით.
- ვიურტემბერგის I კლასის ფრიდრიხის ორდენი ხმლებით.
- ერთგული მსახურობის ჯვარი (შაუმბურგ-ლიპე).
- ჰანზას ჯვარი, ჰამბურგი.
- შავი ფერის დაჭრილის ნიშანი (1918).
- ფრონტზე მებრძოლთა საპატიო ჯვარი.
- ვერმახტის სამსახურის ნიშანი, IV, III, II და I კლასის.
- რკინის ჯვარი (1939) II და I კლასის.
- ოქროს ყირიმის ფარი.
- მიხაი მამაცის სამხედრო ორდენი, III და II კლასის.
- რკინის ჯვრის „რაინდის ჯვარი“ მუხის ფოთოლით და ხმლებით.
- რაინდის ჯვარი, 19 ივლისი 1940
- მუხის ფოთოლი, 14 მარტი 1943
- ხმლები, 30 მარტი 1944
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Lemay 2010, p. 14.
- ↑ Melvin 2010, pp. 432–434.
|